მთავარი,სიახლეები

28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

28.09.2018
28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

„ხელს მიშლით“, – გაიმეორა რამდენჯერმე საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე, სადაც მწვანე კონცხის რეკრეაციულ ზონაში 28-სართულიანი კორპუსების მშენებლობას დაუჭირეს მხარი. ვიდრე დეპუტატები თანხმობის ნიშნად ხელს ასწევდნენ, დარბაზში საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა ირმა ზოიძემ და შოთა გუჯაბიძემ პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, რეკრეაციულ ზონაში კორპუსების აშენება დაუშვებელია და მეორე: გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ საზოგადოების და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო.

„არანაირი შენიშვნა აქამდე არ შემოსულა, საქმისწარმოების დროს,“ – მიმართა ტრიბუნიდან „ბათომის“ წევრებს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა.

შოთა გუჯაბიძემ და ირმა ზოიძემ კონკრეტული პასუხის გაცემა მოითხოვეს კითხვაზე: სად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიას მწვანე კონცხის მშენებლობის შესახებ საზოგადოების აზრი აინტერესებდა.

„მე არაერთხელ ვისაუბრე ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, ვთქვი, რომ დაწყებულია ამ საკითხზე საქმისწარმოება,“ – აღნიშნა მირიან მეტრეველმა.

შედგა თუ არა დისკუსია მწვანე კონცხზე მაღლივი კორპუსების აშენების თემაზე? – „ბათუმელებს“ მირიან მეტრეველმა უთხრა, რომ მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა, რადგან „შენიშვნები მერიაში არ შემოსულა“.

მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში ოცდარვასართულიანი სასტუმროს და მრავალფუნქციური ობიექტის აშენებას გეგმავს „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“  აპირებს. პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღლივი კარკასისგან შედგება, რომელთაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს.

„შეიძლება ეს ასე გავატაროთ, ვითომ არაფერი ხდება? საკრებულოს წევრებს პროტესტი არავის უჩნდება?“ – იკითხა ირმა ზოიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრმა.

„მე მაინტერესებს, სადაც ეს ცვლილებები ხდება, მართლაც რეკრეაციული ზონაა?“ – იკითხა მიხეილ ართმელაძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა. ის ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც მერიის წარმომადგენელს თანხმობის მიცემამდე კითხვა დაუსვა.

„კი, რეკრეაციული ზონაა, მაგრამ ზონა იცვლება, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმიანობის ზონა,“ – უპასუხა საკრებულოს წევრს მირიან მეტრეველმა, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა.

„რაც შეეხება გამოქვეყნებას, საკითხს განხილვამდე ჩვენ ვაქვეყნებთ გაზეთ „აჭარაში“ და ასევე იყო ინფორმაცია ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ.

„განხილვა მინიმუმ ორი პირის ჩართულობას ხომ გულისხმობს? ვის ესაუბრეთ, რომ გაგეგოთ ამ საკითხზე პოზიცია?“ – იკითხა შოთა გუჯაბიძემ.

„მაინტერესებს, აქ როგორ მოხვედით ყველა ერთად?“ – იკითხა უმრავლესობის დეპუტატმა ნატალია ზოიძემ.

პროტესტის ნიშნად შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვა. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა.

რატომ ჩათვალა მერიამ მიზანშეწონილად მწვანე კონცხზე მაღლივი კორპუსების აშენება? – „ბათუმელებს“ მირიან მეტრეველმა შეკითხვაზე ასე უპასუხა:

„მერიის აზრით, საინვესტიციო წინადადება უნდა დაკმაყოფილდეს… ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ კორპუსი 40 სართულზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად განიხილებოდა 42 სართული, ახლა არის 28 სართულზე. ტურიზმის კუთხით ეს იქნება განვითარება,“ – მიიჩნევს მირიან მეტრეველი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 28 სექტემბერს, ე.წ. „რივიერას“ მიმდინარე ტერიტორიაზე ახალი კორპუსების მშენებლობის საკითხსაც შეეხნენ. საქმისწარმოება „რივიერაზე“ დღეს დაიწყო და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების მიწოდება მერიისთვის შეუძლიათ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი თვის შიგნით ჩვენ მივცემთ კონკრეტულ რეკომენდაციას ამ კომპანიას, თუ რა სახით შეიძლება წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები“, – დასძინა მირიან მეტრეველმა.

მირიან მეტრეველი

საკრებულოს სხდომა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: