“დაჯექით, ბატონო მირდატ, დაჯექით და ისე გვესაუბრეთ,”- რამდენჯერმე მოუწოდეს საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მირდატ ქამადაძეს. მან დღევანდელ სხდომაზე სულიკო თებიძეს “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარზე პასუხი მოსთხოვა.
სულიკო თებიძემ „ბათუმელებს“ 31 აგვისტოს უთხრა, რომ გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხი ოფიციალურად საკრებულოში არ შესულა, ხოლო მოსახლეობა სახელის შეცვლის წინააღმდეგ წავიდა. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და დადასტურდა, რომ მოსახლეობის წერილი გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების წინააღმდეგ ბათუმის საკრებულოში არ შესულა.
“თქვენ აღნიშნეთ, რომ ქუჩებისთვის სახელის შეცვლის საკითხი საკრებულოში ოფიციალურად არ შემოსულა…”- დაიწყო მირდატ ქამადაძემ.
“არ შემოსულა და სხდომის შემდეგ გაჩვენებთ მაგას. ტყუილად ქულებს ნუ ჩაიწერთ,”- შეაწყვეტინა საუბარი საკრებულოს წევრს თავმჯდომარემ.
“თუ არ შემოსულა ოფიციალურად, განათლების კომისიამ როგორ განიხილა მაშინ?”- იკითხა მირდატ ქამადაძემ. ამჯერად მას განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ, უთხრა ხმამაღლა, რომ კომისია ამ საკითხს მაშინ განიხილავს, როცა საჭიროდ მიიჩნევს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებისთვის სახელების შეცვლის საკითხი გასულ კვირას შეიტანა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხს ვერ განიხილავდნენ, რადგან საკითხზე ჯერ განათლების კომისიამ უნდა იმსჯელოს.
„რატომ არ ჩატარდა კომისიის სხდომა? მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აგვისტოს ომის გმირების შესახებ,“ – განაგრძო მირდატ ქამადაძემ.
“ღვინით სავსე ჭიქა ხომ არ მოგაწოდოთ ხელში? დგას აქ და მორალს კითხულობს,”- მიმართა კოლეგას ირაკლი პატარიძემ. მან მირდატ ქამადაძეს საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრმა ომარ მახარაძემ თქვა:
“თქვენ არ გაქვთ ამ თემაზე საუბრის უფლება… ომის დროს დატოვეთ ქვეყანა,”- თქვა მან.
“ვინ დატოვა ქვეყანა? კონკრეტულად თქვით,”- იკითხეს საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.
“საცირკო სანახაობა ხომ არაა ეს, აზრი გამოთქვით,”- პროტესტის გრძნობა გაუჩნდა საკრებულოს თავმჯდომარესაც.
“შოუ შედგა” – დასძინა სულიკო თებიძემ მას შემდეგ, როცა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.