მთავარი,სიახლეები

სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში

30.01.2019 • 5737
სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში

ოთხი წლის განმავლობაში 191 ბინის მესაკუთრემ მშენებარე კორპუსში საკუთარი დანაზოგი ჩადო. ხელშეკრულებით სამშენებლო კომპანია „შენ სახლს“ მათთვის ბინები 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა მეორე წელია შეჩერებულია. ბინების მომავალმა მესაკუთრეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს მშენებლობა. ამასობაში, თითქმის 18-მილიონიანი ქონების მფლობელი „შენი სახლი“ 200 ლარად გაიყიდა, ისე, რომ კომპანიის მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ.

გეგმის თანახმად, ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის #8-ში სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიას უნდა მიეღო $6 668 000 შემოსავალი. ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, უნდა აშენებულიყო 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელზეც 7 836 437 ლარი დაიხარჯებოდა [დღგ-ს გარეშე]. ამაში არ შედიოდა კომუნალური გაყვანილობებისა და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები.

ამ ეტაპზე აშენებულია 17 სართული – კარკასი, რომელსაც გარე პერიმეტრის კედლებიც კი არ აქვს ამოყვანილი.

როდის დასრულდება მშენებლობა? – „შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ ეს პროცესი წლობით გაგრძელდება და „პრობლემა მოგვარდება მაშინ, როცა სასამართლო დავა დასრულდება ან წილები დაბრუნდება“.

  • ვინ დააფუძნა კომპანია და როგორ გაიყიდა ის 200 ლარად

2014 წელს დაფუძნებულ კომპანიას „შენი სახლი“ სამი მეწილე ჰყავდა:

  • მიხეილ მურვანიძე
  • გიორგი ბოლქვაძე
  • თენგიზ გოგოლაძე
  • ზაურ გოგიტიძე – დირექტორი [თენგიზ გოგოლაძის ცოლის ძმა].

2018 წლის 28 მაისს „შენი სახლის“ ორი მესაკუთრის – გიორგი ბოლქვაძისა და თენგიზ გოგოლაძის წილები [66.7%] კომპანიის იურისტმა მინდია ალელიშვილმა თავის კოლეგა გიორგი წაქაძეს 200 ლარად მიჰყიდა. შესაბამისად, ახლა კომპანიას ორი მესაკუთრე ჰყავს – გიორგი წაქაძე და მიხეილ მურვანიძე [33.3%].

როგორ მოახერხა  მინდია ალელიშვილმა წილების გაყიდვა? თავდაპირველად პროფესიით იურისტი მინდია ალელიშვილი „შენი სახლს“ სამართლებრივ საკითხებს უგვარებდა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში პრობლემები შეიქმნა, ის ორმა მფლობელმა სრული მინდობილობით აღჭურვა, მესამე მფლობელთან მოსალაპარაკებლად. მინდია ალელიშვილმა სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე გაასხვისა კომპანიის წილები.

მინდია ალელიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიისა და მოქალაქეების გადასარჩენად მიიღო, რადგან მფლობელები – გიორგი ბოლქვაძე და თენგიზ გოგოლაძე მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ და არც სათანადო რესურსი გააჩნდათ.

ამ გარიგების გამო მინდია ალელიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო თაღლითობის მუხლით, მას ყოფილმა მფლობელებმა უჩივლეს.

კომპანიას ახლა უკვე სხვა დირექტორი ჰყავს – რუსლან ნაცარიშვილი. ყოფილი დირექტორი კი ამბობს, რომ მშენებლობა თავდაპირველად სწორედ თავისი შემცვლელის შეთავაზებით დაიწყო – „საქმიანად ვიცნობდი და მითხრა, მიწა მაქვს და ავაშენოთო. მე არ მინდა გამოჩენაო და მურვანიძე მოიყვანა. საქმის წამოწყების პროცესში გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი არც ერთის არ იყო და ის ენვერ ცეცხლაძეს ეკუთვნოდა“.

დირექტორის შეცვლის მიუხედავად, საქმის გაგრძელება სრულფასოვნად მაინც ვერ ხერხდება – კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს, რუსლან ნაცარიშვილს სასამართლომ შეუზღუდა კომპანიის სახელით საქმიანობის განხორციელების უფლება.

  • სუს-ის თანამშრომლების როლი სამშენებლო ბიზნესში

მინდია ალელიშვილის მტკიცებით, „შენ სახლში“ კრიზისი იმან გამოიწვია, რომ დირექტორმა ამ კომპანიის თანხით ორი ძვირადღირებული სახლი ააშენა – ერთი თავისთვის და ერთი ბუბა/ემზარ ბოლქვაძისთვის, რომელიც აჭარაში სუსის მაღალჩინოსანია. „ბუბა „კრიშავს“ ზაურ გოგიტიძეს. ბუბას სარგებელი ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ადლიაში ორი იდენტური სახლი ააშენეს, ერთი ბუბასია, მეორე – ზაურის“, – აცხადებს მინდია ალელიშვილი.

იურისტის თქმით, მას ბიზნესში სუსის მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე მტკიცებულებაც აქვს: „რა თქმა უნდა, მაქვს მტკიცებულებები ამ ბიზნესში ბუბას ჩართულობაზე. ასევე მაქვს სმს-ები ბუბასგან – მაგალითად, მუქარა, რომ „ციხით დავასრულებ“. ის შემაგონებდა წილის უკან დაბრუნებას – არ მოგცემ ზაურის დაჩაგვრის უფლებას და შენ რომ სხვა იყო „კუდიგორის გზას გაგაყოლებდიო“.

მინდია ალელიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ბოლქვაძეს მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანაც ბუბა ბოლქვაძემ აიძულა.

თავად გიორგი ბოლქვაძე კატეგორიულად გამორიცხავს ბუბა ბოლქვაძისგან რაიმე ზეწოლას: „ზეწოლას და მოსყიდვას ეგენი უფრო შეეცადნენ. მე როგორ მაიძულებდა ამის გაკეთებას ბუბა, როცა ეს მინდიამ გამაკეთებინა მისი ქცევით. ბუბას იმიტომ რევენ, რომ ის სახელმწიფო მოხელეა და მიატმასნეს ეს თემა. ბუბა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ ის არ ჩარეულა, არც მე მიკითხია“.

ბუბა ბოლქვაძისთვის ადლიაში სამსართულიანი სახლის აშენების შესახებ  ვკითხეთ ზაურ გოგიტიძესაც: „მე ვცხოვრობდი განთიადში, სადაც ავტობანმა გაიარა. აღებაში მოვყევი – 400 ათასი ლარი ავიღე კომპენსაცია, კიდევ მქონდა რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რაც გავყიდე და ასე ავიშენე სახლი. ბუბასაც ჰქონდა გარკვეული ქონება, რომელიც გაყიდა და მე რადგან მშენებლობაში ვერკვეოდი, ორივე სახლის მშენებლობას მე ვაქცევდი ყურადღებას. ვთქვათ, 100  ლარი იყო საჭირო – 50 თვითონ იხდიდა, დანარჩენს მე. ბუბასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბუბა ბოლქვაძის 13 წლის შვილმა მიწის ნაკვეთი ადლიაში 2017 წელს შეიძინა. ის „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ქონება მის შვილს ბაბუებმა აჩუქეს.

ემზარ/ბუბა ბოლქვაძის შვილის სახლი

რაც შეეხება მუქარის შემცველ სმს-ებს, ზაურ გოგიტიძე ამ საკითხზე არაფერს ამბობს, ბუბა ბოლქვაძის ბიზნესში ჩარევას კიდევ ერთხელ გამორიცხავს და ამ კონტექსტში ახსენებს აჭარაში სუსის სხვა მაღალჩინოსანს: „სიაში [გაყიდული ბინების] შემძენად დარეგისტრირებულია გულნარა ჯაფარიძე, ეს ახლანდელი დირექტორის რუსლან ნაცარიშვილის ბიძაშვილის, ლევან ნაცარიშვილის დედაა. რეესტრში არ არის ქონება ასახული, მაგრამ ხელშეკრულებით აქვს მიღებული. ეს ბინა აჩუქეს თუ რა ქნეს, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ის.

ბიზნესში ლევან ნაცარიშვილის მონაწილეობაზე სხვა კითხვებს ზაურ გოგიტიძე არ პასუხობს.

ლევან ნაცარიშვილი წილების გასხვისების ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებში მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. „ბათუმელებმა“ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„შენ სახლში“ 436 კვადრატი უსასყიდლოდ გადაეცა 10 დევნილ ოჯახს. მინდია ალელიშვილი ამბობს, რომ ეს ბინები კომპანიამ აჭარის მთავრობის მოთხოვნით მისცა დევნილებს. სანაცვლოდ კომპანიამ შენობის პროექტის შეცვლის უფლება მიიღო: K2-ის საფუძველზე ტერასული ტიპის ობიექტი გადაკეთდა კარკასულად. შესაბამისად, კომპანიას დაემატა ფართობი – 2000 კვადრატული მეტრი. კიდევ ერთი დეტალი – „შენი სახლს“ სიმაღლეში გაზრდის კოეფიციენტი – K2 ორჯერ მისცეს.

  • სად წავიდა მოქალაქეების ფული

როგორც „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, „შენი სახლის“ ძირითადი შემოსავალი იყო გაყიდული ბინები – საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ბინებისა და მყიდველების მიერ გადახდილი თანხის მიხედვით, მთლიანობაში გასხვისებულია $3 114 959 დოლარის ღირებულების ფართობი, ფაქტობრივი შემოსავალი კი მხოლოდ $1 797 453-ია. სალაროში ასევე ფიქსირდება $387 368, ანუ თანხა, რაც ხელზე აიღეს, თუმცა „ბუღალტრული დოკუმენტაციით არ დგინდება“, რას მოხმარდა ან ვინ განკარგა. კომპანიას  გაყიდული ბინებიდან ასევე მისაღები დარჩა $930 138 – ეს იმ კლიენტებისგან ამოსაღები თანხაა, რომლებმაც მშენებლობის შეჩერების გამო ფულის გადახდა შეწყვიტეს.

აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლის მაისის თვემდე, შპს „შენი სახლის“ თანხის ბრუნვა ლარებში ასე გამოიყურება: მოზიდული – 4 777 069 ლარი, შესრულებული სამუშაოს ხარჯები – 3 810 130 ლარი. შესაბამისად, ასევე გაუგებარია, სად წავიდა 961 607 ლარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, „შენი სახლის“ ძირითადი პარტნიორი იყო კომპანია „მშენებელი +“, რომლისგანაც სამშენებლო მასალებს ყიდულობდნენ. იმავე წყაროს თანახმად, „მშენებელი+“-თან გადარიცხულია 2 623 955 ლარი – აქედან 500 246 ლარი ავანსის სახით, ანუ ამ თანხის მასალები „შენ სახლს“ არ მიუღია. „ჩვენ მიერ მოძიებული ვერ იქნა შპს „შენ სახლსა“ და შპს „მშენებელი+“-ს შორის ნარდობის ან სხვა ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ, რაც მხარეთა შორის გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

მინდია ალელიშვილის თქმით, „მშენებელი+“-ს ერთადერთი მფლობელი ჰყავს და ის „შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძეა, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით.

  • რას ამბობს ზაურ გოგიტიძე

„შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძე მიიჩნევს, რომ მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მეტად თავად დაზარალდა.

„გიორგი ბოლქვაძის წილები მე მქონდა შეძენილი – ერთი წელი ვთანხმდებოდით დეტალებზე, მაგრამ სანამ გადმოვიფორმებდი, გაიყიდა. მინდია ალელიშვილი დაუკავშირდა ჩემი ცოლის ძმას გემზე  [ის ახლაც არ არის საქართველოში] და უთხრა, რომ კრებისთვის სჭირდებოდა მინდობილობა. ასე მოიპოვა მინდობილობა გასხვისების უფლებით. იგივე გაუკეთა ბოლქვაძესაც – შედგენილ ტექსტზე მოაწერინა ხელი. მინდიას ყველა ენდობოდა, რადგან ის 10-12 წელი მუშაობდა ჩემთან“.

ზაურ გოგიტიძეს მიაჩნია, რომ მისი ყოფილი მეგობარი თაღლითია: „მინდიამ რამდენიმემილიონიანი ქონება გიორგი წაქაძეს 200 ლარად გადაუფორმა. წაქაძეს ეს ორასი ლარიც კი არ გადაუხდია“.

ზაურ გოგიტიძე მინდია ალელიშვილის ქცევას ასე ხსნის – მას წილები უნდოდა. „რატომ გააკეთეო რომ ვუთხარი, მეც მინდა საქმე მქონდესო. 10% მომეცით და დავაბრუნებ წილებსო“.

იღებს თუ არა ზაურ გოგიტიძე პასუხისმგებლობას, რომ მისი დირექტორობის პირობებში კომპანია „შენი სახლის“ კუთვნილი 961 ათასი ლარი და 387 ათასი დოლარი გაქრა? – ის ამბობს, რომ საქმე სხვაგვარადაა, რადგან „საბანკო ამონაწერით დადასტურებულია, რომ ზუსტად 236 600 დოლარის ღირებულების 704 კვადრატული მეტრი ბინა ახლანდელ დირექტორ რუსლან ნაცარიშვილს და მეწილეს – მიხეილ მურვანიძეს აქვთ გასხვისებული. ამ თანხებზე გამოწერილია ქვითრები, რომლებსაც დღეს ვერ გამოწერ, მაშინ არის დადეკლარირებული. 100 ათასამდე კი დივიდენდის სახით დაერიცხათ“.

ზაურ გოგიტიძის თქმით, მას, როგორც ყოფილ დირექტორს, დოკუმენტებზე აღარ აქვს წვდომა, მაგრამ ასახელებს კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც „შენ სახლში“ ბინა იყიდა, თანხა კი ხელზე გადაუხადეს ზემოთ აღნიშნულ პირებს.

რაც შეეხება „მშენებელ+“-ს, ზაურ გოგიტიძის თქმით, ეს კომპანია 2017 წლის მაისის თვეში იყიდა. „კომპანია ჩვენს დავალიანებას ვერ იხდიდა, არადა, მას ჰქონდა ორი პირისგან 750 ათასი ლარი ამოსაღები. ყიდვის შემდეგ დავიწყე დავა სასამართლოში და ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ 320 ათასზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. „შენი სახლის“ თანხა რომ არ დაკარგულიყო, ამიტომ ვიყიდე „მშენებელი+“.

ზაურ გოგიტიძის ინფორმაციით, „მშენებელ+“-ის დავალიანება  270 ათასი ლარი იყო და არა 500 ათასი: „მაისის თვეში 100 ათასი პირადად მე და 100 ათასიც ჩემმა მძღოლმა „შენი სახლის“ ანგარიშზე შევიტანეთ. ამონაწერი დევს ბუღალტერიაში“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მშენებელი+“ 2017 წლამდე ეკუთვნოდა დავით სამნიძეს, რომელიც დასაქმებული იყო „შენი სახლის“ პროექტში.

  • რას ამბობს მიხეილ მურვანიძე

მიხეილ მურვანიძე ერთადერთია, ვინც კომპანიაში წილების შენარჩუნება მოახერხა. ის ამბობს, რომ მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია „მობინადრეები არ დაზარალდნენ“ და საკითხის დეტალური განხილვისგან თავს იკავებს – „ძლივს დავლაგდით, მივედით იქამდე, რომ კედლები ამოგვყავს და კიდევ თავიდან ავტეხო ამბები, არ მინდაო“:

„ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. ახლა იმ პროცესში ვართ, რომ ვაზუსტებთ რამდენი მობინადრეა, განვიხილავთ ხელშეკრულებებს, ბევრი ცდომილებაა. ჯერ უამრავი დეტალია დასაზუსტებელი. ხელშეკრულებების გადახედვა მიდის – ყველა მობინადრეს მოაქვს ხელშეკრულება, გადახდილი ქვითრები, თითქმის ყველას დარღვეული აქვს გადახდის გრაფიკები. ყველა მათგანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ შორის დასრულების ვადებზეც. მოსახლეობა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში“.

რაც შეეხება ზაურ გოგიტიძის ბრალდებებს მის მიმართ კომპანიიდან თანხის მიღებაზე, მიხეილ მურვანიძე ამბობს, რომ კომპანიიდან მას არავითარი თანხა არ მიუღია: „თანხაზე არ ყოფილა მაქ ლაპარაკი, სულ სხვა რაღაც იყო თავიდანვე მოლაპარაკებაში – 2600 კვადრატიდან ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა 700 კვადრატამდე…

ზაურ გოგიტიძე თვითონ გასცემდა [გასაყიდ ფართობებს], ჩემი ხელწერა არ ყოფილა. თუ თვლიდა, რომ არ უნდა მიეცა, მაშინ ხელს რატომ აწერდა?“

  • რას ამბობს გიორგი ბოლქვაძე

გიორგი ბოლქვაძემ მინდია ალელიშვილს ჯერ მინდობილობა მისცა, შემდეგ კი პროკურატურაში უჩივლა. მისი ვერსია რამდენიმემილიონიანი პროექტის 200 ლარად გაყიდვაზე ასეთია: „მე ჯერ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს [წილების გაყიდვა] ჩამიტარა ზაურიმ, რა უნდა მეფიქრა – ზაურიმ არ იცოდა არაფერი? მქონდა ჩემი აღელვება, მაგრამ დაწყნარებულზე რომ ვნახე, რომ ზაურიც ჩემს დღეშია, მივედი ალელიშვილთან და ვკითხე, რატომ გამიკეთა. მითხრა, რომ ეს ჩემთვის არ გაუკეთებია და გაუკეთა ზაურის. ვუთხარი, დამიბრუნე ჩემი წილი, თორემ ყველას გიჩივლებთ-მეთქი… მაგრამ ხან რას მეუბნებოდა, ხან რას“.

გიორგი ბოლქვაძეც ამბობს, რომ თავისი წილები ზაურ ბოლქვაძისთვის ჰქონდა მიყიდული, მაგრამ ოფიციალურად გადაფორმება ვერ მოასწრო:

„იურიდიულად კი მაქვს 33 პროცენტი, მაგრამ გადაფორმება ვერ დავარეგისტრირე სხვადასხვა მიზეზის გამო – ხან პარტნიორი გემზე იყო, ხან სხვა მიზეზით. ამიტომ, პასუხისმგებლობა რომ მომხსნოდა, ზაურ გოგიტიძის ნდობით აღჭურვილ პირს მივეცი გენერალური მინდობილობა, მინდია ალელიშვილს“.

რა სარგებელი ნახა პროექტიდან გიორგი ბოლქვაძემ? – მიიჩნევს, რომ მინიმალური: „მიუხედავად იმისა, რომ 33%-ს ვფლობდი, მხოლოდ 700 კვადრატს ვითხოვდი, იმიტომ, რომ რეალურად წამოსული ვიყავი და სხვები მუშაობდნენ. სავარაუდოდ, 200 კვადრატი მაქვს მიღებული, ოღონდ არა „შენი სახლიდან“. დამრჩა 500 კვადრატი ასაღები, თუმცა ეს ბოლომდე დაზუსტებული არ არის“.

  • რას ამბობს მინდია ალელიშვილი

სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კომპანიის მთლიანი წილი შეფასებულია 1 900 000 ლარად. ორი კაცის წილი, რომელიც მე გავასხვისე, შეადგენდა 1 300 000 ლარს.

ვთქვათ, სავარაუდო მოგების მიღების საშუალება მოვუსპე მხარეს. ისიც ჩავთვალოთ, რომ „შენ სახლში“ ზაურ გოგიტიძის ინტერესი იკვეთება [ვიცით, რომ საქართველოში ბიზნესში მეწილედ ჰყავთ სხვა და ინტერესების გამტარებელი – სხვაა], ანუ ის არის გასხვისებული 67 %-ის რეალური მეწილე. მაგრამ აუდიტის დასკვნით, კომპანიაში 4.7 მილიონი ლარია შესული. მშენებლობას მოხმარდა 3.8 მილიონი ლარი, ანუ 961 ათასი ლარი არსად ჩანს. გარდა ამისა, 387 ათასი დოლარის ქონებაა გაყიდული და არ ვიცით, სადა წავიდა ეს თანხა. გამოდის, რომ ზაურ გოგიტიძეს ჯამში ორი მილიონი ლარი აქვს წაღებული. მე გამოძიებას ვეკითხები, როგორ მოვუსპე ზაურ გოგიტიძეს 1.3 მილიონი ლარის დივიდენდის მიღების საშუალება, როცა დოკუმენტურად დასტურდება, რომ მას ეს ფული უკვე წაღებული აქვს. და მეორეც, რანაირად უნდა მიეღო ამდენი დივიდენდი, როცა კომპანია კრიზისშია.

გამოძიება ასევე მედავება, რომ მე კომპანიის იურისტი ვიყავი და არა პარტნიორების წარმომადგენელი. მართალია, თავდაპირველად მე იურისტი ვიყავი და ფინანსურ დოკუმენტაციასთან შეხება არ მქონია, მაგრამ როდესაც მიხეილ მურვანიძესთან ურთიერთობა დაიძაბა და მან პარტნიორთა კრება მოიწვია, ორმა პარტნიორმა მომცა მინდობილობა წილის მართვასთან დაკავშირებით [18 თებერვალს]. შესაბამისად, კრებაზე მივედი, როგორც 67 %-ი პარტნიორის წარმომადგენელი… ამას თან ახლდა მყიდველების უკმაყოფილება – ზაურ გოგიტიძეს ლინჩის წესით გავასამართლებთო.

22 თებერვალს, მორიგ კრებაზე, პარტნიორს ვუთხარი, რომ მართალი იყო. დავაკმაყოფილე მისი რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ ზაურ  გოგიტიძის გადაყენებას არ დავეთანხმე, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერ გამოსწორდებოდა ჩიხური მდგომარეობა… მაისის შუა რიცხვები მოვიდა და მაინც არაფერი ხდებოდა. მაშინ გიორგი ბოლქვაძემ მითხრა, რომ არ აინტერესებდა არც მოგება, არც წაგება – ხალხმა მე არ დამირეკოსო. იგივე მითხრა გემზე მყოფმა თენგიზ გოგოლაძემაც, რომელსაც სკაიპით ჩავერთე. პარტნიორი როცა ხარ და მე მანდობ სიტუაციის მართვას, მე ვალდებული ვარ ვიმოქმედო. შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და კომპანიის წილები გავასხვისე.

  • რას ამბობს გიორგი წაქაძე

შპს „შენ სახლის“ წილების 66.7%-ის ამჟამინდელმა მფლობელ გიორგი წაქაძეს ტელეფონზე დავუკავშირდით. მან თქვა, რომ არ სურს ინტერვიუს აუდიო ფორმატში ჩაწერა.

მთავარი ფოტო: „შენი სახლის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში, გუდიაშვილის #8-ში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: