მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

10.04.2018
ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში.

„…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს დახმარებას უწევს ფონდი „ქართუ“. მას ამ კუთხით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. ფონდი „ქართუ“ ასევე მზადაა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტერიტორიის მომზადებისას დაიწყოს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები“, – ნათქვამია განკარგულების პროექტში.

განკარგულების მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორია დაბა ჩაქვში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე [ჯამში 173338 კვადრატული მეტრი] ფართობი გაითვალისწინეს.  მერიის ინფორმაციით, ეს ტერიტორია იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას.

ბათუმის ცენტრალური პარკი. ფოტო: ია ფრანგიშვილი

ნაკვეთების უმეტესობას ზოოპარკისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტი აჭარის მთავრობას სთხოვს, ნაკვეთების ნაწილი კი მოქალაქეების მიერ თვითნებურად ყოფილა დაკავებული. განკარგულების დამტკიცების შემდეგ, მერია დაიწყებს მუშაობას მათი ვინაობების დასადგენად და ნაკვეთების გამოთავისუფლების მიზნით მათთან მოსარიგებლად მისაღები წინადადების შემუშავებას.

ზოოპარკის გადატანის იდეის გაჟღერების შემდეგ ბათუმში განსახილველ თემად იქცა გამოთავისუფლებული ტერიტორიის დატვირთვის საკითხიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზოოკუთხის გადატანის შემდეგ, ბათუმის ცენტრალურ პარკში 16 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია გამოთავისუფლდება, მასზე განთავსებული 18 შენობა-ნაგებობით [2070 კვადრატული მეტრი – ადმინისტრაციული, ცხოველთა სადგომები, ვოლიერები და ა.შ.]

გამოსათავისუფლებელ ტერიტორიას ერთი მხრიდან  საცხოვრებელი კორპუსები, მეორე მხრიდან ნურიგელის ტბა ესაზღვრება. შესაბამისად, სოციალურ ქსელში აქტუალურია დისკუსია, ზოოკუთხის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შემდეგ, ხომ არ გასცემს მერია ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლების ან სასტუმროების მშენებლობაზე ნებართვებს.

ამ შეკითხვას მერმა ლაშა კომახიძემ პასუხი სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გასცა. მან თქვა, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერია მაღლივი კორპუსების მშენებლობას არ დაუშვებს და იქ მოიაზრება მხოლოდ გასართობი და კომერციული ობიექტები, შეიძლება გაიხსნას მსუბუქი კონსტრუქციებით აგებული კაფეებიც. საზოგადოების ნაწილი ამ იდეასაც უნდობლად უყურებს. „პარკში ხინკალი და სალათები არ გვინდა, პარკს სხვა დატვირთვა აქვს“, – ასე უპასუხეს მერს იმავე შეხვედრაზე. ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელშიც.

ხომ არ იგეგმება ზოოკუთხის ტერიტორიის – 16 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობისა და 18 შენობა-ნაგებობის [2070 კვადრატული მეტრი] გადაცემა ფონდი „ქართუსთვის“? – „ბათუმელებს“ ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში უპასუხეს, რომ ტერიტორია არავის გადაეცემა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.

ფოტო ია ფრანგიშვილი

ზოოპარკის ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ახირებად აფასებს საკრებულოს ოპოზიცია: „ეს არ გადაუწყვეტია მერს, ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებაა, თითქმის მთელი მწვანე კონცხი გადასცა აჭარის მთავრობამ და ახლა იქ მეზოთერაპიასთან ერთად ზოოთერაპიაც მოუნდა. დენდროფილი კია და ახლა ზოოფილიც გახდა“, – ამბობს ლევან ანთაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბათუმის მერიის განმარტებით, ზოოპარკის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანა ხელს შეუწყობს ბაღის დამთვალიერებელთა მარშრუტში მის შეტანას და ერთიანი სერვისის მიწოდებას.

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში არსებული ზოოკუთხის ჩაქვში გადატანასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. საკრებულო საკითხის ხვალ, 11 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: