მთავარი,სიახლეები

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

06.01.2019 •
თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს.

ამ მთვლელის მიხედვით, თუ მაგალითად, დღეს, 40 წლის დასაქმებულის დარიცხული ხელფასი არის 800 ლარი, პენსაიაზე გასვლის შემდეგ ქალი [60 წლის ასაკიდან] დაგროვებითი სქემიდან თვეში მიიღებს პენსიას 189 ლარს, ხოლო კაცი [65 წლის ასაკიდან] – 489 ლარს თვეში. ამას ყოველთვიურად დაემატება სახელმწიფო პენსიაც, იმ დროისთვის არსებული ოდენობით.

როგორ გამოვთვალოთ ყოველთვიური პენსია, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულმა ყოველთვიურად უნდა მიიღოს პენსიაზე გასვლის შემდეგ:

საპენსიო სააგენტოს საპროგნოზო მთვლელის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოთ თქვენი შემოსავალი თვეში [დარიცხული ხელფასის ოდენობა და არა რასაც ხელზე იღებთ], თქვენი მიმდინარე ასაკი, ასაკი პენსიაზე გასვლისას [ქალი უთითებს 60-ს, კაცი – 65-ს] და პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა.

პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა გამოითვლება შემდეგნაირად – სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს მინუს მონაწილის მიმდინარე ასაკი. ანუ, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლად ავიღეთ 75 წელი. შესაბამისად, ქალის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა იქნება 15 წელი [75-60=15], ხოლო კაცის – 10 წელი [75-65=10].

ყოველთვიურად მისაღები თანხის გამოსათვლელად კი საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა პენსიაზე ყოფნის წლების რაოდენობაზე და გაიყოფა 12 თვეზე.

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ქალის საპენსიო ანგარიშზე არსებულმა თანხამ შეადგინა 34 036 ლარი და 56 თეთრი, ხოლო კაცის საპენსიო ანგარიშზე არსებულმა თანხამ – 56 357 ლარი და 18 თეთრი.

როგორ ითვლის ამ მონაცემს საპროგნოზო საპენსიო მთვლელი? – აღსანიშნავია, რომ მთვლელის შემდგენლებმა დაუშვეს, რომ დასაქმებულის შემოსავალი ყოველწლიურად, საშუალოდ, იზრდება 4%-ით, ხოლო საპენსიო დანაზოგზე საშუალო წლიური ამონაგები არის 7% [ანუ ამ 7% ამონაგებს თქვენს ანგარიშზე დაგროვებული თანხის ინვესტიციაში ჩადებით მიიღებთ]. ამ პროცენტულ მაჩვენებლებს მთვლელში ვერ შეცვლით.

„პირველი ხუთი წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში. ამის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. ამაზე იქნება დამოკიდებული საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მოქალაქე მიიღებს“, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში. – „ამასთან, საპენსიო შენატანებს საპენსიო ასაკამდე პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებს. ასევე, თუ გახდება შშმ პირი. გარდაცვალების შემთხვევაში კი, საპენსიო შენატანებს მოქალაქის კანონიერი მემკვიდრე მიიღებს“. სხვა შემთხვევაში მოქალაქე თანხას ერთდროულად ვერ მიიღებს. ამასთან, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ვინაიდან არანაირი გარანტია არ არის, რომ თქვენი შემოსავალი ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით აუცილებლად გაიზრდება [შეიძლება ნაკლებად გაიზარდოს, ან საერთოდ უმუშევარი დარჩეთ გარკვეულ პერიოდი, ან შემოსავალი უფრო მეტად გაგეზარდოთ], ამასთან, არავინ იცის წინასწარ, თუ რამდენი იქნება თქვენი საპენსიო დანაზოგიდან ამონაგები, ამიტომ, ყოველთვიური პენსიის ოდენობა ზედმეტად პირობითია.

რას ეფუძნება ასეთი საპროგნოზო გათვლები, საპენსიო სააგენტოში ამ ეტაპზე ვერ დაგვიკონკრეტეს, თუმცა გვითხრეს, რომ აღნიშნულ გრაფებში, სადაც შემოსავლისა და ამონაგების მაჩვენებლები ავტომატურადაა მითითებული, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მათი შეცვლა [ანუ, შეგეძლებათ მიუთითოთ 4-ზე და 7-ზე მეტი, ან ნაკლები, ან მიუთითოთ 0].

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში დავუშვათ, რომ პენსიის ასაკამდე 40 წლის დასაქმებულის შემოსავალი [დარიცხული 800 ლარი] არც იზრდება, არც კლებულობს და არც დანაზოგის ინვესტიციაში ჩადებით ველოდებით მოგებას. ასეთ შემთხვევაში სქემით დაგროვილი თანხიდან ქალი მიიღებს ყოველთვიურ პენსიას – 64 ლარს [ნაცვლად 189 ლარისა], ხოლო კაცი – 120 ლარს [ნაცვლად 469 ლარისა]. რასაც ყოველთვიურად, ბუნებრივია, დაემატება იმ დროისთვის არსებული სახელმწიფო პენსიაც.

თავისთავად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს საპროგნოზო მაჩვენებლები შეიცვლება იმის მიხედვით, დარიცხული ხელფასი 800 ლარზე ნაკლები გექნებათ თუ მეტი. ამასთან, საბოლოო მაჩვენებელი დამოკიდებულია თქვენს ასაკზეც.

ამასთან, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ლარის შემსყიდველუნარიანობა იმასთან შედარებით, რაც დღეს გააჩნია ეროვნულ ვალუტას და როგორი იქნება ის, ვთქვათ 20 წლის შემდეგ. საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფლაცია და რისკები, სავარაუდოდ, გათვლილია იმ 7-პროცენტიან საშუალო წლიურ ამონაგებში. თუმცა დეტალურად ამ კითხვას პასუხს სააგენტოს საინვესტიციო საბჭო გასცემს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი კიდევ ოთხი წევრის ადგილები კი სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით ამ დრომდე ვაკანტურია.

კიდევ ერთი მაგალითი. თუ საპენსიო სააგენტოს დღეს მოქმედი დირექტორის, ლევან სურგულაძის ხელფასი, პენსიაზე გასვლამდე იქნება 15 ათასი ლარი და საპენსიო სქემაში ჩაერთვება, ამ სქემიდან, საპროგნოზო მთვლელის მიხედვით, ის პენსიას ყოველთვიურად 428 ლარს და 50 თეთრს მიიღებს [პლუს სახელმწიო პენსია].

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:

[checklist]

  • პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დაგროვილი საპენსიო თანხის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის საშუალებით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
  • მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით. ასეთი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.

[/checklist]

ახლა კი თავად გამოითვალეთ, რა თანხას მიიღებთ დაგროვებით სქემაში ჩართვით, თქვენი ასაკისა და შემოსავლების გათვალისწინებით.

ამ თემაზე: 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: