„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი.
„იმ დღეს ოპერატორი მინდია მალაყმაძე თავის საქმეზე მიდიოდა მწვანე კონცხზე, ქორწილის გადასაღებად. მე ვთხოვე ტელევიზიის კამერაც წაეღო და არტი გადაეღო. მითხრა, რომ მოასწრებდა ორივეს ერთად…“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რომელიც ტელევიზიაში მიმდინარე მაუწყებლობას ხელმძღვანელობდა და შედიოდა მმართველთა საბჭოში. საბჭო ტელევიზიის დირექტორის საკონსულტაციო ორგანოა.
ქორწილის ტელევიზიის კამერით გადაღებაზე ადმინისტრაციული წარმოება ტელევიზიის ადმინისტრაციას 25 თებერვალს დაუწყია. დადგინდა, რომ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა, მინდია მალაყმაძემ ირაკლი ბარამიძესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაიტანა ვიდეო კამერა ტელევიზიიდან.
ნათია კაპანაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადმინისტრაციული მოკვლევით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, მაგალითად, ის, რომ ირაკლი ბარამიძე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისთვის მიეცა კამერის გატანის უფლება; მინდია მალაყმაძე საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია და ის არ უნდა წასულიყო არტის გადასაღებად. გარდა ამისა, ქორწილის დღე ოპერატორისთვის არასამუშაო დღე იყო.
„ტელევიზიის კამერა ქორწილებს ვერ იღებს“, – ირწმუნება ირაკლი ბარამიძე. მისი თქმით, ოპერატორმა საკუთარი კამერით გადაიღო ქორწილი, რომლის დასამუხტ აკუმულატორს ტელევიზიის სტიკერი ჰქონდა: „აბსურდია ეს ბრალდება. ყველამ იცის ტელევიზიაში, რომ მინდიას საკუთარი კამერა აქვს ქორწილისთვის. ტელევიზიის კამერით მაქსიმუმ ერთი საათი შეიძლება გადაიღო, რაც ქორწილისთვის საკმარისი არ არის“.
„ფაქტია, რომ ქორწილში მესამე პირებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გადაღებას აწარმოებდა „აჭარის ტელევიზია“, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ტელევიზიის იმიჯს. სამწუხაროა, რომ ტელევიზიიდან კამერის ასე გატანა და ქორწილების გადაღება სხვა დროსაც მომხდარა“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ხაზს უსვამს ირაკლი ბარამიძის პროფესიონალიზმს და მის მრავალწლიან გამოცდილებას ტელევიზიაში. თვლის, რომ შეთანხმების შემთხვევაში ირაკლი ბარამიძის ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელების შანსი ისევ არსებობ, თუმცა სამომავლო პოზიცია ვერ იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განკარგვასთან დაკავშირებული.
„ირაკლისთვის მე არ მომითხოვია განცხადების დაწერა. ის იყო მმართველთა საბჭოს წევრი და იცოდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგებოდა მის მიმართ. მე მას ვუთხარი, რომ ის ვეღარ იქნებოდა მმართველობით რგოლში, რადგან სანდოობა, რაც მე უნდა მქონდეს განსაკუთრებით საბჭოს წევრების მიმართ, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მმართველობითი რგოლის გარდა, მე შევთავაზე ნებისმიერი სხვა თანამდებობა, რაც მისთვის იქნებოდა სასურველი. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს იმ პირობით, რომ მოიფიქრებდა, რა კუთხით სურდა მუშაობა,“- ამბობს ნათია კაპანაძე.
ირაკლი ბარამიძე: „კატეგორიულად მოითხოვდა დამეწერა განცხადება წასვლაზე და მივიღებდი სხვა სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთოდ დავტოვებდი სამსახურს… მე წამოვედი, რადგან გაუგებარი იყო რის გამო დამსაჯეს. საბჭოს სხდომაზე ვუთხარი ნათია კაპანაძეს, მომაწოდეთ დასაბუთება, რის გამო გამათავისუფლეთ-მეთქი და წამოვედი“.
ირაკლი ბარამიძის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით ნათია კაპანაძე დასძენს: „მე მას ვთხოვე სხვა ფუნქციის თაობაზე მოეწოდებინა წერილობით მოსაზრება, რადგან მმართველთა საბჭოში წევრობა ვერ გაგრძელდებოდა ამ ფორმატში, როცა უფლებამოსილებების არასწორი გამოყენება მოხდა – არასწორი დავალების გაცემით“.
რატომ გაატანეთ კამერა ოპერატორს, როცა ეს თქვენი უფლებამოსილება არ იყო? – ამ კითხვაზე ირაკლი ბარამიძე გვპასუხობს, რომ დავალების მიცემა ყოველთვის შეუძლია თანამშრომლისთვის „ტელევიზიის სასიკეთოდ“.
რაც შეეხება ოპერატორ მინდია მალაყმაძეს, ნათია კაპანაძის თქმით, მას ადმინისტრაციული სანქციის სახით ხელფასის 10 პროცენტს ჩამოაჭრიან.