მთავარი,სიახლეები

ბათუმში, 14 სახლში, ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ

30.01.2019 • 2594
ბათუმში, 14 სახლში, ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ბათუმში, 14 მრავალბინიან სახლში, ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია –  ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს. თუმცა აქ ამბობენ, რომ ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ექსპერტიზის ბიურო მერიაში დასკვნების გაგზავნას ჯერ კიდევ აგრძელებს.

მდგრადობის თვალსაზრისით საეჭვო სახლები მერიის სერვისცენტრებმა აღწერეს. ვიზუალური მონაცემების მიხედვით, ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ უბანში 99 სახლი შეარჩიეს. გადამოწმების შემდეგ მერიაში ეს ციფრი ოცდაათამდე შეამცირეს, რომელთა მდგრადობის შემოწმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთეს.

სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ამათგან 14 სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, იმ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის, რომელთა სახლებიც გამაგრება-გარემონტებას არ ექვემდებარება, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი ბინების შეთავაზებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ბინები იქნება გაურემონტებელი, მერია მათ დამატებით გადასცემს რემონტისთვის საჭირო თანხას – ერთ კვადრატულ მეტრზე 250 ლარს.

ამ ინიციატივით მერიამ ბათუმის საკრებულოს  უკვე მიმართა, თუმცა საკითხის განხილვა უმრავლესობის წევრების მოთხოვნით გადაიდო. მერს ვკითხეთ იმის შესახებაც, არიან თუ არა ავარიული სახლების ტერიტორიებით მშენებელი კომპანიები დაინტერესებულები. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მერია სიამოვნებით განიხილავს მათ წინადადებებს, თუ ისინი მოსახლეობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებენ.

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: