Batumelebi | როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის – Batumelebi
RU | GE  

როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის დასაქმების მაძიებელთათვის დოსიეს მომზადებისა და გასაუბრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს.

ამჯერად ყოფილმა პატიმრებმა მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ მოისმინეს სემინარი.

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო რის შესახებაც ყოფილმა პატიმრებმა, პრობაციონერებმა და პატიმართა ოჯახის წევრებმა მოისმინეს „დემოკრატიის ინსტიტუტში“.

„13 წელია სალონში თანამშრომლები უცვლელად მყავს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული კლიენტი კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. ამასთან, მე ჩემს თანამშრომლებს ვენდობი და ვაფასებ მათ შრომას. ჩვენმა ტრენერმაც სწორედ ეს აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ შრომისმოყვარე და სანდო ადამიანები შემოიკრიბო, შეუქმნა მათ კარგი სამუშაო გარემო და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ წლებია საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული და ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე, ტრენერისგან ბევრი სიახლე და საინტერესო ინფორმაცია მივიღე“, – ამბობს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც საკუთარი სილამაზის სალონი აქვს და წარმატებით მართავს ბიზნესს, თუმცა მის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზე ფიქრობს.

ტრენინგს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართული ის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, ვისაც უკვე წარმატებული ბიზნესი აქვს ან სამომავლოდ გეგმავს ბიზნესსაქმიანობაში ჩართვას და პრაქტიკულ საქმეზე გადასვლამდე თეორიული ცოდნა სჭირდება. მათ შორის იყო სტილისტი, მხატვარ-დიზაინერი, ავეჯის ხელოსანი, სანტექნიკოსი. ტრენინგ-სემინარებით სწავლება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com