მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიამ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

30.01.2019
აჭარის ტელევიზიამ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

„აჭარის ტელევიზიამ“ სამსახურიდან გათავისუფლებული მენეჯერი – ირაკლი ბარამიძე ტელევიზიაში დააბრუნა. ბრძანებას ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან განჩინების მიღების შემდეგ მოაწერა ხელი. პირველი თებერვლიდან ირაკლი ბარამიძე ისევ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იმუშავებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „ირაკლი ბარამიძის საქმე“ ჯერ არ განუხილავს, თუმცა სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა ტელევიზიიდან გათავისუფლებული მენეჯერის სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენის მოთხოვნა.

„ეს ბრძანება იმოქმედებს საერთო სასამართლოებში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე,“ – განმარტავს გია ქარცივაძე, „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპენსაციის დაუყონებლივ მიღების მოთხოვნა.

ირაკლი ბარამიძეს აჭარის ტელევიზიამ მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა 2017 წლის 23 მარტს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა. „აჭარის ტელევიზია“ სასამართლოში აცხადებდა, რომ ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომელიმე თანამშრომლისთვის ვიდეოკამერა გაეტანებინა, ირაკლი ბარამიძე კი ამბობდა, რომ კამერა თანამშრომელს არტის გადასაღებად გაატანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო „ირაკლი ბარამიძის საქმის“ განხილვას 6 თებერვლიდან დაიწყებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი, „აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის 19 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევა დაინახა, მაგრამ დისციპლინირების ყველაზე მკაცრი ფორმა – სამსახურიდან გაშვება, შესაბამის ღონისძიებად არ მიიჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ბარამიძის სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში. საუბარია ნათია კაპანაძის ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე ირაკლი ბარამიძის სამსახურიდან გაშვების შემდეგ.

ირაკლი ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აპირებს ტელევიზიაში დაბრუნებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: