ბათუმი სექტემბრის ბოლოს [ფოტორეპორტაჟი]

ზაფხული დამთავრდა და ზღვაზე შეიძლება სულ რამდენჯერმე მოასწარი წასვლა, რუჯიც ისეთი არ გაქვს როგორიც გინდოდა, მალე ქალაქში აცივდება და ზაფხულის საზღვაო სეზონამდე ერთი ვრცელი წელი იქნება. რა გრძნობაა, როცა წარმოიდგენ, რომ სულ მალე ვერც ზღვაზე იბანავებ და მზეს და სითბოსაც დიდი ხნით გამოემშვიდობები? ალბათ ეს:

პანიკა უადგილოა. სინამდვილეში ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, ოქტომბერი იწყება და შუადღისას მაინც ცხელა ისევ, ამ დროს ზღვაზეც ბანაობენ ან უბრალოდ ტალღებს გასქერიან.

ზღვის ხავერდოვანი პერიოდი ყველაზე სასიამოვნო დროა ბათუმში დასასვენებლად. ყველაფერი ისე როგორც ზაფხულში: ბულვაში ყველა კაფე-ბარი ღიაა, ზღვის სანაპიროსთან ახლოს თუ მოგწყურდება ყველა კუთხეშია ფორთოხლის ფრეშის დახლი, გარეთ ხალხი ისევ შორტებით და მაისურებით სეირნობს – უბრალოდ ეს მოსეირნე ხალხი ცოტაა, ქუჩები განტვირთულია და ფიქრობ, ეს დრო უფრო მოგწონს თუ ზაფხულის გამთანგველი სიცხე?

არ ვიცით შენ რა უფრო მოგწონს, მაგრამ ვეტერანთა კლუბში პენსიონერებს ნამდვილად უყვართ შემოდგომაზე დროის გარეთ გატარება. აქ ნარდს, კარტს, ჭადრაკს თამაშობენ. ახლა სიტუაცია დაძაბულია და თამაშის მონაწილეები ფიქრობენ რა სვლა გააკეთონ მოსაგებად.

ზოგი სულ არ თამაშობს, განცალკევებით ჯდომა ურჩევნია, თუმცა მაინც ხალხთან ერთად.

ისვენებს პოლიციელიც. თვალს ადევნებს ველობილიკზე მოძრავ ველოსიპედისტებს და მოპედებს. თუ ოდნავ გადაცდები ამ ბილიკს დაგიძახებს, რომ წესებს არღვევ.

ეს ერთ-ერთი კაფის მოპედებია. ჯერ გამოძახება არსად აქვთ და მფლობელებს დრო გაყავთ საუბრით.

ბულვარში გაკრეჭილი ხეების და მოცელილი ბალახის სუნი დგას. ეს ქალები ბულვარს ალაგებენ.

კანტიკუნტად სეირნობენ ტურისტები.

პორტში ქალები თევზაობენ.

ბინდდება, მაგრამ მეთევზეები მაინც არ იშლებიან.

ერთი სახლის ჭიშკარზე წარწერას თუ დავუჯერებთ, ბათუმში:

მაგრამ ამის ხანდახან არ გჯერა, როცა ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება გიწევს.

ველოსიპედით ველობილიკზე სეირნობისას თითქოს ხელს არაფერი უნდა გიშლიდეს მოეშვა, მაგრამ ოდნავი დაუკვირვებლობა და შეიძლება ველობილიკზე გაჩერებულ ვინმეს ჯიპს შეასკდე.

როგორც არ უნდა იყოს შემოდგომა ბათუმში, მაინც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდია, თბილი ამინდებით და განტვირთული ქუჩებით.

მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და სხვები „ოცნების“ ოფისში „შემთხვევით“ შეიკრიბნენ

დღეს, პარასკევს, 28 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათის შემდეგ „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მივიდა. ოფისში მივიდნენ, ასევე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც პარალელურად ბათუმის  პარტიული ოფისის ხელმძღვანელია, უმაღლესი საბჭოს წევრები: ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ჭეიშვილი და მერაბ კარანაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრი დიმიტრი ჭეიშვილი და სხვები. შეკრების მიზეზი არც ერთმა პირმა არ დაასახელა, რომლებთან გასაუბრებაც „ბათუმელებმა“ პარტიის ოფისში შესვლამდე მოახერხა. მათგან უმეტესობამ „არ იცის“ რა შეხვედრაა და რაზე სასაუბროდ მიიწვიეს, ზოგი კი ამბობდა, რომ არ მიუწვევიათ: „ისე შემოვიარე.“

„ისე შემოვლილებმა“ ზუსტად ახლა გაიგეს ის, რომ შეხვედრა ყოფილა და ისიც, რომ მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერიც, „აქ ყოფილან“.

უკვე ტრადიციად ქცეული ამბავია, როცა არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც სხვა პარტიების, მმართველი გუნდის პარტიული ოფისის კარიც საგულდაგულოდ იკეტება, მოახლოებული შემდგომი არჩევნების შემდეგ კი ეს კარი იღება და განსაკუთრებით საღამოობით იქ პარტიის აქტივისტები იკრიბებიან. ჟურნალისტებისთვის ამ კარების ზღურბლის გადალახვა თითქმის შეუძლებელია, უმეტესწილად შეხვედრები დახურულია და იდენტურია პასუხებიც: „მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, ჩვენ სულ ასე ვიკრიბებით, კვირაში ერთხელ მაინც.“

მიმდინარე საკითხებს არავინ აკონკრეტებს:

„არ ვიცი რა შეხვედრაა, ისე მოვედი, რომ გამოვალ მერე გეტყვით რაზე იყო საუბარი, აქტივისტების შეხვედრაა და მეც, მე მგონი ერთ-ერთ აქტივისტად ვითვლები,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ შენობაში შესვლამდე.

პარტიულ ოფისში, პარასკევს საღამოს შვიდი საათის შემდეგ „ისე შემოარეს“ უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხვიჩა შარაშიძემ და მერაბ კარანაძემაც, შეხვედრის შესახებ მათაც „არაფერი იცოდნენ“.

„შემთხვევით მოვიდა ამჯერად“, მაგრამ გვითხრა რომ „ყოველდღე დადის აქ“ ჯუმბერ კობალაძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი: „მე და ჩემი ბიჭები აქ ყოველდღე მოვდივართ“- გვითხრა მან.

შეხვედრა ამ წუთებშიც [20:30] გრძელდება.

___________

მთავარ ფოტოზე: შეხვედრის მონაწილეები „ოცნების“ ოფისის აივანზე 

ვინ უნდა დაარეგისტრიროს ეკონომიკური საქმიანობა რეესტრში 31 ოქტომბრამდე – მარტივად

28 სექტემბერს საქართველოში იუსტიციის სახლებთან გრძელი რიგები დადგა. ბევრმა მეწარმემ, როგორც თავად ამბობდნენ, სწორედ დღეს გაიგო, რომ აუცილებელია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე. რიგების გამო, დღის ბოლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

თუმცა, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია ეხება არა ყველა მეწარმეს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი ძალაში 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა.

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებია: 

[checklist]

  • მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები [მათ შორის: ელექტროტექნიკური, საზეინკლო და სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, საბათქაშე, სადურგლო, იატაკის დაგება და კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ა.შ. 
  • ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სამთომოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ლითონის მადნების მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები
    სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • შავი და ფერადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ელექტრული მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • კოქსისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტებისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებასთან დაკავშირებული საშუალებები
  • რეზინისა და პლასტმასის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ხისა და კორპის ნაწარმის წარმოებასთან, ჩალისა და წნული მასალების ნაკეთობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ქაღალდისა და ქაღალდის მასის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ავეჯის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • მეტყევეობასა და ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • საფეიქრო და მსუბუქ მრეწველობასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ტექსტილის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ტყავისა და მასთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • კვების პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები
  • სახელმწიფო ტრანსპორტთან და მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები
  • საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები
  • დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობებთან დაკავშირებული სამუშაოები
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ავტომობილებითა და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და მათ რემონტთან დაკავშირებული სამუშაოები
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვასა და დაბინძურებისგან გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • კანალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და მოცილების საქმიანობები; ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები
  • დაბინძურებისაგან გასუფთავება და ნარჩენების მართვის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები

[/checklist]

უფრო დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ უშუალოდ დადგენილებაში. [დააწკაპუნეთ გაფერადებული სიტყვა]

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად კი, აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

___________

მთავარ ფოტოზე: რიგი ბათუმის იუსტიციის სახლში, 28 სექტემბერი 

28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

„ხელს მიშლით“, – გაიმეორა რამდენჯერმე საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე, სადაც მწვანე კონცხის რეკრეაციულ ზონაში 28-სართულიანი კორპუსების მშენებლობას დაუჭირეს მხარი. ვიდრე დეპუტატები თანხმობის ნიშნად ხელს ასწევდნენ, დარბაზში საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა ირმა ზოიძემ და შოთა გუჯაბიძემ პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, რეკრეაციულ ზონაში კორპუსების აშენება დაუშვებელია და მეორე: გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ საზოგადოების და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო.

„არანაირი შენიშვნა აქამდე არ შემოსულა, საქმისწარმოების დროს,“ – მიმართა ტრიბუნიდან „ბათომის“ წევრებს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა.

შოთა გუჯაბიძემ და ირმა ზოიძემ კონკრეტული პასუხის გაცემა მოითხოვეს კითხვაზე: სად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიას მწვანე კონცხის მშენებლობის შესახებ საზოგადოების აზრი აინტერესებდა.

„მე არაერთხელ ვისაუბრე ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, ვთქვი, რომ დაწყებულია ამ საკითხზე საქმისწარმოება,“ – აღნიშნა მირიან მეტრეველმა.

შედგა თუ არა დისკუსია მწვანე კონცხზე მაღლივი კორპუსების აშენების თემაზე? – „ბათუმელებს“ მირიან მეტრეველმა უთხრა, რომ მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა, რადგან „შენიშვნები მერიაში არ შემოსულა“.

მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში ოცდარვასართულიანი სასტუმროს და მრავალფუნქციური ობიექტის აშენებას გეგმავს „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“  აპირებს. პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღლივი კარკასისგან შედგება, რომელთაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს.

„შეიძლება ეს ასე გავატაროთ, ვითომ არაფერი ხდება? საკრებულოს წევრებს პროტესტი არავის უჩნდება?“ – იკითხა ირმა ზოიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრმა.

„მე მაინტერესებს, სადაც ეს ცვლილებები ხდება, მართლაც რეკრეაციული ზონაა?“ – იკითხა მიხეილ ართმელაძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა. ის ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც მერიის წარმომადგენელს თანხმობის მიცემამდე კითხვა დაუსვა.

„კი, რეკრეაციული ზონაა, მაგრამ ზონა იცვლება, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმიანობის ზონა,“ – უპასუხა საკრებულოს წევრს მირიან მეტრეველმა, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა.

„რაც შეეხება გამოქვეყნებას, საკითხს განხილვამდე ჩვენ ვაქვეყნებთ გაზეთ „აჭარაში“ და ასევე იყო ინფორმაცია ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ.

„განხილვა მინიმუმ ორი პირის ჩართულობას ხომ გულისხმობს? ვის ესაუბრეთ, რომ გაგეგოთ ამ საკითხზე პოზიცია?“ – იკითხა შოთა გუჯაბიძემ.

„მაინტერესებს, აქ როგორ მოხვედით ყველა ერთად?“ – იკითხა უმრავლესობის დეპუტატმა ნატალია ზოიძემ.

პროტესტის ნიშნად შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვა. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა.

რატომ ჩათვალა მერიამ მიზანშეწონილად მწვანე კონცხზე მაღლივი კორპუსების აშენება? – „ბათუმელებს“ მირიან მეტრეველმა შეკითხვაზე ასე უპასუხა:

„მერიის აზრით, საინვესტიციო წინადადება უნდა დაკმაყოფილდეს… ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ კორპუსი 40 სართულზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად განიხილებოდა 42 სართული, ახლა არის 28 სართულზე. ტურიზმის კუთხით ეს იქნება განვითარება,“ – მიიჩნევს მირიან მეტრეველი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 28 სექტემბერს, ე.წ. „რივიერას“ მიმდინარე ტერიტორიაზე ახალი კორპუსების მშენებლობის საკითხსაც შეეხნენ. საქმისწარმოება „რივიერაზე“ დღეს დაიწყო და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების მიწოდება მერიისთვის შეუძლიათ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი თვის შიგნით ჩვენ მივცემთ კონკრეტულ რეკომენდაციას ამ კომპანიას, თუ რა სახით შეიძლება წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები“, – დასძინა მირიან მეტრეველმა.

მირიან მეტრეველი
საკრებულოს სხდომა

 

მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გოგო ბათუმიდან

ანა ცხოიძე მათემატიკის საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულია. მან აჭარის მასშტაბით პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა და ლეპტოპით დასაჩუქრდა. ანა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობს. ათოსანია, თუმცა მათემატიკას უპირატესობას ანიჭებს.

ანა ამბობს, რომ მათემატიკით პირველივე კლასში დაინტერესდა. თუმცა დასძენს, რომ ამ საგნის მიმართ სიყვარული გაუჩინა პედაგოგმა, რომელთანაც მეექვსე კლასში მათემატიკაში ემზადებოდა.

„მათემატიკას საკლასო ოთახში ალბათ ვერ შეიყვარებ. თუ შეიყვარებ, შეიძლება დროთა განმავლობაში გაგიქრეს კიდეც ინტერესი, რადგან როცა რაიმეს ვერ იგებ და კითხვებს სვამ, გაკვეთილზე ამაზე პასუხს ხშირად ვერ იღებ, რადგან კლასში სხვა გარემოა, ბევრი მოსწავლეა, ხან შენი ხმა არ აღწევს მასწავლებლამდე, ზოგჯერ კი – მისი. ეს გაუგებრობები ჯერ გაღიზიანებას იწვევს, შემდეგ კი მოტიცავიას გისუსტებს.

ამიტომ ვამბობ, რომ ნინო პაიჭაძემ შემაყვარა მათემატიკა. მოწოდების ხერხიც ისეთი აქვს, რომ ადვილად ითვისებ“ – გვეუბნება ანა.

ანას თქმით, რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო აინტერესებს, რადგან ეს  ერთგვარი გამოწვევაა მისთვის. „მათემატიკის სიყვარულს ნიჭიც სჭირდება და გარემოც. თუმცა შორს ვარ იმ სტერეოტიპისგან რომ „მათემატიკა ბიჭების საქმეა“. ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი გოგოა ამ სფეროში წარმატებული.

პროპორცია, ცვლადები, შემოკლებული გამრავლების ფორმულები… ეს არის ჩემთვის ცხოვრება. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ასპროცენტიანი. თუნდაც ადამიანი ავიღოთ, ადამიანიც ასპროცენტიანია, მის დადებით ან უარყოფით მხარეებს კი ის განსაზღვრავს, რა უფრო მეტია მასში“.

ანას თქმით, ზოგჯერ მოსწავლეებზე ნიშნებიც და მასწავლებლის განწყობებიც დამთრგუნველად მოქმედებს. „არის შემთხვევები, როცა, ვთქვათ, მოსწავლე რაღაცას ვერ იგებს და კითხვებს სვამს. მასწავლებელი კი ფიქრობს, რომ მოსწავლეს არ აქვს უნარი გაგების, გააზრების და ეს დამოკიდებულება იწვევს სტრესს“.

ანა ცხოიძე

ანასთვის ეს გამარჯვება იყო პირველი და ფიქრობს, რომ დიდი სტიმული, იბრძოლოს სხვა გამარჯვებისთვისაც.  „არ იყო მარტივი დავალებები, ექვსი ამოცანა უნდა ამომეხსნა. ამ ტიპის ამოცანებს ამოხსნის სტანდარტული მეთოდი არ აქვს და შენ თვითონ უნდა შეარჩიო ხერხები. მიხარია, რომ თავი გავართვი,“- გვეუბნება ანა.

ანას მათემატიკის გარდა უყვარს ლიტერატურა და წერა. „როცა ნაწარმოებს ვკითხულობ, მერე სურვილი მიჩნდება მეც დავწერო რაღაც. მიყვარს ჟანრები, რომლებიც ცხოვრებაზე გაფიქრებს, მსჯელობისა და გააზრების საშუალებას გაძლევს“.

ანა ამბობს, რომ ჯერ არსად უმოგზაურია და სურვილი აქვს, სადმე წავიდეს. „ორი უკიდურესობა მჭირს, მინდა ან ძალიან დინამიურ ადგილზე წავიდე, ან პირიქით, სადაც ნაკლებად იქნებიან ადამიანები“.

 

 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნაზე

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც გულისხმობს   „ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულიო წარმოების დაწყებას.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე

აღნიშნული გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გოგებაშვილის ქუჩაზე და მოიცავს შემდეგ საკადასტრო კოდებს: N05.21.01.031; 05.21.01.030; 05.21.01.029; 05.21.01.018; 05.21.20.079; 05.21.20.070; 05.21.20.071; 05.21.20.084; 05.21.20.082; 05.21.21.015; 05.21.20.053; 05.21.20.076; 05.21.20.056; 05.21.20.087.

მიღებული განკარგულების მიზანია გოგებაშვილის ქუჩის განვითარება მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიას დაევალა აღნიშნული განკარგულების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადად განისაზღვრა განკარგულების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღე. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში განსახილველ საქმეზე გაიმართება ზეპირი მოსმენა.

სხდომაზე მიღებული განკარგულება და ცნობა საჯაროდ გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გამოქვეყნდება ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდსა და გაზეთ „აჭარაში“.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნაზე

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე  ქ. ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა.

„ქალაქ  ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციული წარმოება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება მწვანე კონცხის ტერიტორიაზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო კოდზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

წარმოდგენილი ფოტომასალის და დოკუმენტაციის შესაბამისად საპროექტო ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, მოიცავს ერთ საკადასტრო ერთეულს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N 05.34.25.664). მოცემული ტერიტორია განეკუთვნება საკურორტო სარეკრეაციო ზონას, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

მიღებული დადგენილებით დამტკიცდა მწვანე კონცხზე მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის, კერძოდ, მწვანე კონცხის განვითარებას საკურორტო-სარეკრეაციო მიმართულებით, მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით. აღნიშნული გეგმის დამტკიცებისთვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის მოცულობა, ნაცვლად 42 სართულისა, შემცირდა და განისაზღვრა არაუმეტეს 28 სართულისა.

სხდომაზე მიღებული დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი   მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

დღეს, 28 სექტემბერს, რიგებია საქართველოს იუსტიციის სახლებში, სადაც დარეგისტირებას ის პირები ცდილობდნენ, რომელთაც კანონი შეეხებათ.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,   ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან), ვალდებულია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

როგორც იუსტიციის სახლის პრესსამსახურში გვითხრეს, დღეს თბილისში იუსტიციის სახლი 22 საათამდე იმუშავებს, ბათუმის იუსტიციის სახლში კი აცხადებენ, რომ ექვს საათზე იუსტიის სახლი დაიკეტება, თუმცა ოპერატორები მოემსახურებიან შენობაში მყოფ ყველა მოქალაქეს.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი

_________

მთავარ ფოტოზე: რიგი ბათუმის იუსტიციის სახლში, 28 სექტემბერი 

სულიკო თებიძე: ბათუმში ერთი ფერის ტაქსს მხარს არ დავუჭერ

„ტაქსების რეგულაციებზე ვფიქრობთ ჩვენც,“ – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. მას ვკითხეთ, ხომ არ იგეგმება ბათუმშიც ტაქსებისთვის ერთი ფერის დაწესება თბილისის მსგავსად. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში ტაქსებს 2019 წლის იანვრიდან მხოლოდ ერთი – თეთრი ფერი უნდა ჰქონდეთ.

„ბათუმის მერია მსჯელობს ამ საკითხზე, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. ვნახოთ, როგორ წავა შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ტაქსებს რეგულაცია სჭირდება ბათუმშიც აუცილებლად,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

დაუჭერთ თუ არა მხარს ტაქსების ერთ ფერზე გადაღებვას? – საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამაზე არ უფიქრია. „ვერ გეტყვით, არ მიფიქრია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი ფერის ტაქსს მხარს არ დავუჭერ. არც მივა მსჯელობა აქამდე,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, რომლის უკან ახალგაზრდობა დგას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა და ღონისძიების მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=76Hz1RRr3JI

„განათლება და ახალგაზრდობა – ეს არის გაცხადებული პრიორიტეტი სამთავრობო ხედვის. უნივერსიტეტის გაძლიერების ნაწილში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდების როლი და ის შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდულ ინიციატივებს უჭერს მხარს” – მიმართა ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე შეკრებილ ახალგაზრდებს თორნიკე რიჟვძემ. მისი თქმით, ბათუმში დაგეგმილია ინოვაციური ტექნოპარკის გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზება.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა

„ეს იქნება პლატფორმა, სადაც, ერთი მხრივ, გექნებათ ერთმანეთის გაცნობის საშუალება, მეორე მხრივ კი- წვდომა მექანიზმზე, რომელსაც სახელმწიფო ნერგავს. ზოგადად, ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, ინოვაციის უკან კი ახალი თაობა დგას. განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა ის ცენტრალური ღერძია, რაზეც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მომავალია დამყარებული” -აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ უკვე მეორედ ტარდება
„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ უკვე მეორედ ტარდება

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 26 კარავი საქართველოში მოქმედ ექვს სასწავლებელს და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაეთმო. ღონისძიების მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, ასევე ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით.

„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ უკვე მეორედ ტარდება
„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ უკვე მეორედ ტარდება

„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიღწევები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქიმიური რექციების ჩატარებაში, გაცნობოდნენ სხვადასხვა დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს:

 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინად ადამიანის ორგანოების დასაშლელი მულაჟის (ტორსი) დახმარებით. ჩატარდა თავის ქალაზე სტომატოლოგიური მანიპულაციების სიმულირება.

“ჭკვიანი ნაგვის ყუთი” და პროგრამირებადი მიკროკონტროლების QR კოდებით სამართავი პროექტი

ამავე თემაზე:

მოძრავი რობოტები და ქიმიური ცდები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

დიდი ფასდაკლება „LUSSO“-ს საძინებლის ბოლო ერთეულებზე

ავეჯის სახლი „LUSSO“ ბათუმში სამმაგი ლამინატით დამზადებული საძინებლის შერჩეულ მოდელზე გთავაზობთ დიდ ფასდაკლებას.
  • 2600 ლარი 3220 ლარის ნაცვლად-ორთოპედიული მატრასით;
  • 1800 ლარი 2300 ლარის ნაცვლად საძინებლის კომპლექტი
  • გარანტირებული ხარისხი
  • ორწლიანი გარანტია
  • მის: ქ ბათუმი, ჭავჭავაძის 72
ტელ: +995 551888040
გვესტუმრეთ, ჩვენთან უკეთესია!

რიგები ბათუმის იუსტიციის სახლში [ფოტოამბავი]

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის იუსტიციის სახლში დილიდან რიგია. რიგში მდგომები ამბობენ, რომ დღეს ბოლო დღეა იმ იურიდიული პირების რეგისტრაციისა,  რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ. გარდა ამისა, აქ არიან ის პირებიც, რომლებმაც იუსტიციის სახლს სხვა მომსახურებისთვის მიმართეს.

„სამი თვეა კანონი ამას ითხოვს და დღეს გაახსენდა ეტყობა რატომღაც ყველას, რომ ეს გასაკეთებელია“ – გვითხრეს იუსტიციის სახლის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ რიგში ისეთ მოქალაქეებსაც შეხვდა, რომლებმაც დღის სამ საათზე აიღეს რიგის ნომერი, თუმცა ამ დრომდე [17:30 წთ] რიგში დგანან. მოქალაქეები ამბობენ იმასაც, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია.

იუსტიციის სახლი საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. აქ ამბობენ, რომ ზუსტად 18 საათზე კარი დაიკეტება, თუმცა შენობაში მყოფ ყველა მოქალაქეს მოემსახურებიან.

განახლება: დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი   მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

თედო ჯორბენაძის ფოტო
თედო ჯორბენაძის ფოტო

იუსტიციის სახლი ბათუმში / 28.09.2018 /

„შოუ შედგა“ – კამათი ბათუმის საკრებულოში ქუჩებისთვის სახელის შეცვლის საკითხზე

“დაჯექით, ბატონო მირდატ, დაჯექით და ისე გვესაუბრეთ,”- რამდენჯერმე მოუწოდეს საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მირდატ ქამადაძეს. მან დღევანდელ სხდომაზე სულიკო თებიძეს “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარზე პასუხი მოსთხოვა.

სულიკო თებიძემ „ბათუმელებს“ 31 აგვისტოს უთხრა, რომ გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხი ოფიციალურად საკრებულოში არ შესულა, ხოლო მოსახლეობა სახელის შეცვლის წინააღმდეგ წავიდა. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და დადასტურდა, რომ მოსახლეობის წერილი გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების წინააღმდეგ ბათუმის საკრებულოში არ შესულა.

“თქვენ აღნიშნეთ, რომ ქუჩებისთვის სახელის შეცვლის საკითხი საკრებულოში ოფიციალურად არ შემოსულა…”- დაიწყო მირდატ ქამადაძემ.

“არ შემოსულა და სხდომის შემდეგ გაჩვენებთ მაგას. ტყუილად ქულებს ნუ ჩაიწერთ,”- შეაწყვეტინა საუბარი საკრებულოს წევრს თავმჯდომარემ.

“თუ არ შემოსულა ოფიციალურად, განათლების კომისიამ როგორ განიხილა მაშინ?”- იკითხა მირდატ ქამადაძემ. ამჯერად მას განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ, უთხრა ხმამაღლა, რომ კომისია ამ საკითხს მაშინ განიხილავს, როცა საჭიროდ მიიჩნევს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებისთვის სახელების შეცვლის საკითხი გასულ კვირას შეიტანა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხს ვერ განიხილავდნენ, რადგან საკითხზე ჯერ განათლების კომისიამ უნდა იმსჯელოს.

„რატომ არ ჩატარდა კომისიის სხდომა? მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აგვისტოს ომის გმირების შესახებ,“ – განაგრძო მირდატ ქამადაძემ.

“ღვინით სავსე ჭიქა ხომ არ მოგაწოდოთ ხელში? დგას აქ და მორალს კითხულობს,”- მიმართა კოლეგას ირაკლი პატარიძემ. მან მირდატ ქამადაძეს საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრმა ომარ მახარაძემ თქვა:

“თქვენ არ გაქვთ ამ თემაზე საუბრის უფლება… ომის დროს დატოვეთ ქვეყანა,”- თქვა მან.

“ვინ დატოვა ქვეყანა? კონკრეტულად თქვით,”- იკითხეს საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.

“საცირკო სანახაობა ხომ არაა ეს, აზრი გამოთქვით,”- პროტესტის გრძნობა გაუჩნდა საკრებულოს თავმჯდომარესაც.

“შოუ შედგა” – დასძინა სულიკო თებიძემ მას შემდეგ, როცა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში ოპტიმიზაციის პროცესი იანვრიდან დაიწყება

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით სამინისტროების დაქვემდებარებაში იმუშავებენ, ოპტიმიზაცია მომავალი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ განმარტება  დღეს მთავრობის სხდომის მსვლელობისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გააკეთა.

„იანვრამდე გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც ამ დრომდე მუშაობდნენ და იანვრიდან უკვე დაიწყება ფუნქციათა ანალიზი, შემდეგ კი – ოპტიმიზაციის პროცესი,“ – განმარტა მინისტრმა.

ოპტიმიზაციის პროცესს შესაძლოა შემცირებებიც მოჰყვეს, თუმცა ამას მთავრობაში ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

მთავრობის ოთხი საქვეუწყებო დაწესებულებიდან ორი – ტურიზმისა და გზების დეპარტამენტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საარქივო სამმართველო – განათლების, ხოლო გარემოს დაცვის სამმართველო სოფლის მეურნეობის დაქვემდებარებაში გადავიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.

 

დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა.

„24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზინებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს ალექსი.

ის „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტშია ჩართული, თუმცა მხოლოდ საექსკურსიო გასვლით ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, ამბობს, რომ ფასიანი სერვისები, რითაც ყოფილ პატიმრებს ეს ორგანიზაცია ბიზნესიდეებისა და მცირე მეწარმეობის განსავითარებლად ეხმარება, მისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა და სხვებს უფრო სჭირდებათ.

ჟოლოსა და მარწყვის მეურნეობა აქვს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, სეზონური კენკრა საქართველოში მოთხოვნადი კულტურაა და ალექსის მეურნეობამ გაამართლა. ყოველწლიურად 6-8 ადამიანსაც ასაქმებს სეზონზე, ამიტომაც არ სურს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლოს, მიიჩნევს, რომ სხვებს უფრო გამოადგება ეს რესურსი.

ალექსის 5 წლის შვილი სიამოვნებით ერთვება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოწყობილ დღესასწაულებში, რაც პატიმართა შვილებისთვის ეწყობა პერიოდულად.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ვერ ხედავს, ახერხებს ყველგან მიმოსვლას, ამაში მეგობრები ეხმარებიან: უსინათლოთა კავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია დააარსა წლების წინ, ამ ორგანიზაციაში არამხოლოდ უსინათლოები არიან გაერთიანებულები. ისინი უსინათლოებს გადაადგილებაში ეხმარებიან და გამყოლების ფუნქციას ასრულებენ. ალექსს გაუმართლა და ჰყავს ასეთი მეგობრები. როცა ექსკურსიებსა და ლაშქრობებში დადის, გამყოლი მას უამბობს ირგვლივ რა ხდება და როგორი გარემოა.

სპეციალური, ხმოვანი პროგრამების დახმარებით ალექსი შეუფერხებლად სარგებლობს ინტერნეტით, წერს პროექტებს და უვლის მეურნეობას. ქობულეთის კოლეჯ  „ახალ ტალღაში“ რამდენიმე წლის წინ მოიკითხა, რა სერვისები ჰქონდათ შშმ პირებისთვის. აღმოჩნდა, რომ მათთვის სწავლის პირობები იყო შექმნილი კოლეჯში, მაგრამ არა კონკრეტულად უსინათლოებისთვის.

ალექსის ინიციატივით ამ კოლეჯში მასწავლებელი სპეციალურად გადაამზადეს და ხმოვანი პროგრამების სწავლების კურსი დანერგეს, შედეგად აქ მისულ ყველა უსინათლოს აქვს საშუალება, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოყენება ისწავლოს.

ალექს წეველიძის მიერ დაარსებული უსინათლოთა არასამთავრობო ორგანიზაცია უსინათლოთა პრობლემებზე, სერვისებსა და საჭიროებებზე მუშაობს. ალექსი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე ერთი ინტერვიუს ჩაწერისას ვერ ისაუბრებს, თემა ძალიან დიდია, რასაც მეტი დრო და ცალკე საუბარი სჭირდება.

მხოლოდ ერთს გვეუბნება, რომ მოქალაქეებმა თითქმის არ იციან შშმ პირთა საჭიროებები, თუნდაც უსინათლოთა ბილიკების შესახებ, რაც ქალაქის ტროტუარებს შუაში გასდევს ნაცრისფრად. მისი თქმით, ეს ბილიკები ხშირად წყდება შუა ქუჩაში და ნაცვლად იმისა, რომ გაუადვილოს გადაადგილება უსინათლოს, საფრთხის შემცველია. უსინათლოთა ბილიკებს ხშირად კაფე-ბარების სკამები და მაგიდები ფარავს, მოქალაქეთა უმრავლესობას კი ჰგონია, რომ ეს ბილიკი უბრალოდ ტროტუარის დეკორაციაა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროგრამა მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44;

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61;

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26;

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

“უცნობი ძველი აჭარა“ – 30 სექტემბერს ქედაში სულხან სალაძის წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

„უცნობი ძველი აჭარა“ – ასე ეწოდება სულხან სალაძის წიგნს, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში შედგება, თუმცა პრეზენტაციამდე მკითხველები წიგნის შეძენას 30 სექტემბერს ქედაში, დაბა ქედის ხიდთან შეძლებენ, დილის 11-დან 15 საათამდე.

წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX  საუკუნის 20-30-იან წლებში, რას წერდნენ აჭარლებზე აქ ჩამოსული მოგზაურები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით.

წიგნში ნახავთ არაერთ მასალას, რომელიც უშუალოდ ქედის მუნიციპალიტეტის ისტორიას შეეხება.

წიგნის ქედაში წარდგენას ავტორი, სულხან სალაძეც დაესწრება. სულხან სალაძე პროფესიით იურისტია და ამჟამად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. მას ერთი წლის განმავლობაში მიჰყავდა საავტორო რუბრიკა ძველი აჭარის შესახებ გაზეთ „ბათუმელებში“.

„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მეოთხე წიგნია „მოგზაურობა ძველ ბათუმშის“ [ეს წიგნი გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე] და „ბათომის“ შემდეგ.

პროექტი „ბათუმური ეზო“ 30 სექტემბერს მაზნიაშვილის ქუჩაზე, N48-ში გაიმართება

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N48-ში გაიმართება ღონისძიება „ბათუმური ეზო“. პროექტის მიზანია, ძველი ბათუმური ეზოების პოპულარიზაცია, მათი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი, რომელიც გააცოცხლებს ძველი ბათუმური ეზოების ისტორიასა და იქ მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფას. მოწვეული ბათუმელი ისტორიკოსები მოგვითხრობენ მე-19 საუკუნის ბათუმის შესახებ, ბათუმური ეზოების მნიშვნელობაზე, მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულებებსა და ყოფით ტრადიციებზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციას, სადაც ასახული იქნება მათი იდეები და პროექტები ძველი ბათუმური ეზოს სამომავლო განვითარების კუთხით.

ძველი ბათუმის ფოტოებით გაფორმდება ეზოში არსებული საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი; მოეწყობა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას გააფორმებს მუსიკალური ბენდი.

მინისტრი სტადიონის ახალშერჩეულ ზედამხედველზე: “აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც აშენებულია”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდინარე მშენებლობის კონტროლის  მიზნით ახალშერჩეული ზედამხედველი კომპანია სტადიონის უკვე აშენებულ ნაწილზეც აიღებს პასუხისმგებლობას:

„ … რაც აშენებულია და რაც აშენდება, ყველა ტიპის პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, გაიზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არ ჰყავდა თავისი ზედამხედველი ჩვენი მხრიდან, უშუალოდ „ანაგს“ [მშენებელი კომპანია] ჰყავდა ორი ზედამხედველი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ვფიქრობ, აქ  არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არ ვენდოთ დამოუკიდებელ ექსპერტებს,“ – ამბობს მინისტრი.

კითხვას – თუ ენდობით „ანაგის“ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს, მაშინ რატომ ხარჯავთ დამატებით რესურსს ბიუჯეტიდან? – ჯაბა ფუტკარაძემ ასე უპასუხა:

„მათი დაქირავება იყო კეთილი ნება კომპანიის მხრიდან, ჰყოლოდა ზედამხედველი და დაეცვა თავი რისკებისგან. თუმცა ჩვენც ვალდებული ვართ, სამომავლოდ ნებისმიერი რისკების თავიდან ასაცილებლად, გვყავდეს ჩვენ მიერ დანიშნული ზედამხედველი.“

განსხვავებული ინფორმაციაა შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტის, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ამ დრომდე ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობდა. მშენებელმა კომპანია „ანაგმა“ უკვე დაასრულა საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები. გარდა ამისა, დასრულებულია ერთ მხარეს სამი და მეორე მხარეს ოთხი სართულის მშენებლობა. სამინისტროს განმარტებით, ამით პროექტის სიმაღლეებზე მუშაობა დამთავრებულია.

აჭარის მთავრობამ კი, ზედამხედველი კომპანიის შერჩევა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ახლა, მშენებლობის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ შეძლო.

„შეგიძლიათ მოგვილოცოთ, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება,“ – ასე გამოეხმაურა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვას.

შპს „სიემესი“ ის კომპანიაა, რომელიც საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს გაუწევს ზედამხედველობას, რისთვისაც მას აჭარის ბიუჯეტიდან 2 388 580 ლარს გადაუხდიან. კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წლის ივნისში, ბოლო ტენდერის გამოცხადებამდე, უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო.

ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე დასრულებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა:

„მოსამზადებელი, მიწის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის პირველი დონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ელემენტების მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტების [სვეტები, კოჭები] მოწყობის სამუშაოები და დასრულების პროცესშია ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ჰორიზონტალური ელემენტების [გადახურვის ფილა] მოწყობის სამუშაოები“.

შესაბამისად, შპს „სტადიონმა“ ახალი ტენდერი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო გათვლილი, ეს თანხა კი 2 437 431 ლარამდე შემცირდა.

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ხულოში ვეტერანთა კლუბი აშენდება

დაბა ხულოს ცენტრში ვეტერანთა კლუბი აშენდება. არსებული პროექტის მიხედვით კლუბის შენობის ასაშენებლად მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის მაქსიმუმ 71 689 ლარია გათვალისწინებული.

ვეტერანთა კლუბი დაბის ცენტრში, მამულაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში, იმ ადგილზე აშენდება, სადაც ხის ფანჩატური დგას. პროექტის მიხედვით, ეს ფანჩატური დაინგრევა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 13 ოქტომბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება.

კლუბის შენობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. თუმცა, სატენდერო პირობის მიხედვით, არასამუშაო თვეებია 2019 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი.

ვეტერანთა კლუბი ხულოში / ფოტო პროექტიდან

 

უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში ცათამბჯენები? [გამოკითხვა]

ბათუმში ბოლო წლებში არაერთი მაღალსართულიანი შენობა აშენდა, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ისტორიულ განაშენიანებასთან მიმდებარედ და ზღვის პირას. მოგწონთ ეს ტენდენცია? გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმურია.

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში.

„მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის დაგეგმილი ხუთვარსკვლავიანი, სასტუმრო „მარიოტის“ ქსელის გაკეთება, მე ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის ეს არის შესანიშნავი ტურისტული შესაძლებლობა. თქვენ არ გინახავთ სხვა ქალაქებში ზღვისპირა ზოლში სწორად გაკეთებილი ცათამბჯენები? იქ [ბათუმის იახტკლუბთან] არ არის ძველი ქალაქი, ეს ერთი, მეორეც – მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ და იქ, სადაც ახალი ერწყმის თუნდაც ძველს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები.

ბევრი ტურისტისგან მომისმენია, რომ ჩვენი ხიბლი არის ახლისა და ძველის სინთეზში. ზოგადად, ტურიზმის განვითარებას სჭირდება თამამი გადაწყვეტილებები, სჭირდება თანამედროვე სასტუმროები, სჭირდება ცათამბჯენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გემოვნებით და დახვეწილად გაკეთებული, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ გადაცემაში.

ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი. „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, ოცდაშვიდსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, ბათუმის იახტკლუბთან კი „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი შენობის აგებას გეგმავს, მათგან ყველაზე მაღალი შესაძლოა 40-სართულიანი იყოს.

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

27 სექტემბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს.

„სამი ბავშვია, ბიჭები, ერთი ხუთი წლისაა, ორი – ოთხის, ტყუპები არიან. ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული, ორი კი – ქირურგიულ დეპარტამენტში. სამივეს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითრეს პრესსამსახურში.

ავტოავარია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც ორ წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა. ავტომობილში დაღუპული ბავშვის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, ბავშვის დედა და სამი ბავშვი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

ყოველი წლის 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის ან ცხოველისაგან მიყენებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების შედეგად ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავს 50000-52000 დაზარალებული. აჭარაში 2017 წელს ანტირაბიული დახმარებისათვის მომართულ პაციენტთა რაოდენობამ 3344 მიაღწია, 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ანტირაბიული მომსახურება გაეწია 2563 პაციენტს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, ადამიანის ცოფით დაავადების ერთეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება, 2018 წელს აჭარაში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა იყო. ცოფით დაავადება გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ანტირაბიული მომსახურებისთვის არ მიუმართავთ ან მიმართეს დაგვიანებით.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ მოამზადა ინფორმაცია, სადაც ცენტრის ექიმი-რაბიოლოგი რუსუდან ბიბილეიშვილი ცოფთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს.

[checklist]

  • ცოფის გადაცემის გზები

[/checklist]

ცოფი გადაეცემა ინფიცირებული სეკრეტით, ძირითადად ნერწყვით. ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლისას, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ინფექციის გადაცემის ფაქტორი შეიძლება გახდეს ვირუსის შემცველი აეროზოლური ნაწილაკი, ავადმყოფი ადამიანის ტრანსპლანტანტი. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ცვალებადია და საშუალოდ 30-50 დღეს შეადგენს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 10-90 დღის ფარგლებში, ზოგჯერ კი 1 წელზე მეტიც გაგრძელდეს. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსის დოზაზე, პათოგენურობაზე, ნაკბენის სიღრმეზე, სიდიდესა და ლოკალიზაციაზე.

[checklist]

  • ყოველთვის ვითარდება თუ არა დაავადება ცოფით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად

[/checklist]

ცოფით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად ადამიანებში დაავადება ყოველთვის არ ვითარდება. განსაკუთრებით საშიშია დაკბენა თავის, სახის, კისრის, მტევნის, თითების, გენიტალურ მიდამოში. სახეზე კბენის შემდეგ დაავადება ვითარდება 90%-ში, ხელის მტევანზე-63%-ში, ხოლო კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე კბენისას მხოლოდ 23%-ში. ყველაზე ნაკლებ პროცენტში ცოფით დასნებოვნებას ადგილი აქვს ტერფის დაზიანების დროს.

[checklist]

  • სეზონურობა

[/checklist]
დაავადება ძირათადად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე, რაც გამოწვეულია ამ პერიოდში ადამიანის კონტაქტის გააქტიურებით ველურ და მოხეტიალე ცხოველებთან.

[checklist]

  • როგორ ავიცილოთ დაავადება თავიდან

[/checklist]

ცოფის მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სწორად და დროულად ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებებით – ანტირაბიული ვაქცინაციით. ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დადორბვლის, ან დაკაწვრის დროს, უპირველესად უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის ჩამობანა საპნიანი წყლის ჭავლით და დამუშავება რომელიმე სადეზინფექციო ხსნარით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას.

[checklist]

  •  რამდენად საშიშია ახალშობილებსა და ორსულებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

[/checklist]

პროფილაქტიკურ იმუნიზაციას უკუჩვენება არ გააჩნია. ორსულობა და ახალშობილობის ასაკი არ წარმოადგენს ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის უკუჩვენებას, ორსულები ცოფის საწინააღმდეგოდ იცრებიან ჩვეულებრივი წესით, რადგან ცოფი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა თავისი ლეტალური გამოსავლით და ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ურთიერთკავშირი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ნაყოფის მხრივ რაიმე გადახრებს შორის აღმოჩენილი არ არის.

[checklist]

  • აუცილებელი წესები ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ

[/checklist]

აცრის ფონზე, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში რეკომენდებულია ჰიპოალერგიული დიეტა, იმ პროდუქტებისაგან თავის შეკავება, რომლებიც ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (ზედმეტად ცხარე და ალერგენული თვისებების მქონე საკვები.) ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ რეკომენდებულია უარი ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე, უნდა ვერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს (ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმის გადაცივება, გადახურება.)

[checklist]

  • განსხვავდება თუ არა ვაქცინები ერთმანეთისაგან ეფექტურობით

[/checklist]

საქართველოში შემოტანილი ანტირაბიული ვაქცინები შემოწმებული და აპრობირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველა სათანადო პროცედურისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით და ნებადართულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ, რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

[checklist]

  • რომელ სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დაზარალების შემთხვევაში

[/checklist]

აჭარის მოსახლეობას ანტირაბიულ მომსახურებას უწევს ბათუმის რესპუბლიკური – კლინიკური საავადმყოფოს, საზღვაო ჰოსპიტლის და მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე არსებული ანტირაბიული კაბინეტები, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებს – იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტირაბიული კაბინეტი.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ზედამხედველი კომპანია შერჩეულია

შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შეარჩია. სატენდერო კომისიამ შპს „სიემსი“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია, თუმცა მანამდე კომისიაში დამატებით, საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას ვადა 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ჰქონდა. კომპანიამ საბანკო გარანტია გუშინ, 27 სექტემბერს წარადგინა. ხელშეკრულება ტენდერების გვერდზე ატვირთული ჯერ არ არის.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა ბათუმში მეცხრე თვეა ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე  მიმდინარეობს.

სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე ბოლო ტენდერი 2018 წლის 5 ივლისს გამოცხადდა და 26 ივლისს დასრულდა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთს, რომელიც ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობდა „სტადიონს“ მომსახურებას, ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მისცეს.

მომდევნო პრეტენდენტი, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, იყო სწორედ „სიემსი“, რომელიც მესამე პრეტენდენტთან შედარებით 3 ლარით იაფად სთავაზობს ტექნიკურ ზედამხედველობას „სტადიონს“.

ტენდერში [სატენდერო თანხა: 2 437 431 ლარი] პრეტენდენტთა საბოლოო შეთავაზებები იყო: „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ – 1 970 256 ლარი; „სიემსი“ – 2 388 580 ლარი და „ოიკო ჯგუფი“ – 2 388 583 ლარი. ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 2 437 431 ლარი იყო.

 

 

მთავარი ფოტო: მშენებარე სტადიონი ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

აჭარაში ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროებს დაექვემდებარება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი დაწესებულება, რომლებიც ამ დრომდე უშუალოდ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები იყო, სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავა.

კერძოდ, აჭარის ტურიზმისა და გზების დეპარტამენტები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარებიან, გარემოს დაცვის სამმართველო  – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საარქივო სამმართველო კი – განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.

ამავე თემაზე: მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა

27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში გარდაცვლილის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს

პრეზიდენტობის კანდიდატის რეალური მაჩვენებლის გასაგებად „გირჩი“ ამომრჩევლებს ტოტალიზატორს სთავაზობს. პოლიტიკური პარტია განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პირობას დებს, რომ თუკი არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძე 5 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამომრჩეველი ფსონად დადებული თანხის 100 პროცენტს მიიღებს. მინიმალური ფსონი 1000 ლარია.

არჩევნებთან დაკავშირებით ინტერნეტტოტალიზატორის მოწყობა „გირჩმა“ ერთ-ერთი კვლევის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – ზურაბ ჯაფარიძეს ამომრჩევლების 2% უჭერს მხარს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ცესკოსთვის საჩივრით მიმართვას აპირებს, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ტოტალიზატორის მოწყობა აკრძალულია.

„საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე არის აკრძალული. მხოლოდ ეს დათქმაა საარჩევნო კოდექსში,“ – ამბობს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

კანონი კონკრეტულ სანქციას ამ მუხლის დარღვევისთვის არ ითვალისწინებს. შესაბამისად, უცნობია, რა სანქციას გამოიყენებს ცესკო „გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

„გირჩის წაგებაზე კუში არის 2.0. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ ორნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია. თუ კვლევის გჯერათ, დადეთ!“ – ნათქვამია „გირჩის“მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტია ფეისბუქგვერდზე ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, სადაც ადამიანებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შესაბამისი მითითებით „ფსონი“.

იაგო ხვიჩია, „გირჩის“ ლიდერი, ამბობს, ეს „პოლიტიკური აქტია: „ამით ჩვენ ვპასუხობთ იმ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა მედიასაშუალება და ამას ასაღებენ, როგორც ჭეშმარიტებას. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს იდიოტური კანონები, რომლებიც რაღაცას კრძალავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდემლობას, რომც ეწინააღმდეგებოდეს, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დაუმორჩილებლობის აქტი ჩაგვიდენია. ყველას შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და ვნახოთ, როგორ ენდობიან ადამიანები „რუსთავი 2“-ის კვლევას“.

რა სჭირდება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისთვის

წინასწარი მონაცემებით, 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ  40-მდე ქვეყანაში გაიხსნება.  იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანის გაკეთება შეძლონ, მათ შესაბამის ქვეყანაში საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ან საზღვარგარეთ რეგისტრაცია დასჭირდებათ.

მათ, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას,  რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

რეგისტრაციის გასავლელად რამდენიმე გზა არსებობს. კერძოდ, შეგიძლიათ მიმართოთ იმ სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელშიც იმყოფებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის საჭიროა მოქალაქემ წარადგინოს შევსებული ანკეტა და ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან  საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

იმ შემთხვევაში, თუ პირადად ვერ ახერხებთ საკონსულოში მისვლას, შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მესამე პირს, რომელმაც საჭირო დოკუმენტებთან ერთად საკონსულოში თავისი პირადობის მოწმობა და რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.  რეგისტრაცია უფასოა.

2016 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები 55 ქვეყანაში იყო გახსნილი. მათგან ყველაზე მეტი, 6 საარჩევნო უბანი – საბერძნეთის რესპუბლიკაში.

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები  საქართველოს პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ.

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის

 

ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებული სახლის ადგილას მშენებლობა ექვს თვეში უნდა დაიწყოს

მეორე მცდელობისა და ფასის განახევრების შემდეგ ბათუმის მერიამ ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთი 575 850 ლარად და პირობით გაყიდა. მთავარი პირობა იგივე დარჩა – მყიდველმა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ  უნდა ააშენოს. პირველ აუქციონზე მერია ნაკვეთს მილიონ 47 ათას 700 ლარად [საწყისი ფასი] და პირობით ჰყიდდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მყიდველი 2018 წლის 31 აგვისტოს დარეგისტრირებული კომპანია შპს „ბილდსმორია“, კომპანიის   ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი კი  ნინო განჯელაშვილია.

აუქციონით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადაში ჯინჭარაძის ქუჩაზე. N12-ში მდებარე 7724,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დანგრეული შენობის  ადგილზე [მიწის ფართობი: დაახლოებით 313,0 კვ.მ.] ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვება, მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპებზე კი, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა თანხმობების მიღება უნდა შეძლოს. მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში და დასრულდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში. საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, მანსარდით, 10 საცხოვრებელი ბინით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად მშენებლობის დაწყებამდე აწარმოოს დაკვირვება მეზობლად, ჯინჭარაძის N14-ში მდებარე N2 შენობაზე, რომელიც დაზიანდა აფეთქების შედეგად. არსებულ ბზარებზე ყალაურების დადების გზით დაკვირვება ასევე უნდა გაგრძელდეს დანგრეული შენობის ადგილზე ახალი მშენებლობის განხორციელებისას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა სამშენებლო მოედნის გარშემო არსებულ შენობებს მშენებლობის დაწყებამდე ჩაუტარდეს წინასწარი ექსპერტიზა მათი მდგომარეობის დასაფიქსირებლად. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას  შენობის მდგომარეობის საშიშ დონემდე მიღწევის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იმოქმედოს მითითებული დასკვნის შესაბამისად და საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით გაამაგროს შენობა.

აუქციონის პირობით მყიდველმა დაზარალებულებს ბინები უნდა გაურემონტოს.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩაზე, აუქციონის პირობების მიხედვით საკუთრებაში გადაცემულ 5429,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე მყიდველმა უნდა უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

შენობა უნდა შეიცავდეს მიწისქვეშა ან/და ღია ავტოსადგომს, მყიდველის სურვილის შესაბამისად – საცხოვრებელ ბინებს, სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ან/და სარიტუალო დარბაზს არანაკლებ 500 პერსონაზე.

მშენებლობა უნდა დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 28 თვეში და დასრულდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 თვეში. ამასთან, ქონების შემძენზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მითითებული პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების [ჯინჭარაძის ქ. N12-ში  საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ აშენება] სრულად შესრულების შემთხვევაში.

______________

მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე 

ცხრა წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

გიორგი ცხრა წლისაა, თუმცა საბავშვო ბაღში და სკოლაში არასდროს უვლია. როგორც გიორგის მამა, ემზარ რამიშვილი გვეუბნება, „გიორგი თანდაყოლილი მენინგიტით დაიბადა“, რის გამოც მას მუდმივი მკურნალობა და მეთვალყურეობა სჭირდება. ემზარ რამიშვილის თქმით, გიორგი სახელმწიფოსგან მხოლოდ შშმ პირისთვის განკუთვნილ პენსიას – 180 ლარს იღებს, სხვა სახელმწიფო პროგრამებით არასდროს უსარგებლია.

ცხრა წლის ბიჭს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული. „აუცილებლად უნდა შეაშველო ხელი, მალე იღლება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ხელში უნდა აიყვანო. ლაპარაკი უჭირს, ხუთ წლამდე რაღაც სიტყვებს ამბობდა, ახლა საერთოდ ვეღარ საუბრობს, აქვს ეპილეფსიური შეტევებიც. დარღვეული აქვს ძილის რეჟიმიც. თუ რვა საათზე დაიძინა, 1-2 საათში იღვიძებს და დილის 4-5 საათამდე ოთახებში დადის. იძულებული ვარ მეც ავდგე და ასე დავდივართ ოთახიდან ოთახში დილამდე“ – ამბობს ბავშვის მამა.

ემზარ რამიშვილის  თქმით, გიორგის ხანგრძლივი, ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.  „იაშვილის კლინიკაში დამყავს ხოლმე და სხვა ექიმებთანაც. მეუბნებიან, რომ დაავადება არ იკურნება, თუმცა მისი მართვა და ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება. რამდენიმე წამალი აქვს დანიშნული, რომელსაც იღებს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ბავშვის მდგომარეობა უარესდება,“ – გვითხრა ემზარ რამიშვილმა.

მამა ამბობს, რომ უნდა შვილს გამოკვლევა საზღვარგარეთ ჩაუტაროს, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს:

„მინდა დავრწმუნდე, რომ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან რამდენად სწორად მიმდინარეობს დღეს მისი მკურნალობა. 40 პროცენტით მაინც რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იქნებ რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც შეძლოს, ან მინიშნება, როცა რაიმე უნდა.“

ემზარ რამიშვილი ორ შვილთან ერთად მესამე წლია რაც ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. „ჩოხატაურში გვქონდა სახლი, გავყიდეთ და სტამბულში გადავედით საცხოვრებლად. თუმცა შემდეგ მე და ბავშვები ბათუმში დავბრუნდით, მეუღლე იქ დარჩა სამუშაოდ. უფროსი შვილი 17 წლისაა, მე მუდმივად გიორგისთან ვარ, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება,“ – ამბობს ემზარ რამიშვილი.

ბავშვის მამა ამბობს, რომ იქნებ გამოჩნდნენ გულისხმიერი ადამიანები ან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ცხრა წლის გიორგის დაეხმარებიან, უცხოეთში გამოკვლევა ჩაიტაროს: „სულ მცირე იმედიც რომ მომცენ, რომ გაუმჯობესდება ჩემი შვილის მდგომარეობა, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“.

_____________

მთავარ ფოტოზე: ემზარ რამიშვილი და 9 წლის გიორგი სასულიერო პირთან ერთად, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის ეზოში 

48 ათასი საჯარიმო ქვითრიდან გადახდილია 18 ათასი – პარკირების წესების დარღვევები ბათუმში

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 48 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. აქედან გადახდილია მხოლოდ 18 ათასი ქვითრის თანხა, აღსრულების ბიუროში კი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 ათასამდე საქმეა გადაგზავნილი.

ავტომობილების პარკირების ადმინისტრირებას 2018 წლის აპრილიდან ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სპეციალური სამსახური ახორციელებს. სტატისტიკა სწორედ ამ სამსახურმა მოგვაწოდა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში ავტომობილის მესაკუთრეებს რეგისტრირებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტით“ გაეგზავნა 29 ათასი საჯარიმო ქვითარი, თუმცა ადრესატს მხოლოდ 8 ათასი ჩაბარდა. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ქვითარი ადრესატს ჩაბარდა.

პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების სტატისტიკა [2018 წლის პირველი აპრილი-25 სექტემბერი]:

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ 10 აგვისტოდან ქვითრების რეგისტრირებულ მისამართებზე გაგზავნის მექანიზმი შეცვალეს და „საქართველოს ფოსტის“ გარდა სამსახურში კურიერებად 60 ქალი აიყვანეს, რომლებიც ადრე საქალაქო ტრანსპორტში კონდუქტორებად მუშაობდნენ.

„თანხის ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ავტომობილის მფლობელს არ ჩააბარებ ხელზე ქვითარს, იურიდიულ მისამართზე. შესაბამისად, აღსრულებაზეც ვერ ვაგზავნით საქმეს. ამ სერიოზული პრობლემის გამო ავიყვანეთ შტატგარეშედ 60 ქალბატონი საფოსტო-საკურიერო მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ დღესაც გვიწევს ბათუმს ფარგლებს გარეთ მომსახურებას, მაგრამ ფოსტის მომსახურება არაეფექტური იყო და თან ძალიან დიდი ფული მიჰქონდა,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი კონდუქტორების კურიერებად დასაქმებამ ეფექტი უკვე გამოიღო: „თუ „საქართველოს ფოსტის“ შემთხვევაში ჩაბარების მაჩვენებელი იყო 18-20% , დღეის მდგომარეობით დაახლოებით 40-45 %-ზე ავიდა ეს მაჩვენებელი“.

მიუხედავად ამისა, კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენი ქვითარი ჩააბარა დღეის მდგომარეობით ადრესატს კურიერმა, „ავტოტრანსპორტში“ ვერ გვითხრეს.

„თუ ფოსტა 10 ქვითრიდან აბარებდა 2-ს, აქ 10-დან 7 ბარდება. ჩვენი კურიერის ანაზღაურება თვეში 150 ლარია. ამასთან, გვაქვს წახალისებაც – ყოველ ჩაბარებულ საჯარიმო ქვითარზე 50 თეთრი და თუ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებს, შესაძლოა ბონუსი გაიზარდოს 1 ლარამდე. კურიერებს რამდენჯერმე უწევთ ერთისა და იმავე მისამართზე გასვლა, რომ ქვითარი ჩააბარონ. რაც შეეხება პარკირების კონტროლიორებს, 16 შტატია. კონტროლიორები შაბათ-კვირას ისვენებენ და არც წვიმიან დღეებში მუშაობენ, ვინაიდან წვიმაში საქარე მინაზე ქვითარს ვერ დატოვებ,“ – აცხადებენ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმების მექანიზმი უცვლელია – პარკირების წესების დამრღვევს ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითარს. თუ ავტომობილის მესაკუთრე 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, ქვითარს რეგისტრირებულ მისამართზე უგზავნიან.

პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, სააგენტო მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარს უკვე ფოსტის მეშვეობით, რეგისტრირებულ მისამართზე უგზავნის.

კანონით, საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ხდება სამართალდამრღვევზე ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე. დაჯარიმებულს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. კიდევ ერთ თვეში ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით გადაეგზავნება.

ამ თემაზე:

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

 

 

 

 

მოძრავი რობოტები და ქიმიური ცდები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

ხვალ, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიხსნება ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიღწევები. ღონისძიების მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში. სამეცნიერო პიკნიკზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ დასაშლელი  მულაჟის (ტორსი) დახმარებით დაათვალიერონ ადამიანის ორგანოები. ნახონ ქიმიური ორთქლმავალი, იისფერი კვამლი, დააკვირდნენ ლითონის ,,გახსნას“ წყალში. ფიზიკის დარგში წარმოდგენილი იქნება რობოტოტექნიკა და მართვის ავტომატიზებული მოწყობილობები.  ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ინტერაქტიულ პროგრამაში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში.

იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია დამთვალიერებლებს უჩვენებს თუ როგორ ხდება ანაბეჭდის აღება მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, ასევე, ადამიანის ფეხის კვალის აღება როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის დეტალური პროგრამა ასე გამოიყურება:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ქიმიის მიმართულებით – ვულკანი ჯამში (ან ვულკანი ჭიქაში), ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი (ეგვიპტის ღამე), საიდუმლო მელანი, ჯადოსნური რძე; ქიმიური ორთქლმავალი, იისფერი კვამლი, ლითონის ,,გახსნა“ წყალში, ,,ჯინი“ ფაიფურის ჭიქაში.

ბიოლოგიის მიმართულებით – მცენარის აგებულების დემონსტრირება, ნიადაგის მჟავიანობისა და ტენიანობის განსაზღვრა, მცენარეული უჯრედის დემონსტრირება.

მედიცინის მიმართულებით – ადამიანის ორგანოების დათვალიერება დასაშლელი მულაჟის (ტორსი) დახმარებით, თავის ქალაზე სტომატოლოგიური მანიპულაციების სიმულირება.

  • ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით – განახლებადი ენერგიის წყაროები, დაბალი და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მონიტორინგი და შეფასება, ელექტრომაგნიტური ველი – „მოჩვენება“ თუ რეალობა? გამზომი ხელსაწყოების დემონსტრირება: გარემოს ტემპერატურის გაზომვა დისტანციურად, მეტეოროლოგიური პარამეტრების განსაზღვრა (ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა, სიმაღლე ზღვის დონიდან). როგორი უნდა იყოს განათებულობა ჩვენ ირგვლივ (წარმოდგენილი იქნება ლუქსმეტრი, სინათლის წყაროს გამოსხივების სპექტრული ანალიზატორი). როგორი უნდა იყოს ხმაურის დონე, რეალობა და სტანდარტები (წარმოდგენილი იქნება ხმაურმზომი). ქარის სიჩქარისა და მიმართულების დადგენა (წარმოდგენილი იქნება ციფრული ანონიმეტრი). რობოტოტექნიკა და მართვის ავტომატიზირებული მოწყობილობები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოებისათვის, პროგრამირებადი მიკროკონტროლების მართვა QR კოდებით, ჭკვიანი ნაგვის ყუთი, წყალში შეტივტივებულ ნაწილაკებზე სინათლის გაბნევის გამზომი ხელსაწყო.

ასევე, მოეწყობა მათემატიკის მეცნიერების სიახლეებისა და მიღწევების გამოფენა.

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

გაცოცხლებული არქეოლოგია: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე, ექსპონატებით, „საბავშვო არქეოლოგია“.

სამეცნიერო გამოცემების გამოფენა (დაფინანსებული საგრანტო პროექტები); ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია: პონტოელი ბერძნები აჭარაში: წარსული და თანამედროვეობა.

  • იურიდიული ფაკულტეტი:

კრიმინალისტიკის ლაბორატორია – ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღება მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, რაც გამოიხატება კვალის აღმოჩენაში, მის დამუშავებასა და შესაბამისი წესით ამოღებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება მოხდება შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან, რაც მოხდება შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;

ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დანაშაულის ადგილის დათვალიერების დროს ფოტოგრაფირების მეთოდები და სახეები.

  • განათლების ფაკულტეტი:

,,სკოუნის“ ფარგლებში ჩატარებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მასალების გამოყენებით წარმოდგენილი იქნება ოთხი სექცია, თავისი ,,ცოცხალი სურათებით“ და შესაბამისი ფოტო-მასალით. დაიდგმება გაკვეთილები (მოკლე აქტივობების სახით) სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით: ლიტერატურის გაკვეთილი, სახალისო მათემატიკა, ადამიანის გენების მოლეკულური ანალიზი: რა მოხდა 500, 100 ან 60 ათასი წლის წინ და როგორ ვიგებთ ამის შესახებ; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება: სპორტი ჩვენს ცხოვრებაში.

  • ტურიზმის ფაკულტეტი:

ტურიზმის ფაკულტეტზე შექმნილი „გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი“ გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის საშუალებით მოახდენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმში არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების ვირტუალურ წარმოჩენას. თანამედროვე გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის განვითარებას. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ტურისტული დანიშნულების ადგილების ვირტუალურად დათვალიერება.

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

სახალისო ვიქტორინა #1 – კარავში განთავსებული იქნება გლობუსი. მოსულ სტუმარს/დამთვალიერებელს სურვილის შემთხვევაში გლობუსზე შეუძლია იპოვოს მითითებული ქვეყნის დედაქალაქი/სახელმწიფო/ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის ადგილი. გაიმარჯვებს ის, ვინც 5 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას. გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა # 2 – კარავში განთავსებული იქნება ევროპის ქვეყნების დროშები, მოსული სტუმარი/დამთვალიერებელი სურვილის შემთხვევაში გამოიცნობს მითითებული დროშის კუთვნილებას კონკრეტულ სახელმწიფოზე. გაიმარჯვებს ის, ვინც 3 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას. გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა # 3 – წარმოდგენილი იქნება ფსიქოლოგიური ამოცანები, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
მოხდება პიროვნების სტრუქტურის დადგენა ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით.

  • ტექნოლოგიური ფაკულტეტი:

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის ინოვაციური პროექტების, კონსტრუქციების გამოფენა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებულ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებს, სხვადასხვა ნაკეთობას ადგილზევე გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ მაკეტების დამზადების პროცესში. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ნაკეთობების მოხატვისა და მაკეტების აწყობის პროცესში. ნაჩვენები იქნება ფაბლაბის ლაბორატორიაში დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციების კარკასების მოდელები, რეზერვუარი/რეზერვუარები და ჭაბურღილების საბურღი მოწყობილობები, სატელეკომუნიკაციო კოშკები;

მოხდება სატელეკომუნიკაციო სიგნალების გატარების პროცესის დემონსტრირება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით; წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული და კლასიკური ნამუშევრების ასლების სადემონსტრაციო სტენდი.

ბსუ-ს მეცნიერ-მკვლევართა აქტუალური კვლევებისა და მიღწევების გამოფენა  (აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტები):

1. მიკროფილტრაციული აპარატი, რომელიც გამოიყენება თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციისთვის მათთვის გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მისანიჭებლად. მიკროფილტრაციულ აპარატზე მოვახდენთ ინსტიტუტში დამზადებული ღვინის ფილტრაციას.

2. ელექტროდიალიზური აპარატი, რომელიც გამოიყენება მეტალთა იონების შემცველი წყლების დაწმენდა-გაუვნებელყოფისთვის და ღირებული იონების რეკუპერაციისთვის ჩატარდება სპილენძის სულფატის ხსნარის ფილტრაცია-კონცენტრირება.

წყლის გაფილტვრის სისტემები- დემონსტრირებული იქნება სასმელი წყლის მემბრანული ფილტრები და სხვადასხვა ფილტრაციული სისტემები.

აკვაპონურ და ჰიდროპონური სტენდი – დემონსტრირებული იქნება აკვაპონურ-ჰიდროპონური ტექნოლოგია.

მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა – კლინიკის დანიშნულებაა მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკა და ბრძოლის რეკომენდაციების გაცემა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო და სხვა მნიშვნელოვანი მცენარეული კულტურების დაავადებულ ნიმუშებს. სპეციალისტთა მიერ იქვე ადგილზე მოხდება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების, მავნებლების დიაგნოსტიკა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსაზღვრა. დაავადებული ნიმუშები გროვდება და შემდგომი ღრმა კვლევისთვის გადაეცემა ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას, რის შემდგომაც დამატებით ხდება ინფორმირება წინასწარ ჩანიშნულ მისამართზე.

გამოიფინება ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პატენტები, გამოგონებები და მონოგრაფიები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – წარმოდგენილი იქნება ახალი ტიპის მიკროპროცესორული ხელსაწყოები, SCADE -ს სისტემები და მოძრავი რობოტები, ნაჩვენები იქნება ქიმიური ექსპერიმენტები რომელიც გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – იმიტირებული არქეოლოგიური ველი;

შპს აი თი აკადემია სტეპი – რამდენი შესაძლებლობა აქვს კომპიუტერს უჩვენებენ ბავშვებს.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი – სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი პიკნიკზე წარმოადგენს ბიოსამედიცინო სფეროში ცენტრის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ასევე ჩატარდება სახალისო ექსპერიმენტები და გამოკითხვები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და თავად მიიღონ მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები (13 – 18 წლის მოსწავლეები), გუნდურად წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ გამოგონებებს, დამთვალიერებლებს გააცნობენ პროექტების არსს, შემადგენლობას, მიზანს. გამოფენა იქნება ინტერაქტიული, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოსცადონ პროექტების ფუნქციები, ადგილზე ამუშაონ ისინი.
გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი, დამთვალიერებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საინტერესო, სახალისო და უსაფრთხო ექსპერიმენტების ჩატარებაში. მოსწავლეები შეასწავლიან დამთვალიერებლებს STEM-ის ელემენტარულ საფუძვლებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამკურნალო საშუალებების დამზადება, გარემოს ხარისხის კონტროლის ექსპერიმენტები; „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა; ქიმიური ექსპერიმენტები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – ინტერაქტიული პროგრამა: როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში? (ქაღალდის დამზადება, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა) შენიშვნა: მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა როგორც მთლიანად პროგრამაში, ისე ცალკეულ აქტივობებში

აქტივობა 1. ქაღალდის დამზადება შუა საუკუნეების ტექნოლოგიით; აქტივობა 2. ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით („ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების კალიგრაფიული გადაწერა, საკუთარი სახელის კალიგრაფიული შესრულება);

აქტივობა 3. ქაღალდისა და ძაფის ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით;

აქტივობა 4. წიგნის აკინძვა. ყდის მხატვრული გაფორმება ოქრომელნითა და ძვირფასი ქვების იმიტაციით.

აქტივობა 5. „როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი“ – კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა ანიმაციის ელემენტებით და ტესტით რესტავრაციის ვორქშოფი – აქტივობის ფარგლებში მონაწილეები აღადგენენ დაზიანებულ ფურცელს. პატარებისთვის: „ვეფხისტყაოსნის მზეთუნახავები და რაინდები“ – გასაფერადებლის გაფერადება

6 თვით პატიმრობა ორსულ ცოლზე, სიდედრსა და დედაზე ძალადობისთვის

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა 6 თვით პატიმრობა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა ხელვაჩაურში მცხოვრებ დ.კ.-ს. იგი ფეხმძიმე ცოლზე, სიდედრსა და საკუთარ დედაზე ძალადობისთვის გაასამართლეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დ.კ.-მ თავდაპირველად ჩხუბი ცოლს დაუწყო, რომელიც იმ დღეს ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და შინ დედასთან ერთად დაბრუნდა. კონფლიქტის დროს ბრალდებულის დედას მცირეწლოვანი შვილიშვილი ხელში ეჭირა.

საქმის განხილვის დროს შვილის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულის დედამ მისცა:

„ჩემმა შვილმა ფეხმძიმე მეუღლეს ესროლა ჭიქა და ბოთლი. მე ხელში შვილიშვილი მეჭირა… შუაში ჩავდექი. მისი მოქნეული ხელი მე მომხვდა სახეში, ტკივილი განვიცადე“, – უთხრა მან მოსამართლეს.

ჩვენება სასამართლოს ნაცემმა ფეხმძიმე ქალმაც მისცა. მან თქვა, რომ ბოთლის და ჭიქის მოხვედრის დროს მუცლის არეში ტკივილი იგრძნო. სამეანო-ულტრაბგერითი კვლევის შედეგის მიხედვით, ქალი ამ დროს 7 კვირის ფეხმძიმე იყო.

ბრალდებული: „ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენ უკვე შევრიგდით…“

სასამართლო: „დ.კ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება…“

საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს „ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნებათ“.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, განაჩენში კი ჩაწერა:

„სასამართლო თვლის, რომ დ.კ.-ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა  მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ.კ.-ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას“.

 

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ პროგრამებზე სთავაზობს:

[checklist]

  • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა
  • რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი
  • რკინიგზის ელექტრომომარაგება
  • ლოკომოტივის მართვა
  • სავაგონო მეურნეობა
  • სარკინიგზო გადაზიდვები
  • რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია ცენტრალიზაცია და ბლოკირება
  • რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა

[/checklist]

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატებისათასწლეულის გამოწვევის ფონდისპროექტის– „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის,“ ფარგლებში არის დაფინანსებული.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის პირველ ნახევარში შესაძლოა იწვიმოს, დღის მეორე ნახევარში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 22.5  გრადუსია. ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

Exit mobile version