მთავარი,სიახლეები

სკოლის მანდატურებს ხელფასი გაეზარდათ

01.02.2019 • 6881
სკოლის მანდატურებს ხელფასი გაეზარდათ

სკოლის მანდატურები 2019 წლის იანვრიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. როგორც მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დარიცხული 500 ლარის ნაცვლად, მანდატურის დარიცხული ხელფასი იანვრიდან 750 ლარია. ეს თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და მანდატური ხელზე 600 ლარს მიიღებს. თუ მანდატურის დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, ამ შემთხვევაში ხელზე 588 ლარს მიიღებს.

დარიცხული ხელფასი 750 ლარი იქნება, როგორც საჯარო სკოლაში, ასევე, კერძო სკოლებსა თუ კოლეჯებში დასაქმებული მანდატურებისთვის.

კერძო დაწესებულებებთან, მათი სურვილის შემთხვევაში, მანდატურის სამსახური შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის 2019 წლის 29 იანვრის ბრძანებით, გაიზარდა კერძო დაწესებულებებისთვის მომსახურების საფასურიც.

ახალ ბრძანებაში აღნიშნულია: „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით;

კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით“.

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედებამდე ასეთი მომსახურების საფასური 650 ლარით იყო განსაზღვრული.

ამ თემაზე:

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

 მთავარი ფოტო: მანდატურები / მანდატურის სამსახურის ფოტო

გადაბეჭდვის წესი