მთავარი,სიახლეები

რატომ სთხოვს გარანტიას ავტოსადგური გარემოვაჭრეებს

30.01.2019 • 1790
რატომ სთხოვს გარანტიას ავტოსადგური გარემოვაჭრეებს

„ჩვენ ვითხოვთ გარანტიას, ე.წ. ბეს გადახდას, რომ შემდეგ ისევ არ მოხდეს პირობის შეცვლა,“ – ამბობს შპს „ბათუმის ავტოსადგურის“ დირექტორი, ზაურ სოლომონიძე. ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გარევაჭრობისთვის ადგილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს.

გარემოვაჭრეების შეხვედრა ავტოსადგურის ადმინისტრაციასთან ერთი გარემოვაჭრის ადმინისტრაციული წესით დაკავებით დასრულდა. მოვაჭრეები გარანტიის გადახდას აპროტესტებენ. ავტოსადგურის დირექტორი კი, შენობის მეორე სართულზე მიუთითებს, სადაც გარემოვაჭრეებისთვის ადგილი სპეციალურად მოაწყო, ვიდრე მერია მოვაჭრეებთან საბოლოოდ შეთანხმებოდა.

„ახლა ის დახლები ეზოსთვის არ გამოდგება, ახალი ჯიხურები უნდა მოეწყოს,“ – განმარტავს ზაურ სოლომონიძე.

რა თანხას ითხოვს ავტოსადგური გარემოვაჭრეებისგან გარანტიის სახით? – ავტოსადგურის დირექტორმა გვითხრა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ჯამში რამდენი გარემოვაჭრე შევა ავტოსადგურის ტერიტორიაზე და რა ადგილი დასჭირდება თითოეულ მათგანს. გარემოვაჭრეების ჯიხურები მაიაკოვსკის ქუჩის მხარეს უნდა მოეწყოს, თუმცა მანამდე ავტოსადგურის ადმინისტრაციამ ჯიხურების დიზაინი და ფორმა მერიას უნდა შეუთანხმოს.

„აქ საუბარია თანხაზე, რომელიც მათ დაუბრუნდებათ… ორი თვის განმავლობაში მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. ორი თვის შემდეგ კი, გადაიხდიან იმდენს, რამდენსაც დაახლოებით სხვა მოვაჭრეები იხდიან ამ ტერიტორიაზე. დაახლოებით 20 ლარი იქნება ერთი კვადრატული მეტრი. მე დღეს მათ ვთხოვე, წარმომიდგინონ სია, რამდენი მოვაჭრე იქნება და რა ადგილი დასჭირდებათ ზუსტად. ამ პირობით დავიშალეთ დღეს,“ – გვითხრა ზაურ სოლომონიძემ.

გარემოვაჭრეთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო  და ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო.

გარემოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურში / 30.01.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: