მთავარი,სიახლეები

სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება

31.01.2019
სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 794 100 ლარი დაიხარჯება. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი.

აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. სკოლის მშენებლობა ორ წელში უნდა დამთავრდეს.

ახალი სკოლის პროექტით, რომელიც 2017 წელშია მომზადებული, საპროექტო ტერიტორიაზე დღეს განთავსებულია სპორტული მოედანი, საქვაბე, არსებულ მთავარ შენობაზე მიშენებული ორსართულიანი შენობა. პროექტით გათვალისწინებულია არსებული მთავარი სკოლის შენობის დაშლა. მიშენებული შენობიდან ახალი შენობა განთავსებულია 5 მეტრის დაშორებით და ისინი ერთმანეთს დახურული ფართობით დაუკავშირდება.

ოთხსართულიანი სკოლის მოშენების ფართობია 1063,80 კვ/მ, ხოლო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 3910,22 კვ/მ-ს. საკლასო ოთახებისა და კაბინეტების გარდა სკოლის შენობაში გათვალისწინებულია სპორტდარბაზში, სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო, საშხაპეები [სხვა დამხმარე ნაგებობები] და ლიფტი.

გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოება, მოეწყობა ხელის ცეცხლმაქრები, ავტოსაშხეფი, სახანძრო განგაშისა და ცეცხლაღმომჩენი, ასევე საავარიო განგაშის სისტემები. ღიობები მოეწყობა მეტალოპლასტმასის კარფანჯრებით და მდფ. კარებით; იატაკები – გრანიტითა და ლამინირებული პარკეტით.

ახალი შენობა მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. მათი გადაადგილება შენობის სხვადასხვა დონეზე უზრუნველყოფილი იქნება ლიფტით, ხოლო შენობის გასასვლელებთან მოეწყობა პანდუსები.

 

მთავარი ფოტო: სოფელ ფერიის საჯარო სკოლა / პროექტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: