მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და სხვები „ოცნების“ ოფისში „შემთხვევით“ შეიკრიბნენ


დღეს, პარასკევს, 28 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათის შემდეგ „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მივიდა. ოფისში მივიდნენ, ასევე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც პარალელურად ბათუმის  პარტიული ოფისის ხელმძღვანელია, უმაღლესი საბჭოს წევრები: ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ჭეიშვილი და მერაბ კარანაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრი დიმიტრი ჭეიშვილი და სხვები. შეკრების მიზეზი არც ერთმა პირმა არ დაასახელა, რომლებთან გასაუბრებაც „ბათუმელებმა“ პარტიის ოფისში შესვლამდე მოახერხა. მათგან უმეტესობამ „არ იცის“ რა შეხვედრაა და რაზე სასაუბროდ მიიწვიეს, ზოგი კი ამბობდა, რომ არ მიუწვევიათ: „ისე შემოვიარე.“

„ისე შემოვლილებმა“ ზუსტად ახლა გაიგეს ის, რომ შეხვედრა ყოფილა და ისიც, რომ მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერიც, „აქ ყოფილან“.

უკვე ტრადიციად ქცეული ამბავია, როცა არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც სხვა პარტიების, მმართველი გუნდის პარტიული ოფისის კარიც საგულდაგულოდ იკეტება, მოახლოებული შემდგომი არჩევნების შემდეგ კი ეს კარი იღება და განსაკუთრებით საღამოობით იქ პარტიის აქტივისტები იკრიბებიან. ჟურნალისტებისთვის ამ კარების ზღურბლის გადალახვა თითქმის შეუძლებელია, უმეტესწილად შეხვედრები დახურულია და იდენტურია პასუხებიც: „მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, ჩვენ სულ ასე ვიკრიბებით, კვირაში ერთხელ მაინც.“

მიმდინარე საკითხებს არავინ აკონკრეტებს:

„არ ვიცი რა შეხვედრაა, ისე მოვედი, რომ გამოვალ მერე გეტყვით რაზე იყო საუბარი, აქტივისტების შეხვედრაა და მეც, მე მგონი ერთ-ერთ აქტივისტად ვითვლები,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ შენობაში შესვლამდე.

პარტიულ ოფისში, პარასკევს საღამოს შვიდი საათის შემდეგ „ისე შემოარეს“ უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხვიჩა შარაშიძემ და მერაბ კარანაძემაც, შეხვედრის შესახებ მათაც „არაფერი იცოდნენ“.

„შემთხვევით მოვიდა ამჯერად“, მაგრამ გვითხრა რომ „ყოველდღე დადის აქ“ ჯუმბერ კობალაძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი: „მე და ჩემი ბიჭები აქ ყოველდღე მოვდივართ“- გვითხრა მან.

შეხვედრა ამ წუთებშიც [20:30] გრძელდება.

___________

მთავარ ფოტოზე: შეხვედრის მონაწილეები „ოცნების“ ოფისის აივანზე 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი