მთავარი,სიახლეები

34 წლის ასაკში შეძენილი პირველი პროფესია

30.01.2019 • 1356
34 წლის ასაკში შეძენილი პირველი პროფესია

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზაზა კვიკვინიას ორსართულიანი, კერძო სახლის პირველ სართულზე ავეჯის სახელოსნო აქვს მოწყობილი. ხობი პატარა მუნიციპალიტეტია და ზაზას ყველა იცნობს, ახალ ავეჯსაც ყველა მას უკვეთავს.

ხელობა ყოფილმა პატიმარმა წელიწად-ნახევრის წინ ისწავლა და უკვე ერთი წელია, რაც პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა.

როგორც თავად ამბობს, იმდენი შეკვეთა აქვს, რომ ხშირად სხვა ვერაფრისთვის იცლის.

ზაზა გეგუთის ციხეში სასჯელს 2 წელი იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ ავეჯის ქარხანაში მომუშავე მეგობარმა სთხოვა საქმეში დახმარებოდა. თბილისში გადაბარგდა ახალი საქმის დაწყების იმედით. მერე პრობაციის სააგენტოდან დაუკავშირდნენ და ავეჯის ოსტატობის შემსწავლელ კურსზე სიარული შესთავაზეს. ზაზა დათანხმდა და ასე შეიძინა პირველი პროფესია 34 წლის ასაკში.

ხობში დაბრუნდა, ხელსაწყოების ნაწილი თავად შეიძინა, ნაწილი დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს, სახელოსნო მოაწყო და საქმეს შეუდგა.

ყველა ტიპის ავეჯს აწყობს საძინებლის, სამზარეულოსა თუ მისაღებისთვის.

ამბობს, რომ ახალშეძენილმა პროფესიამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ცოლის ძმაც დაასაქმა საწარმოში. ოჯახს ახლა თავისუფლად არჩენს, ჰყავს მეუღლე, ორი წლის გოგონა და მშობლები.

„ბევრ ყოფილ პატიმარს ვიცნობ, ვისი ცხოვრებაც ამ პროექტმა შეცვალა, ვისაც ბევრი რამით დაეხმარნენ, ბევრიც შეაწავლეს, საქმე მისცეს. გათავისუფლების შემდეგ მეც არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

სულელური გზა რომ არ აირჩიონ ისევ ადამიანებმა და საპყრობილეში არ მოხვდნენ, ალბათ ამისთვის არსებობს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“, – ამბობს ზაზა კვიკვინია.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: