მთავარი,სიახლეები

48 ათასი საჯარიმო ქვითრიდან გადახდილია 18 ათასი – პარკირების წესების დარღვევები ბათუმში

27.09.2018 • 2813
48 ათასი საჯარიმო ქვითრიდან გადახდილია 18 ათასი – პარკირების წესების დარღვევები ბათუმში

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 48 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. აქედან გადახდილია მხოლოდ 18 ათასი ქვითრის თანხა, აღსრულების ბიუროში კი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 ათასამდე საქმეა გადაგზავნილი.

ავტომობილების პარკირების ადმინისტრირებას 2018 წლის აპრილიდან ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სპეციალური სამსახური ახორციელებს. სტატისტიკა სწორედ ამ სამსახურმა მოგვაწოდა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში ავტომობილის მესაკუთრეებს რეგისტრირებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტით“ გაეგზავნა 29 ათასი საჯარიმო ქვითარი, თუმცა ადრესატს მხოლოდ 8 ათასი ჩაბარდა. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ქვითარი ადრესატს ჩაბარდა.

პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების სტატისტიკა [2018 წლის პირველი აპრილი-25 სექტემბერი]:

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ 10 აგვისტოდან ქვითრების რეგისტრირებულ მისამართებზე გაგზავნის მექანიზმი შეცვალეს და „საქართველოს ფოსტის“ გარდა სამსახურში კურიერებად 60 ქალი აიყვანეს, რომლებიც ადრე საქალაქო ტრანსპორტში კონდუქტორებად მუშაობდნენ.

„თანხის ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ავტომობილის მფლობელს არ ჩააბარებ ხელზე ქვითარს, იურიდიულ მისამართზე. შესაბამისად, აღსრულებაზეც ვერ ვაგზავნით საქმეს. ამ სერიოზული პრობლემის გამო ავიყვანეთ შტატგარეშედ 60 ქალბატონი საფოსტო-საკურიერო მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ დღესაც გვიწევს ბათუმს ფარგლებს გარეთ მომსახურებას, მაგრამ ფოსტის მომსახურება არაეფექტური იყო და თან ძალიან დიდი ფული მიჰქონდა,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი კონდუქტორების კურიერებად დასაქმებამ ეფექტი უკვე გამოიღო: „თუ „საქართველოს ფოსტის“ შემთხვევაში ჩაბარების მაჩვენებელი იყო 18-20% , დღეის მდგომარეობით დაახლოებით 40-45 %-ზე ავიდა ეს მაჩვენებელი“.

მიუხედავად ამისა, კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენი ქვითარი ჩააბარა დღეის მდგომარეობით ადრესატს კურიერმა, „ავტოტრანსპორტში“ ვერ გვითხრეს.

„თუ ფოსტა 10 ქვითრიდან აბარებდა 2-ს, აქ 10-დან 7 ბარდება. ჩვენი კურიერის ანაზღაურება თვეში 150 ლარია. ამასთან, გვაქვს წახალისებაც – ყოველ ჩაბარებულ საჯარიმო ქვითარზე 50 თეთრი და თუ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებს, შესაძლოა ბონუსი გაიზარდოს 1 ლარამდე. კურიერებს რამდენჯერმე უწევთ ერთისა და იმავე მისამართზე გასვლა, რომ ქვითარი ჩააბარონ. რაც შეეხება პარკირების კონტროლიორებს, 16 შტატია. კონტროლიორები შაბათ-კვირას ისვენებენ და არც წვიმიან დღეებში მუშაობენ, ვინაიდან წვიმაში საქარე მინაზე ქვითარს ვერ დატოვებ,“ – აცხადებენ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმების მექანიზმი უცვლელია – პარკირების წესების დამრღვევს ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითარს. თუ ავტომობილის მესაკუთრე 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, ქვითარს რეგისტრირებულ მისამართზე უგზავნიან.

პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, სააგენტო მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარს უკვე ფოსტის მეშვეობით, რეგისტრირებულ მისამართზე უგზავნის.

კანონით, საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ხდება სამართალდამრღვევზე ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე. დაჯარიმებულს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. კიდევ ერთ თვეში ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით გადაეგზავნება.

ამ თემაზე:

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: