მთავარი,სიახლეები

ცხრა წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

27.09.2018 • 2295
ცხრა წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

გიორგი ცხრა წლისაა, თუმცა საბავშვო ბაღში და სკოლაში არასდროს უვლია. როგორც გიორგის მამა, ემზარ რამიშვილი გვეუბნება, „გიორგი თანდაყოლილი მენინგიტით დაიბადა“, რის გამოც მას მუდმივი მკურნალობა და მეთვალყურეობა სჭირდება. ემზარ რამიშვილის თქმით, გიორგი სახელმწიფოსგან მხოლოდ შშმ პირისთვის განკუთვნილ პენსიას – 180 ლარს იღებს, სხვა სახელმწიფო პროგრამებით არასდროს უსარგებლია.

ცხრა წლის ბიჭს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული. „აუცილებლად უნდა შეაშველო ხელი, მალე იღლება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ხელში უნდა აიყვანო. ლაპარაკი უჭირს, ხუთ წლამდე რაღაც სიტყვებს ამბობდა, ახლა საერთოდ ვეღარ საუბრობს, აქვს ეპილეფსიური შეტევებიც. დარღვეული აქვს ძილის რეჟიმიც. თუ რვა საათზე დაიძინა, 1-2 საათში იღვიძებს და დილის 4-5 საათამდე ოთახებში დადის. იძულებული ვარ მეც ავდგე და ასე დავდივართ ოთახიდან ოთახში დილამდე“ – ამბობს ბავშვის მამა.

ემზარ რამიშვილის  თქმით, გიორგის ხანგრძლივი, ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.  „იაშვილის კლინიკაში დამყავს ხოლმე და სხვა ექიმებთანაც. მეუბნებიან, რომ დაავადება არ იკურნება, თუმცა მისი მართვა და ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება. რამდენიმე წამალი აქვს დანიშნული, რომელსაც იღებს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ბავშვის მდგომარეობა უარესდება,“ – გვითხრა ემზარ რამიშვილმა.

მამა ამბობს, რომ უნდა შვილს გამოკვლევა საზღვარგარეთ ჩაუტაროს, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს:

„მინდა დავრწმუნდე, რომ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან რამდენად სწორად მიმდინარეობს დღეს მისი მკურნალობა. 40 პროცენტით მაინც რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იქნებ რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც შეძლოს, ან მინიშნება, როცა რაიმე უნდა.“

ემზარ რამიშვილი ორ შვილთან ერთად მესამე წლია რაც ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. „ჩოხატაურში გვქონდა სახლი, გავყიდეთ და სტამბულში გადავედით საცხოვრებლად. თუმცა შემდეგ მე და ბავშვები ბათუმში დავბრუნდით, მეუღლე იქ დარჩა სამუშაოდ. უფროსი შვილი 17 წლისაა, მე მუდმივად გიორგისთან ვარ, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება,“ – ამბობს ემზარ რამიშვილი.

ბავშვის მამა ამბობს, რომ იქნებ გამოჩნდნენ გულისხმიერი ადამიანები ან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ცხრა წლის გიორგის დაეხმარებიან, უცხოეთში გამოკვლევა ჩაიტაროს: „სულ მცირე იმედიც რომ მომცენ, რომ გაუმჯობესდება ჩემი შვილის მდგომარეობა, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“.

_____________

მთავარ ფოტოზე: ემზარ რამიშვილი და 9 წლის გიორგი სასულიერო პირთან ერთად, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის ეზოში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: