სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობის მოსურნე კომპანია: ცინიკურია სატენდერო კომისიის შენიშვნები


ტენდერში მონაწილე კერძო კომპანია ცინიკურს უწოდებს იმ შენიშვნებს, რაც შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიას აქვს ამ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე აქვს გამოცხადებული და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება.

შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. სატენდერო კომისიის ოქმით კი, მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება დაევალა.

„კომისიამ განიხილა და იმსჯელა 84 საკითხზე [ქვესაკითხზე]. ვთვლით, რომ გარდა იმისა, რომ კომისიის შეფასება კრიტიკის ზღვარს სცდება, ობიექტურად, ამ საკითხების დასაზუსტებლად გვესაჭიროება დამატებითი გონივრული ვადა [მოცემული ვადა – 3 სამუშაო დღე აბსოლუტურად არაგონივრულია მრავალპუნქტიანი შენიშვნების გასათვალისწინებლად] და გთხოვთ, იმსჯელოთ და განსაზღვროთ დამატებითი გონივრული ვადა ოქმით გათვალისწინებული საკითხების დასაზუსტებლად“, – აღნიშნულია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ სატენდერო კომისიისადმი გაგზავნილ წერილში.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიამ კომპანიას დაზუსტების დრო არ გაუხანგრძლივა. შესაბამისად, კომპანიამ კომისიის შენიშვნები 8 აგვისტომდე უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.

ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ მეორედ მონაწილეობს. ადრე გამოცხადებულ ტენდერში ის ჯერ გამარჯვებულად გამოაცხადეს, საბოლოოდ კი ტენდერი შეწყვიტეს.

„ჩვენი, როგორც მიმწოდებლის მოტივაციაა უკვე მეორეჯერ გავიმარჯვოთ ტენდერში და ბიუჯეტში დავზოგოთ თანხა 418 ათასი ლარის ფარგლებში“, – აღნიშნულია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ წერილში.

ამავე წერილში კომპანია ტექნიკური ზედამზედველის გარეშე მიმდინარე მშენებლობის გამო „მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში“ სატენდერო კომისიას მის პასუხისმგებლობას ახსენებს [სტადიონი მერვე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე შენდება]:

„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ „სტადიონის“ სატენდერო კომისიაში გაგზავნილი წერილიდან

სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ გარდა კიდევ 2 კომპანია მონაწილეობდა.

პრეტენდენტთა საბოლოო შეთავაზებები იყო: „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ – 1 970 256 ლარი; „სიემსი“ – 2 388 580 ლარი და „ოიკო ჯგუფი“ – 2 388 583 ლარი. ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 2 437 431 ლარი იყო.

 

მთავარი ფოტო: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com