მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

28.09.2018 •
ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში.

„მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის დაგეგმილი ხუთვარსკვლავიანი, სასტუმრო „მარიოტის“ ქსელის გაკეთება, მე ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის ეს არის შესანიშნავი ტურისტული შესაძლებლობა. თქვენ არ გინახავთ სხვა ქალაქებში ზღვისპირა ზოლში სწორად გაკეთებილი ცათამბჯენები? იქ [ბათუმის იახტკლუბთან] არ არის ძველი ქალაქი, ეს ერთი, მეორეც – მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ და იქ, სადაც ახალი ერწყმის თუნდაც ძველს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები.

ბევრი ტურისტისგან მომისმენია, რომ ჩვენი ხიბლი არის ახლისა და ძველის სინთეზში. ზოგადად, ტურიზმის განვითარებას სჭირდება თამამი გადაწყვეტილებები, სჭირდება თანამედროვე სასტუმროები, სჭირდება ცათამბჯენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გემოვნებით და დახვეწილად გაკეთებული, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ გადაცემაში.

ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი. „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, ოცდაშვიდსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, ბათუმის იახტკლუბთან კი „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი შენობის აგებას გეგმავს, მათგან ყველაზე მაღალი შესაძლოა 40-სართულიანი იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: