მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი   მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

დღეს, 28 სექტემბერს, რიგებია საქართველოს იუსტიციის სახლებში, სადაც დარეგისტირებას ის პირები ცდილობდნენ, რომელთაც კანონი შეეხებათ.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,   ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან), ვალდებულია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

როგორც იუსტიციის სახლის პრესსამსახურში გვითხრეს, დღეს თბილისში იუსტიციის სახლი 22 საათამდე იმუშავებს, ბათუმის იუსტიციის სახლში კი აცხადებენ, რომ ექვს საათზე იუსტიის სახლი დაიკეტება, თუმცა ოპერატორები მოემსახურებიან შენობაში მყოფ ყველა მოქალაქეს.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი

_________

მთავარ ფოტოზე: რიგი ბათუმის იუსტიციის სახლში, 28 სექტემბერი 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com