მთავარი,სიახლეები

რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

24.06.2025 •
რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“ 

„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“.

ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან დაპირისპირებული აღმოჩნდა:

2020 წელს თეა წულუკიანი დასავლეთის და კონკრეტულად გერმანიის შესახებ ამას ამბობდა:

„ეს არ მომხდარა საქართველოში დღემდე: ანტიგერმანული, ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია? ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც, როცა დავიბადეთ ახლიდან 90-იან წლებში, მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით ვდგავართ დღეს ჩვენ ფეხზე. კოდექსები რომ გვაქვს, ვინ დაწერა ეს კოდექსები: თედო ნინიძესთან, ჯონი ხეცურიანთან და ლადო ჭანტურიასთან ერთად? გერმანელებმა, თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგვცეს, როცა გვშიოდა და კანონი არ გვქონდა. დღეს ანტიგერმანულ გამონათქვამებს ვისმენთ,“ – ამბობდა თეა წულუკიანი 2020 წელს „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში.

თეა წულუკიანმა 2025 წელს ე.წ. კომისიის სხდომაზე სრულიად განსხვავებულად ალაპარაკდა და თქვა, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი ჰებერტ ქნირში „პირდაპირ და უზრდელად“ დავალებებს აძლევდა საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს. ჰებერტ ქნირში გერმანიის ელჩი იყო საქართველოში 2018-2022 წლებში.

„ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია, მძიმე საუბარი იყო, რომელიც ყველაფერი იყო, დიპლომატიურის გარდა. შევსწრებივარ სხვა საუბრებს, ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ, უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“.

ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე? ან სხვას, რომელიც გარეთ იყო?

იქნება გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით?“ – ჰკითხა თეა წულუკიანმა კომისიაზე დაბარებულ გიორგი ჭოლაძეს, რომელიც 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი იყო, თეა წულუკიანი კი, ამჯერად გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს არკვევს 20 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

კომისიაზე დაბარებული გიორგი ჭოლაძის თქმით, მას არ მოუსმენია და არ დაუნახავს, ელჩს რაიმე სახის მითითება მიეცა გიორგი გახარიასთვის.

„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ე.წ. კომისიის სხდომაზე სცადა „ოცნების“ ბოლოდროინდელი ე.წ. Deep state-ის ვერსია გაეაქტიურებინა. მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან „დავალებების მიცემაზეც“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ, 2020 წელს, იგივე თეა წულუკიანი სწორედ ამერიკელებს და გერმანელებს უხდიდა მადლობას „საქართველოს ხელახლა დაბადებაში“, როცა გვშიოდა და კანონი არ გვქონდა, საკუთარი ჯიბიდან გვეხმარებოდნენო.

„ადამიანს [გიორგი გახარიას], რომელსაც აქვს მაღალი დონის განათლება, ეს უნდა ვუღიაროთ, ასე არ გამოვა, რომელსაც აქვს მაღალი დონის უნარ-ჩვევები, ესეც უნდა ვთქვათ, ნიჭიერი და ასე შემდეგ, ხომ არ იყო ეს სხვა რაღაცის ბრალი? აი, ელჩის ეპიზოდი ძალიან საეჭვოა, ხომ არ იღებდა ის რაღაც ტიპის არასწორ რჩევებს?

გადადგომისას, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოცული, მან აქ თქვა, რომ მე ღამით შევხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსო და რაზე ისაუბრეს, არ გაგვიმხილა, რამდენიმე საათით ადრე კი, ყველას გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოეხსნათ დეპუტატებს ნიკანორ მელიასთვის. ამ დროს თვითონ გადადგა მას შემდეგ, რაც შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

ხომ შეიძლება ასეც ყოფილიყო, რომ ეს ყოფილიყო არა არაკომპეტენტურობა პირდაპირი გაგებით, არამედ არცოდნა ძალოვანი სტრუქტურების – იმ დარგში გამოუცდელობა, პლუს რაღაც ტიპის დავალებები გარედან?“ – იკითხა ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობა განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია აქტიურად ავრცელებს ანტიევროპულ პროპაგანდას, რაც ხშირად დეზინფორმაციას ეფუძნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: