მთავარი,სიახლეები

ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებული სახლის ადგილას მშენებლობა ექვს თვეში უნდა დაიწყოს

27.09.2018 • 2277
ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებული სახლის ადგილას მშენებლობა ექვს თვეში უნდა დაიწყოს

მეორე მცდელობისა და ფასის განახევრების შემდეგ ბათუმის მერიამ ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთი 575 850 ლარად და პირობით გაყიდა. მთავარი პირობა იგივე დარჩა – მყიდველმა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ  უნდა ააშენოს. პირველ აუქციონზე მერია ნაკვეთს მილიონ 47 ათას 700 ლარად [საწყისი ფასი] და პირობით ჰყიდდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მყიდველი 2018 წლის 31 აგვისტოს დარეგისტრირებული კომპანია შპს „ბილდსმორია“, კომპანიის   ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი კი  ნინო განჯელაშვილია.

აუქციონით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადაში ჯინჭარაძის ქუჩაზე. N12-ში მდებარე 7724,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დანგრეული შენობის  ადგილზე [მიწის ფართობი: დაახლოებით 313,0 კვ.მ.] ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვება, მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპებზე კი, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა თანხმობების მიღება უნდა შეძლოს. მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში და დასრულდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში. საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, მანსარდით, 10 საცხოვრებელი ბინით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად მშენებლობის დაწყებამდე აწარმოოს დაკვირვება მეზობლად, ჯინჭარაძის N14-ში მდებარე N2 შენობაზე, რომელიც დაზიანდა აფეთქების შედეგად. არსებულ ბზარებზე ყალაურების დადების გზით დაკვირვება ასევე უნდა გაგრძელდეს დანგრეული შენობის ადგილზე ახალი მშენებლობის განხორციელებისას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა სამშენებლო მოედნის გარშემო არსებულ შენობებს მშენებლობის დაწყებამდე ჩაუტარდეს წინასწარი ექსპერტიზა მათი მდგომარეობის დასაფიქსირებლად. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას  შენობის მდგომარეობის საშიშ დონემდე მიღწევის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იმოქმედოს მითითებული დასკვნის შესაბამისად და საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით გაამაგროს შენობა.

აუქციონის პირობით მყიდველმა დაზარალებულებს ბინები უნდა გაურემონტოს.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩაზე, აუქციონის პირობების მიხედვით საკუთრებაში გადაცემულ 5429,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე მყიდველმა უნდა უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

შენობა უნდა შეიცავდეს მიწისქვეშა ან/და ღია ავტოსადგომს, მყიდველის სურვილის შესაბამისად – საცხოვრებელ ბინებს, სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ან/და სარიტუალო დარბაზს არანაკლებ 500 პერსონაზე.

მშენებლობა უნდა დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 28 თვეში და დასრულდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 თვეში. ამასთან, ქონების შემძენზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მითითებული პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების [ჯინჭარაძის ქ. N12-ში  საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ აშენება] სრულად შესრულების შემთხვევაში.

______________

მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: