მთავარი,სიახლეები

6 თვით პატიმრობა ორსულ ცოლზე, სიდედრსა და დედაზე ძალადობისთვის

27.09.2018 • 1758
6 თვით პატიმრობა ორსულ ცოლზე, სიდედრსა და დედაზე ძალადობისთვის

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა 6 თვით პატიმრობა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა ხელვაჩაურში მცხოვრებ დ.კ.-ს. იგი ფეხმძიმე ცოლზე, სიდედრსა და საკუთარ დედაზე ძალადობისთვის გაასამართლეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დ.კ.-მ თავდაპირველად ჩხუბი ცოლს დაუწყო, რომელიც იმ დღეს ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და შინ დედასთან ერთად დაბრუნდა. კონფლიქტის დროს ბრალდებულის დედას მცირეწლოვანი შვილიშვილი ხელში ეჭირა.

საქმის განხილვის დროს შვილის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულის დედამ მისცა:

„ჩემმა შვილმა ფეხმძიმე მეუღლეს ესროლა ჭიქა და ბოთლი. მე ხელში შვილიშვილი მეჭირა… შუაში ჩავდექი. მისი მოქნეული ხელი მე მომხვდა სახეში, ტკივილი განვიცადე“, – უთხრა მან მოსამართლეს.

ჩვენება სასამართლოს ნაცემმა ფეხმძიმე ქალმაც მისცა. მან თქვა, რომ ბოთლის და ჭიქის მოხვედრის დროს მუცლის არეში ტკივილი იგრძნო. სამეანო-ულტრაბგერითი კვლევის შედეგის მიხედვით, ქალი ამ დროს 7 კვირის ფეხმძიმე იყო.

ბრალდებული: „ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენ უკვე შევრიგდით…“

სასამართლო: „დ.კ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება…“

საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს „ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნებათ“.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, განაჩენში კი ჩაწერა:

„სასამართლო თვლის, რომ დ.კ.-ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა  მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ.კ.-ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: