მთავარი,სიახლეები

„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს

27.09.2018 • 5251
„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს

პრეზიდენტობის კანდიდატის რეალური მაჩვენებლის გასაგებად „გირჩი“ ამომრჩევლებს ტოტალიზატორს სთავაზობს. პოლიტიკური პარტია განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პირობას დებს, რომ თუკი არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძე 5 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამომრჩეველი ფსონად დადებული თანხის 100 პროცენტს მიიღებს. მინიმალური ფსონი 1000 ლარია.

არჩევნებთან დაკავშირებით ინტერნეტტოტალიზატორის მოწყობა „გირჩმა“ ერთ-ერთი კვლევის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – ზურაბ ჯაფარიძეს ამომრჩევლების 2% უჭერს მხარს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ცესკოსთვის საჩივრით მიმართვას აპირებს, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ტოტალიზატორის მოწყობა აკრძალულია.

„საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე არის აკრძალული. მხოლოდ ეს დათქმაა საარჩევნო კოდექსში,“ – ამბობს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

კანონი კონკრეტულ სანქციას ამ მუხლის დარღვევისთვის არ ითვალისწინებს. შესაბამისად, უცნობია, რა სანქციას გამოიყენებს ცესკო „გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

„გირჩის წაგებაზე კუში არის 2.0. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ ორნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია. თუ კვლევის გჯერათ, დადეთ!“ – ნათქვამია „გირჩის“მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტია ფეისბუქგვერდზე ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, სადაც ადამიანებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შესაბამისი მითითებით „ფსონი“.

იაგო ხვიჩია, „გირჩის“ ლიდერი, ამბობს, ეს „პოლიტიკური აქტია: „ამით ჩვენ ვპასუხობთ იმ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა მედიასაშუალება და ამას ასაღებენ, როგორც ჭეშმარიტებას. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს იდიოტური კანონები, რომლებიც რაღაცას კრძალავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდემლობას, რომც ეწინააღმდეგებოდეს, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დაუმორჩილებლობის აქტი ჩაგვიდენია. ყველას შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და ვნახოთ, როგორ ენდობიან ადამიანები „რუსთავი 2“-ის კვლევას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: