რა ღირს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა

რა ღირს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა შენობაში, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. კანონი 15 მეტრამდე სიმაღლის და უფრო მაღალ შენობებზე ოდნავ განსხვავებულ მოთხოვნას აწესებს. სპეციალისტის განმარტებით, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დაწესებულების დანიშნულება, აქ მომუშავე ადამიანების ოდენობა და ისიც, თუ რამდენად ბევრია ამ შენობაში ადვილად აალებადი ნივთი, კედელი, ტიხარი ან რაიმე სხვა. შესაბამის მომსახურებას, შემდეგ კი მისი გამართულობის პერიოდულ შემოწმებას ლიცენზირებული კომპანიები უზრუნველყოფენ.

15 მეტრამდე შენობებზე, სადაც საზოგადოებრივი დაწესებულებაა, დამონტაჟებული, უნდა იყოს კვამლის ავტომატურად აღმომჩენი სისტემა, იგივე ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია, ასევე ცეცხლმაქრები, საევაკუაციო გეგმა და გასასვლელების მანიშნებლები. – ამ ყველაფრით უზრუნველყოფილია აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სამსართულიანი შენობა.

სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამივე სართული აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, დამონტაჟებულია, როგორც დაკვამლიანების აღმომჩენი სისტემა, გამართულ მდგომარეობაშია ასევე ცეცხლმაქრებიც – ამ მომსახურებაში სამმართველომ 4830 ლარი გადაიხადა. ფასში შედის, როგორც საჭირო მოწყობილობების შეძენა-მონტაჟი, ასევე, მისი შემოწმება და თანამშრომლების დატრენინგებაც.

აჭარის მთავრობის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში საევაკუაციო გეგმა, გასასვლელების მანიშნებლები და დაკვამლიანების აღმომჩენი სისტემა უკვე დამონტაჟებულია, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოთხსართულიანი შენობისთვის, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებია განთავსებული, ამ მომსახურების სრულყოფის მიზნით, დამატებით  ტენდერის გამოცხადებას კიდევ აპირებს. ამისთვის დაახლოებით 30 000 ლარია გათვალისწინებული.

სკოლების დირექტორების ინფორმაციით კი, მათ ეს მომსახურება 10 000 ლარამდე დაუჯდათ.

მაღალსართულიანი სასტუმროებისთვის, სრული აღჭურვა და შესაბამისი მომსახურების ფასი 100 000 დოლარს აჭარბებს.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ დაწესებულება არ გამართავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემას, ქონების მესაკუთრეს გაფრთხილების შემდეგ დააჯარიმებენ.

დეტალური ინფორმაცია:

საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები  

 

 

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის შეძენაზე მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა

ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ/მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის შესაძენად 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

ტენდერი სამინისტრომ დღეს, 21 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება პირველ მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეში უნდა იყოს მზად.

დოკუმენტაცია ტენდერის ტექნიკური დავალების შესაბამისად უნდა მომზადდეს. ამ დოკუმენტებზე [პროექტირება, ხარჯთაღრიცხვა] დაყრდნობით, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. ახალ კომპლექსში კი ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ.

მთავარი ფოტო: ადგილი „ოცნების ქალაქთან“ სადაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს

ახალ კომპლექსში ბინების მიღებაზე განცხადებების მიღება 9 თებერვალს დაიწყო:

 ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის – განცხადებების მიღება დაიწყო

ამავე თემაზე:

რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად პირველ ეტაპზე 10 მილიონი გამოიყოფა

საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს თბილისს ოცამდე ცნობილი ავტორი ეწვევა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს თბილისში 17-22 მაისს მეხუთედ გაიმართება. თბილისს უცხოელი პოეტები, პუბლიცისტები და პროზაიკოსები ეწვევიან ექვსი დღით აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ა.შ.

ფესტივალის მონაწილე ავტორების ზუსტი სია მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათ შორის იქნებიან: მიშელ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაძუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ანდრეი სოსნოვსკი (პოლონეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ჰობოტი (ავსტრია) – ეს იმ თანამედროვე ავტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებს მინაწილეობას.

ფესტივალის პროგრამა პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავს.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების სტუმრები გასულ წლებში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ავტორები, როგორებიც არიან: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვები.

2019 წლის ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ლიტერატურის უცხოურ თარგმანებს – გაიმართება დისკუსია ენის თავისებურებების შესახებ, ქართველი ავტორების და გერმანულენოვანი მთარგმნელების მონაწილეობით.

ფესტივალის ორგანიზატორი მწერალთა სახლია, მოწვეულ სტუმრებსაც ტრადიციულად მწერალთა სახლი უმასპინძლებს.

 

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

„თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან მოხდა ჭარბი წყლის გამოშვება, რომელიც უნდა გაეტარებინა კირნათი ჰესს, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და დაიტბორა გარკვეული ტერიტორია. ასეთი განმარტება მომცეს მე „აჭარენერჯი 2007“-ში, რომლის საკუთრებაშიც არის კირნათი ჰესი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიას თურქეთის მხარეს მდებარე კაშხლების ოპერატორებთან კომუნიკაცია არ აქვს: „პირადად ჩემთან არა, მაგრამ ჰესებს ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენელსაც. გვაინტერესებდა რა სახის კომუნიკაციაა ორ ქვეყანაში მდებარე ჰესებს შორის და მარადიდის დატბორვის შემთხვევა უკავშირდებოდა თუ არა თურქეთში მდებარე კაშხლიდან გამოშვებულ წყალს. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

გუშინ, 20 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხმა სამანქანე გზა, სოფლის სასაფლაო და მოსახლეობის ერთი ნაწილის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით დღის 12 საათზე დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინვე აქცია გამართა და„კირნათი ჰესის“ შესასვლელი გადაკეტა. დატბორვას მოსახლეობა ჰესს უკავშირებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დატბორვის ფაქტის შემდეგ მალევე მოხდა თურქულ მხარესთან დაკავშირება და გაიმართა საუბარი, რომ იყო პატარა ინციდენტი, ანუ ტექნიკური გაუმართაობა, რამაც გამოიწვია ასეთი წყლის დიდი ნაკადი, თუმცა მალევე მოხდა აღმოფხვრა. თუმცა რა ნაკადიც წამოვიდა ტექნიკური გაუმართაობით, იმ ნაკადის დარეგულირება მიმდინარეობდა და ამან გამოიწვია ეს დატბორვა. ასევე კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას, დაკომპლექტებული იქნება ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებით“.

დღეს, 21 თებერვალს, ფაქტის შესწავლა დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

„მიმდინარეობს ინსპექტირება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, დაწყებულია წარმოება და თუ გამოვლინდება დარღვევა და ბრალეულობა „კირნათი ჰესის“, ასეთ შემთხვევაში შევადგენთ შესაბამის ოქმს. ამოსაღებია მასალები, წყლის დონის მატება, სანებართვო პირობები, ცალ-ცალკე უნდა შემოწმდეს ყველაფერი, რა როგორ იყო გათვალისწინებული და მოახდინეს თუ არა ჰესის თანამშრომლებმა შესაბამისი რეაგირება. მიმდინარეობს მათი და მოსახლეობის გამოკითხვაც, თუ როგორ დაიწყო პროცესები და რასთან არის კავშირში; მარტო ჰესის ბრალია, თუ რამე დამატებითი გარემოებები იყო. ამ ყველაფრის შემოწმება ჯერჯერობით გაგრძელდება“, – გვითხრეს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თურქეთში მდებარე კაშხლების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია მათ სამსახურს არ აქვს. ინსპექცია ახლა ადგენს, თუ რა სახის კომუნიკაცია აქვს თურქეთსა და საქართველოში არსებული კაშხლების ოპერატორებს ერთმანეთთან და როგორ ხდება ჭარბი წყლის გამოშვების რეგულირება.

ხელვაჩაურის მერი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მარადიდში მოსახლეობას დღესაც შეხვდა: „მარადიდში ინფრასტრუქტურა დაზიანებული არ არის. ამ დროისთვის დატბორილია ერთი მოსახლის საყანე ფართობი, ერთ მოქალაქეს, როგორც თავად ამბობს – დატბორვის შედეგად ეზარალა ლიფსიტები, ხოლო ერთი მოქალაქის ავტომანქანა დააზიანა წყალმა.  ვუთხარით, რომ წარმოადგინონ ექსპერტის შეფასებები, რათა წარვუდგინოთ კომპანიას, რომელიც შემდეგ ზარალს აანაზღაურებს. ზარალი დათვლილი არ არის, მოსახლეობამ ის თავად უნდა შეაფასოს“.

ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, უშუალოდ საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა, „თუმცა სახლებთან ახლოს მივიდა წყალი“. მოსახლეობის ერთი ნაწილი კი შესაბამისი კომპენსაციის მიღებას და განსახლებას ითხოვს, „ვინაიდან იქ აღარ იცხოვრება“.

„მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნას კომისია მათი წარმომადგენლების ჩართულობით, რომელიც ყველაფერს კომპლექსურად შეისწავლის, მათ შორის კომპენსაციებს [ტენიანობა მოიმატებს-არ მოიმატებს, იცხოვრება-არ იცხოვრება, ეს ეკოექსპერტმა უნდა დაადგინოს]. კომისია ინდივიდუალურად გაივლის თითოეული მოქალაქის საკითხს და შემდეგ მოვთხოვთ კომპანიას შეისწავლოს და წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები. თუ ზოგი რამ ადრე შესწავლილია და აქვთ დასკვნები, წარმოადგინონ და განვიხილავთ“, – ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.

თურქეთის ტერიტორიაზე ბოლო კაშხალი მდინარე ჭოროხზე თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 850 მეტრში მდებარეობს. ამ კაშხალსა და კირნათი ჰესს შორის მანძილი კი 9 კილომეტრამდეა. თურქეთში დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი გარკვეული პერიოდი საერთოდ იკეტებოდა, მდინარის გადაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წყალი აღარ რჩება. წყლის გამოშვების შემთხვევაში, ადგილი აქვს მდინარის მოულოდნელ და ელვისებურ მოვარდნას, რაც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 
მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ. ხმოვანი შეტყობინების დამონტაჟება იმას გულისხმობს, რომ თურქულმა მხარემ კაშხლებიდან მდინარის გამოშვებამდე ხმოვანი სიგნალით წინასწარ შეატყობინოს ქართულ მხარეს წყლის გამოშვების შესახებ.
ხელვაჩაურის მერისა და მოსახლეობის შეხვედრა მარადიდში / 21.02.2019

 

კაზინო „ინტურისტის“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას „მეტრო“ აუნაზღაურებს

კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს. სასტუმრო „ინტურისტის“ მფლობელმა „მეტრო ჰოლდინგმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ არსებულ „ლიბერთი კაზინოს“ პერსონალის დავალიანებასთან დაკავშირებულმა დავამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც უარყოფითად აისახა „მეტრო ჰოლდინგის“ იმიჯზე. განვმარტავთ, რომ „მეტრო ჰოლდინგს“ იჯარით ჰქონდა გაცემული სასტუმროში არსებული ფართი და არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება აღნიშნული პერსონალის წინაშე, სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით. რადგან, არსებული პრობლემა კიდევ გადაუჭრელია და დროში გაიწელა, გვინდა გაცნობოთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებლის და თავმჯდომარის ბ-ნი გალიფ ოზთურქის კეთილი ნებით, ხვალ 22 თებერვალს, „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ აღნიშნული დავალიანებები სრულად დაიფარება“.

ბათუმში კაზინო „ლიბერთი ინტურისტი“ 2019 წლის 5 იანვრიდან აღარ მუშაობს. „ბათუმელებს“ კაზინოს დახურვის მიზეზად ლიცენზიის ვადის გასვლა დაუსახელეს.

გაიხსნება თუ არა კაზინო „ინტურისტში“, ჯერ უცნობია, თუმცა „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას ახალი კაზინოს ახალ მისამართზე გახსნის ვალდებულება აქვს.

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“, ბათუმში, ახალ ბულვართან, 200-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო 2020 წლის 12 მარტამდე უნდა აამოქმედოს.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

აჭარის განათლების სამინისტრო “ევროოდისეას” პროგრამას აგრძელებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოეთში სტაჟირების პროგრამა  „ევროოდისეას” აგრძელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სამინისტროში მარტის თვეს ელოდებიან, როცა შესაძლებელი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირება და პროგრამის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის ბიუჯეტში ჩასმა.

„პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ წელსვე შევძლებთ სამი სტაჟიორის გაგზავნას, მომდევნო წლებში იგეგმება, რომ გაიზარდოს სტაჟიორთა რაოდენობა,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი  ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისივე ინფორმაციით, რადგან პროგრამა დაფუძნებულია სტაჟიორთა გაცვლაზე, წელს აჭარის რეგიონი სამ სტაჟიორს მიიღებს. განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, გასულ წლებში დაგეგმილი სტაჟიორთა კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა, ამის გამო პროგრამას პრობლემა შეექმნა და მისი გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს სამი სტაჟიორის გაგზავნა არის რეალური, მხოლოდ ბიუჯეტის გამო არა. პროცედურის გამოც. სტაჟირებისთვის ვაკანსიები ქვეყნდება ვებგვერდზე კონკრეტული ვადებით, ვთქვათ, აპრილიდან ექვსი თვე სჭირდება სტაჟიორი კონკრეტულ ორგანიზაციას. დაინტერესებული პირი რეგისტრირდება ვებგვერდზე და გამოხატავს ინტერესს იმ კონკრეტულ ვაკანსიაზე. შემდგომ უნდა გაიაროს გასაუბრება. თუკი ამას წარმატებით გაივლის, უნდა მოაწესრიგოს  მთელი რიგი დოკუმენტაცია. კი იცით, რომ ტურისტად ვიზიტი ადვილია, მაგრამ თუკი გარკვეული ვადით რჩები საცხოვრებლად და პლუს სამუშაოდ, ამ შემთხვევაში საჭიროა  სხვადასხვა დოკუმენტი, როგორც ცხოვრების, ასევე მუშაობისთვის. საბუთების შეგროვების პერიოდი დაახლოებით ორიდან სამ თვემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სამ სტაჟიორზე მეტი წელს ამ პროცედურებს ვერ გაივლის. ველოდებით, რომ მარტის ბოლოსთვის უკვე თანხები გაჩნდება და, შესაბამისად, გავხსნით სააპლიკაციო პროცესს. თუკი მალევე შეიტანენ აპლიკაციებს, რა თქმა უნდა, ვადებში ჩაეტევიან. არ გვინდა აღმოვჩნდეთ წინა წლის მდგომარეობაში, როდესაც ვგეგმავდით ათს და სამის მეტს ვერ ვუშვებდით. ამიტომ გვირჩევნია თავი დავიზღვიოთ. დავგეგმოთ ცოტა, რომ შემდგომ კითხვები არ გაჩნდეს პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით,” – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა ოდენობის თანხას მოითხოვს ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელებისთვის განათლების სამინისტრო. პროგრამით ქართველ სტაჟიორებს უცხოეთში გასამგზავრებელი ვიზისა და ბილეთის თანხა უფინანსდებათ, საქართველოში ჩამოსული სტაჟიორებისთვის კი 3 ათასი ლარია გათვალისწინებული. ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, პროგრამას ამ ეტაპზე არ ეყოლება კოორდინატორი.

პროგრამა „ევროოდისეა” 1985 წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეას ეგიდით დაარსდა. პროგრამაში მონაწილე ქვეყნები ცვლიან ახალგაზრდებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცების ან  პროფესიული გადამზადების მიზნით. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “ევროოდისეას” 2006 წლიდან ახორციელებდა, მაგრამ გასულ წელს პროგრამა დროებით შეწყვიტა.
ქვეყნების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა. საქართველოდან წასულ სტაჟიორებს აჭარის განათლების სამინისტრო ვიზისა და თვითმფრინავის ბილეთის საფასურს უხდის. “ევროოდისეის” პროგრამიდან  კი თითოეულ ახალგაზრდას 700-800 ევროს ოდენობის სტიპენდია ერიცხება  კვებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად.

საქართველოდან შერჩეული კანდიდატები უცხოურ კომპანიებში სტაჟირებაზე 6 თვით მიემგზავრებიან, უცხოელი სტაჟიორები ქართულ კომპანიებში კი სამი თვით ჩამოდიან.

თორნიკე რიჟვაძე ძეგლების დამცველებზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრების ბათუმის მერისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ მთავრობა ძეგლებთან მიმართებაში თანმიმდევრულია და კანონის შესაბამისად  მოქმედებს. მისივე თქმით, ის არ აპირებს „ამ ტიპის შემოტევებს შედეგად შეცვალოს გადაწყვეტილება“.

„ყველა ის უწყება, არის ერთიანი მმართველობის ქვეშ, რა თქმა უნდა, თავისი მანდატით და კომპეტენციით იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის თვითმმართველობა, ზონალური საბჭო და ყველა ის უწყება, რომელიც ერთიან მმართველობაში შემოდის. ამავე დროს, მე მოვუწოდებ, რომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ, სად ხდება კორპუსების ჩადგმა, სად ხდება ძეგლებთან დაკავშირებით არათანმიმდევრული უკანონო გადაწყვეტილებები მიღებული და, ბუნებრივია, დავინტერესდები. თუმცა მე რაც მაქვს მოკვლეული ძეგლებთან დაკავშირებით, არც ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განსაკუთრებით კი ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით. ყველანი ნახავთ, რომ წელს და მომდევნო წელს, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარებული და  მეტი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდება. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით – ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ, რომ ამ ტიპის შემოტევების შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებები შევცვალოთ. ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ [ სტილი დაცულია.]

https://www.youtube.com/watch?v=4HH7-rnis94&fbclid=IwAR1lXUvmb9-CSEp38mx8a1MJw3SnuFhj5X67pgOIfIK_FwI36TuN8dUdC_E

თორნიკე რიჟვაძე დღეს, 21 თებერვალს, იმყოფებოდა ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, გაზის შედეგად აფეთქებული სახლის ადგილზე. სწორედ აქ ჰკითხა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ახდენს თუ არა თვითმმართველობებზე ზეწოლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რაზეც საუბარია „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიერ დღეს გავრცელებულ ღია წერილში.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა დღეს ბათუმის მერს ღია წერილით მიმართეს, სადაც მას მოუწოდეს, არ გასცეს ნებართვა ძველ ბათუმში ერთსართულიანი სახლების დემონტაჟის ხარჯზე აშენდეს ახალი მრავალბინიანი სახლები.

“დაიცავი ძველი ბათუმი” ლაშა კომახიძეს: გამოაცხადეთ მორატორიუმი

 

„საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია”- გიდების აქცია ბათუმში

 დაანონსებულ გიდების აქციას, რომლითაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები სახელმწიფო სიმბოლოკის დამახინჯებასა და სეპარატისტულ ტურიზმს აპროტესტებენ, დღეს, 21 თებერვალს, 12 საათზე ბათუმშიც შეუერთდნენ.

სალომე გორგილაძე, გიდი: ,,დღეს ჩვენი პროფესიული დღეა, გიდების საერთაშორისო დღე. აქ ამ დღის აღსანიშნად და ცოტა ხნის წინ გავრცელებული ამბის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ, რომლის მიხედვითაც უცხოური სააგენტოები საქართველოს არასრულ რუკას ავრცელებენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ვთვლით, რომ საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია, ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი. დაუშვებელია ის, რაც მოხდა და სამწუხაროა, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას დამახინჯებისგან დაიცავდა”.

გიდების ნაწილი ბათუმის საპროტესტო აქციაზე აცხადებს, რომ გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამოვიდა ევროპის მოედანზე და კითხვაზე, უერთდებიან თუ არა გიდების პროტესტს რუკის დამახინჯებასთან დაკავშირებით, გვპასუხობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და პროფესიული დღეს ზეიმობენ.

სალომე გორგილაძე, გიდი

ევროპის მოედანზე შეკრებილი გიდები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ჯგუფისთვის დღეს უფასო ტურებს მოაწყობენ ბათუმში. აქციის დაწყებისთანავე ასეთი ჯგუფები მალევე გამოჩნდნენ, მათ დღეს გიდები უსასყიდლოდ მოემსახურებიან. ქალაქის უფასო ტურები ბათუმში დღეს, საღამოს 18.00 საათამდე გაგრძელდება.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარე თვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყეს. ონლაინფლეშმობში მონაწილეები ფეისბუქზე საქართველოს რუკის ფოტოებს ტვირთავდნენ და აწერდნენ: “ეს საქართველოა! This is Sakartvelo! (Georgia) Это Сакартвело! (Грузия)”. კამპანია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოს დამახინჯებული რუკის გავრცელება დაიწყო, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება უკვე ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი – სიახლე

გადასახადის გადამხდელებს უკვე შეუძლიათ დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე.

აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრის და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

„დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე. მაღალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება თვის მანძილზე წარმოდგენილი დეკლარაციების 10%-ს, გადავა ხელით შესწავლის რეჟიმში. შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მოხდეს დეკლარაციით დასარიცხი თანხების კორექტირება ან დეკლარირებული მონაცემების შეუცვლელად ასახვა „დღგ-ის დაბრუნების“ ბარათზე. მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ შემოსავლების სამსახურის პორტალზე [გადამხდელის პირად გვერდზე] შესაბამის ღილაკზე დაჭერით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების ბრძანებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ხელი 2019 წლის 14 თებერვალს მოაწერა.

ამ წესით გათვალისწინებული დებულებები არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებას, ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] თანხა დაიბრუნოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების პირობებსა და ამ მიზნით განსახორციელებელ პროცედურებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

 

კურორტი გოდერძი [ფოტორეპორტაჟი]

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე ზამთრის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

„გოდერძიზე“ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, ან უკვე დაწყებულია, თუმცა გართობისა და დასვენებისთვისაც არის შესაბამისი პირობები.

კურორტი გოდერძი / 20.02.2019
თხილამურების, ჩაფხუტისა და ჯოხების დაქირავება მთელი დღით 20 ლარი ღირს ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
ბურანით გასეირნება 1 კილომეტრი 20 ლარი ღირს.
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019
კურორტი გოდერძი / 20.02.2019 / ბათუმიდან კურორტამდე მიმავალ ავტომაგისტრალზე თოვლი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისიდან იწყება. გზის გასაწმენდად მძიმე ტექნიკა მუშაობს.
კურორტი გოდერძი / 20.02.2019

 

ფალსიფიცირებული გუფთა და ხინკალი – ბათუმში ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბათუმში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოვლინდა და  ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ – თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს – მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 10 ფინალისტი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. ლადო აფხაზავასთან ერთად ფინალისტებს შორისაა მასწავლებლები ინდოეთიდან, არგენტინიდან, კენიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბრაზილიიდან და იაპონიიდან.

The Georgian teacher whose students make the rules | Vladimer Apkhazava | Global Teacher Prize

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.

ამავე თემაზე გირჩევთ

მსოფლიოს ათი საუკეთესო მასწავლებელი

https://netgazeti.ge/news/342330/?fbclid=IwAR0y9mSWALqiN2y9xFlcomY_gCtMvSMn07q_5yTy0YG5UQls4Fxh7KUL61I

“დაიცავი ძველი ბათუმი” ლაშა კომახიძეს: გამოაცხადეთ მორატორიუმი

საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბათუმი” ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს.

“ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ წერილს.

“ბატონო ლაშა,
ჩვენს მიზანს არ წამოადგენს მეცადინეობა წერით უნარების განვითარებაში, მაგრამ სხვა გზა ვერ მოვძებნეთ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა.
დღეს, თქვენ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმის“ კიდევ ერთი ღია წერილის წაკითხვა მოგიწევთ.

ჩვენს აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭო არა მხოლოდ დაუსაბუთებელ, არამედ ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს.
ე.წ. ზონალურმა საბჭომ 2019 წლის 8 თებერვალს, ერთ დღეში გადაწყვიტა ისტორიული დაცვის ზონაში მყოფი რამდენიმე სახლი დაანგრიოს. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

ე.წ. ზონალურმა საბჭომ გასცა ნებართვები და შესაბამისად იგეგმება:

• ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტის“ მიერ 15 მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობა;

• მემედ აბაშიძის ქუჩა N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენება, რეკონსტრუქციის მიზნით;

• რუსთაველის ქუჩა N21-ში და ვაჟა ფშაველას ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;

ეს სია არასრულია, თუმცა საკმარისია ე.წ. ზონალური საბჭოს ლუსტრაციისთვის და იმის დასადასტურებლად, რომ საბჭოს მიერ დადგენილო პრაქტიკა – ერთ კალენდარულ დღეშიც კი, ქალაქისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, ქალაქის არჩეულ მერს! რადგან ქალაქის ნგრევის შეჩერების ინსტრუმენტი გააჩია იმ ინსტიტუციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მოვითხოვთ, ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები მიიჩნიოთ მხოლოდ რეკომენდაციად და არ გაითვალისწინოთ უპირობოდ!

ვაცნობიერებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადება, რომელიც მან ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის დროს 2018 წლის 5 დეკემბერს გააკეთა იყო საფრთხის შემცველი. ეს იყო მისი მხრიდან პირდაპირი მუქარა, რომ მუნიცალიპალიტებები მშენებლობის ნებართვების გაუცემლობის შემთხვევაში “გულგრილობისა და გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის“ აგებდნენ პასუხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი რიჟვაძის განცხადება შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს პირდაპირ დავალებად და მწვანე შუქი აუნთეს ქალაქის ნგრევის ქრონიკას.

მოგეხსენებათ, რომ აჭარის მთავრობა ადგილობრივი თვითმართველობის კომპენტაციებში ვერ ჩაერევა. მშენებლობების ნებართვის გაცემა არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, თქვენ და თქვენი თანამშრომლები ანგარიშვალდებულები ხართ არა ბატონი რიჟვაძის, არამედ კანონის და მოქალაქეების წინაშე.

15 თებერვალს, თბილისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაფართოებულ შეხვედრაზე, თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სახლს ბათუმის ისტორიული ზონის გადასარჩენად. თქვენი პრეროგატივაა ბათუმის დაცვა.
მოგიწოდებთ, ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში მშნებლობების ნებართვის გაცემაზე გამოაცხადოთ მორატორიუმი, სანამ ისტორიულ ზონას არ ექნება სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტი” – ვკითხულობთ ღია წერილში.

საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები  

ავტომატური ქრობის სისტემა, მინიმუმ ორი ცეცხლმაქრი ერთ სართულზე, საევაკუაციო გეგმა და გასასვლელები – კიდევ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაწესებულებამ სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება წარმატებით გაიაროს? – საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება დაიწყო.

კანონის თანახმად, სპეციალისტები საზოგადოებრივი დაწესებულების  ყველა შენობას შეამოწმებენ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ბათუმშიც, შემოწმებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი ფილიალი არ აწარმოებს და სპეციალისტებთან ერთად თბილისის ჯგუფი მუშაობს.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის ჯარიმა, ეტაპობრივად, გაიზრდება და, შესაძლოა, 10 000 ლარსაც კი მიაღწიოს.

საცხოვრებელი სახლების შემოწმებას კანონი მხოლოდ 22 მეტრზე მაღალ შენობებში ითვალისწინებს. ზუსტად რას ითვალისწინებს კანონი? – ამ და სხვა საკითხებზე სპეციალისტმა ფრიდონ  მგელაძემ განგვიმარტა:

ბატონო ფრიდონ, რომ განგვიმარტოთ, კანონით დაწესებულებებს კონკრეტულად რას ევალებათ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?

კანონით განსაზღვრულია, თუ რა ზომები უნდა ჰქონდეს გატარებული შენობის მეპატრონეს იმისათვის, რომ ხანძრის შემთხვევაში არ მოხდეს დაკვამლიანება. თუ დაკვამლიანება მაინც მოხდება, ასევე კანონი განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი შენობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება. რეგულაციების მიხედვით, 15 მეტრ სიმაღლემდე არ არის აუცილებელი ავტომატური ქრობის სისტემის დამონტაჟება, სხვა შემთხვევაში აუცილებელია. ეს სისტემა ითვალისწინებს წყლის მილების გაყვანას ქსელში და ხანძრის დროს, ტემპერატურის მატების შედეგად, სკდება – წნევით დატუმბული წყალია მილებში [რაც ჭერში უნდა იყოს დამალული] და ის ავტომატურად აქრობს ცეცხლს.

15 მეტრამდე შენობებზე, სადაც საზოგადოებრივი დაწესებულებაა, დამონტაჟებული უნდა იყოს კვამლის ავტომატურად აღმომჩენი სისტემა, იგივე ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია. თუ დაკვამლიანება იქნება, რომელიმე სათავსოში, სიგნალი გადაეცემა რვა ტელეფონზე, რვა მომსახურე პერსონალს ტელეფონში მიუვა მესიჯი, თუ სად არის კონკრეტულად დაკვამლიანება, ამაზეა მიბმული მართვის პულტი, რომელზეც ზუსტად ჩანს, თუ რომელ სართულზე, რომელ ოთახშია დაკვამლიანება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ხელის ცეცხლმაქრების გამოყენება, კანონი უშვებს ოთხ კილოგრამამდე  და ზემოთ ცეცხლმაქრების არსებობას შენობაში. სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი ცეცხლმაქრი. ვიდრე მოვა სახანძრო სამსახური.

გარდა ამისა, შენობაში აუცილებლად უნდა იყოს ევაკუაციის გზის მაჩვენებლები. თუ იქნება ავტონომიურ კვებაზე ძალიან კარგია, თუ არა, ფოსფორის არაკალი მაინც უნდა იყოს, რომ ღამის საათებში ადამიანმა გზა გაიკვლიოს საევაკუაციო გასავლელებამდე.

აუცილებელია ასევე მომსახურე პერსონალთან ინსტრუქტაჟის ჩატარება, რაც უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ – ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალში. ყველა მომსახურე პერსონალს წელიწადში არანაკლებ ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი. მისივე ხელმოწერით უნდა დადასტურდეს, რომ მას გავლილი აქვს წესები და ფლობს ინფორმაციას შენობაში გატარებული უსაფრთხოების წესების შესახებ. მან უნდა იცოდეს ასევე, როგორ მოიქცეს ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში.

სკოლის ან საბავშვო ბაღის შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული მოთხოვნა ემატება ამ ყველაფერს?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საგანმანათლებლო შენობებშიც სავალდებულოა, სკოლაც სახანძრო უსაფრთხოების ქვეშ მყოფი ობიექტია. კანონში ზუსტი ჩამონათვალია, თუ რომელი ობიექტები ექვემდებარება სახანძრო უსაფრთხოებას. როცა ზედამხედველობის სამსახური შედის ქვემდებარე ობიექტზე, ჯერ ხანძრის ქრობის სისტემის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას, ავტომატურად აღმომჩენ სისტემას და ცეცხლმაქრების არსებობასაც ამოწმებს. მნიშვნელოვანია საევაკუაციო გზების გამართულობაც, საევაკუაციო გზებზე არ უნდა იყოს არავითარი წვადი მასალები, რასაც შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს. გასასვლელები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოძრაობის დროს ადამიანს დაბრკოლება არ უნდა შეექმნას.

რაც შეეხება ძველ, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობებს?

ძველ დროის ორსართულიანი შენობაც კი უზრუნველყოფილი იყო გარე სახანძრო კიბით. დღეს, სამწუხაროდ, სამშენებლო პროექტები სახანძრო ზედამხედველობის სამსახურთან არ თანხმდება. ეს უკვე აუცილებელია და კანონითაც სავალდებულოა, უკვე აშენებულში თუ ეს ღონისძიებები არ არის გატარებული. თავისთავად ცხადია, რომ იქ ადამიანის უსაფრთხოება სრულყოფილად დაცული არ არის. ახლა ასეთ შენობებს ვერაფერს ვერ ვუშველით. თუმცა სახანძრო უსაფრთხოების სამსახური ასეთ შემთხვევაში მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ გაკეთდეს ავტომატური ქრობის სისტემა და ავტომატურად აღმომჩენი სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები. ეს აუცილებელია.

ლიფტებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არის კანონში?

მაგალითად სასტუმროში, როგორც კი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთვება, პარალელურად ჩაირთვება კვამლგამწოვი სისტემაც, ამის პარალელურად ავტომატურად ლიფტი ჩამოდის პირველ სართულზე და იბლოკება. ამ ლიფტით უკვე ადამიანი ვერ ისარგებლებს. კანონით აკრძალულია, ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში ლიფტით სარგებლობა – სპეციალური ნიშნებიც უნდა იყოს გამოკრული, რომ  ლიფტით არ უნდა ისარგებლო.

ექვემდებარება თუ არა შემოწმებას საცხოვრებელი სახლები?

12 სართულზე მაღალი შენობა სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარება. 37 მეტრზე მაღალ შენობაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომატური ქრობის სისტემა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ძვირი უჯდებათ მშენებლებს და ამიტომაც საქართველოში ამ სისტემის გვერდის ავლით აშენებენ მაღალ სახლებს. მისი ფასი მშენებლობის ღირებულების 10-15 პროცენტს აღწევს. ეს არ არის პატარა თანხა, ამიტომაც ურჩევნიათ გვერდი აუარონ.

 

 

ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს

„საფრთხე აღმოფხვრილია,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის დატბორვასთან დაკავშირებით, თუმცა მან კონკრეტულად არ იცის, რის გამო შეიქმნა პრობლემა, ან რა გამორიცხავს მორიგ საფრთხეს. წერილობით განმარტებას ხელვაჩაურის მერი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარენერჯი 2007“-გან უახლოეს დღეებში ელოდება.

ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი თურქეთში მდებარე ჰესზე შეიქმნა.

„ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ამ კომპანიას, წყლის დონემ დაიწია და ახლა ნორმაშია. დაახლოებით ორ საათამდე დასჭირდა წყლის დონის დაკლებას. როგორც კომპანიაში თქვეს, ზედა ჰესიდან, რაც თურქეთში მდებარეობს, შეიქმნა პრობლემა. ჩვენ ვამზადებთ მიმართვას, რომ მოიხადოს კომპანიამ ბოდიში და თუ საჭირო იქნება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, დაჯარიმდება კიდეც,“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

რა ოდენობის ზარალი მიადგა სოფელს დატბორვით? – ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ. „თუ ასანაზღაურებელია, აანაზღაურებენ, რა თქმა უნდა,“ – დასძენს ჯუმბერ ვარდმანიძე.

სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე დღეს, 20 თებერვალს გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა.

„ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უამრავმა გერმანელმა გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა“

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის გერმანულენოვანი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ქართულად გამოიცემა. წიგნი ნინო ბურდულმა თარგმნა.

ამ რომანისთვის ავტორმა 2018 წლის გაზაფხულზე, გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო და ბესტსელერად იქცა.

როგორც რომანის ქართულენოვანი თარგმანის ერთ-ერთი რედაქტორი, ნათია ფურცელაძე ამბობს, ბევრმა გერმანელმა მკითხველმა, სწორედ ნინო ხარატიშვილის ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა.

ნინო ხარატიშვილი – მწერალი

„საქართველო, 1900: სტასიას, ცნობილი მეშოკოლადის დაბადებით იწყება ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობასა და მეოცე საუკუნის ყველა ომსა და რევოლუციას სწვდება.

„მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ ნინო ხარატიშვილის რევოლუციური, მდიდარი ენით დაწერილი რომანია, ავტორი მაგიური რეალიზმით ჰყვება ამბავს ისტორიის ქარტეხილებთან შეგუების, ღალატისა და წინააღმდეგობის, სიყვარულისა და სიცოცხლის (და გადარჩენის) ჟინის შესახებ. ხარატიშვილი მოგვითხრობს კომუნისტური რეჟიმის აღზევებისა და დაცემის შესახებ. თხრობა რევოლუციის ხანიდან იწყება და ევროპის ახალი აღდგინების წლებს მოიცავს – ესაა ერთი ქართული ოჯახის პერსპექტივიდან დანახული ამბავი, ოჯახისა, რომელიც ისტორიის მახეშია მოხვედრილი, რადგან მის ბედს ქარტეხილებით სავსე მეოცე საუკუნის მოტანილი ტოტალიტარიზმი, საზოგადოებრივი რყევები და ტრაგედიები განსაზღვრავს”, – ნათქვამია ხუთსაათიანი სპექტაკლის აღწერაში, რომელიც ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით გერმანიაში დაიდგა.

სცენა გერმანული თეატრის სპექტაკლიდან ,,მერვე სიცოცხლე”

კრიტიკოსების შეფასების მიხედვით, ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი რომანია.

ნათია ფურცელაძე, „მერვე სიცოცხლის“ ქართულენოვანი თარგმანის ერთ-ერთი რედაქტორია და რომანზე საუბრობს:

„წიგნი რვა ნაწილისგან შედგება და თითოეულ ნაწილს ოჯახის თითო წევრის სახელი ჰქვია. ეს არის საგა ერთი დიდი ოჯახის შესახებ, სადაც მკითხველი საკუთარ თავსაც აღმოაჩენს. ტექსტი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან დამაინტრიგებელია თხრობის სტილი, სინტაქსური კონსტრუქციები, თუ კითხვა დაიწყე თავს ვეღარ ანებებ.

გმირების ცხოვრება მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიული რეალიების ფონზე ვითარდება, აქ შეხვდებით ბერიას და სტალინის პორტრეტებს, თითქოს ნაცნობი და ბევრჯერ გაანალიზებული თემებია, მაგრამ ისტორიული ფაქტები მხატვრულადაა გადააზრებული, რაც ავტორს ძალიან საინტერესოდ გამოსდის.

თითქმის ყველა გერმანელმა მკითხველმა იცის ამ წიგნის შესახებ. გერმანიაში მცხოვრები ქართველები დაგიდასტურებენ, რომ „მერვე სიცოცხლის“ წაკითხვის შემდეგ უამრავმა გერმანელმა გადაწყვიტა ემოგზაურა საქართველოში“, – ამბობს ნათია ფურცელაძე.

პოპულარული გერმანული რომანის ქართულენოვანი თარგმანის გამოცემა გაზაფხულზეა დაგეგმილი. „მერვე სიცოცხლეს“ „ინტელექტი“ გამოსცემს.

ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა

ამერიკულმა კომპანია ,,af&co”-მ 2019 წლის ტენდენციებში აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა, ქართული სამზარეულო კი – წლის სამზარეულოდ. 

 ,,af&co” საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. 

 აჭარული ხაჭაპური წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე, ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.   

 

ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან

ეკატერინე ბოგატოვა ვეტერინარია. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და დღეში საშუალოდ 10-12 ოპერაციას აკეთებს.

თავშესაფარი, სადაც ბათუმის მერიის დაფინანსებით უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და სტერილიზაცია-კასტრაცია ხდება, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე ექვსი წელია ეკატერინე ამ გზაზე დადის, იგი თავშესაფრის მთავარი ვეტერინარია.

ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე ცხოველთა თავშესაფარში მუშაობითო – ამბობს. ყვება, რომ ექვსი წლის იყო, როცა ამბობდა, „ძაღლის ექიმი“ უნდა გამოვიდეო.

„მაშინ ვეტერინარი არ ვიცოდი რას ნიშნავდა და ასე ვამბობდი. შემთხვევითი არ არის ეს, დედაჩემს უყვარდა ძალიან ცხოველები და ეცოდებოდა ქუჩის ძაღლები. თბილისიდან ვარ, ადრე, ჩემ ბავშვობაში, ქუჩებში მანქანა ჩამოივლიდა, აიყვანდნენ ქუჩის ძაღლებს და კლავდნენ. დედაჩემი ქრთამს აძლევდა მძღოლებს, რომ ძაღლები გადაერჩინა და ზოგი სახლში მოჰყავდა. რომ დავიბადე, სახლში ოთხი ძაღლი გვყავდა, 15 წლის რომ ვიყავი – უკვე ცხრა ძაღლი, მერე კატებიც დაემატა და, ფაქტობრივად, ცხოველების გარემოცვაში გავიზარდე,“ – ამბობს ეკატერინე.

იგი იხსენებს, როგორ იღებოდა ყოველ დილით თბილისში მისი სახლის ჭიშკარი, საიდანაც გამოდიოდნენ ძაღლები და სასეირნოდ მიდიოდნენ. მათ თან მიჰყვებოდა ეკატერინეც. მიუხედავად ოჯახში ცხოველების სიყვარულისა, პროფესიის არჩევისას წინააღმდეგობა მაინც შეხვდა. ჩემს ოჯახში ყველა ან მეცნიერებით იყო დაკავებული, ან მუსიკით, ვეტერინარია კი პრესტიჟული მიმართულება არ ყოფილა, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანეო, ყვება.

„შემიძლია ვთქვა, რომ ვოცნებობდი თავშესაფარში მუშაობაზე, რადგან გავიზარდე ისეთ სიტუაციაში, რომ ვგრძნობდი რა აუცილებელი და საჭირო იყო თავშესაფარი ცხოველებისთვის,“ – ამბობს ეკატერინე.

თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლის გადაწყვეტილება თავის დროზე სწრაფად მიიღო. იმ პერიოდში დედა გარდაეცვალა, ისე ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვილი ბავშვი მყავდა, მივხვდი, გარემო უნდა შემეცვალაო, უცებ ბათუმში გამოჩნდა ვაკანსია, ორ დღეში ჩავალაგე ბარგი და ჩამოვედიო – ყვება. მხოლოდ ექვსი თვით აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ 10 ივნისს 7 წელი სრულდება, რაც ამ ქალაქში ცხოვრობს.

„ჯამში უკვე 16 წელია ვმუშაობ. მართალი გითხრათ, დავიღალე, ძალიან სტრესული საქმეა, ძნელია უპატრონო ცხოველების ტანჯვის ყურება, ზოგი ისეთი გამხდარია, ფეხზე ვერ დგება, ზოგი – მოწამლული, ზოგს ლურსმნები აქვს გადაყლაპული… ვერ წარმოიდგენთ, როგორ ექცევიან საწყალ ძაღლებს. მაგრამ, დაღლილობის მიუხედავად, ვერ დატოვებ საქმეს, რომელიც დაიწყე, ჯერ ერთს გააკეთებ, მერე მეორე საქმეა… ვერ შეეშვები იოლად,“ – ამბობს ის.

ეკატერინე ბოგატოვა. ოპერაციაზე შესვლის წინ.

ახლა თავშესაფარში ახალ ფლიგელს აშენებენ. აქ  ორი განყოფილება იქნება – ძაღლებისთვის და კატებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან გვიან საღამომდე ოთხფეხა პაციენტებთან უწევს ყოფნა, შინაური ცხოველები მაინც ჰყავს: გერმანული ნაგაზი გრეიკო და ბენზელი ქუჩის კატა თათუნია.

გრეიკო ლეკვი იყო, როცა იყიდა. გამხდარი და დარწყილიანებული ლეკვი იყო და შემეცოდაო, ამბობს, კატა კი მისი უშუალო პაციენტი იყო.

„პატარა, ავადმყოფი კნუტი იყო თავშესაფარში რომ მოიყვანეს. სტაციონარში გვყავდა, გამოჯანმრთელდებოდა, გადავიყვანდით – ისევ ავად ხდებოდა და ვაბრუნებდით. ოთახში რომ შევდიოდი, ვოლიერიდან გაშლილ თათს გამოჰყოფდა უხმოდ, ასე მოფერებას ითხოვდა, ამიტომაც დავარქვი თათი, თათუნია. გავაშვილეთ და დაგვიბრუნეს უკან, ფაქტობრივად მომაკვდავი. მივხვდი, რომ მე უნდა წამეყვანა,“ – ყვება ეკა.

16-წლიანი მუშაობის განმავლობაში ცხოველებთან დაკავშირებულ არა ერთ სიტუაციასთან ჰქონია შეხება. მიიჩნევს, რომ საქართველოში, ძირითადად, ცხოველების მიმართ ორმაგი უკიდურესობა ახასიათებთ, ან ძალიან უყვართ – ან ძალიან სძულთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეპატრონეს ძაღლი უნდა, მაგრამ არც ერთი თეთრი არ ემეტება მის მოსავლელად.

„უზარმაზარი ჯიპით დადიან  სანადიროდ და ცოფის ერთ ვაქცინას არ გაუკეთებენ ძაღლს. ეს ხომ ძაღლია, რაში სჭირდებაო… არადა, ძაღლი ოჯახის წევრია, მას კვება სჭირდება, ვაქცინა, მოვლა… ისეთი ხალხიც არის, ძაღლს დღის განმავლობაში ქუჩაში რომ უშვებენ, სახლში რა უნდა ძაღლსო. კი, არსებობს კანონი, მაგრამ…“

კითხვაზე, რა ტიპის დახმარება სჭირდება ცხოველთა თავშესაფარს, ეკა ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც პალეტებზე უგებენ ძაღლებს ვოლიერებში. ამის საჭიროება კი განსაკუთრებით ზამთარში აქვთ.

 

სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა.

სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით 12 საათზე დაიწყო.

„მანქანების სავალი გზის დაახლოებით 25 მეტრია დატბორილი, სოფლის სასაფლაოზეა წყალი შემოსული და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე. ხალხი გამოვიდა და გადაკეტა „კირნათი ჰესის“ შესასვლელი, რადგან დატბორვას ჰესს უკავშირებენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ დიდმანიძემ, რომელიც ახლა „კირნათი ჰესთან“ იმყოფება.

დატბორვის ფაქტი სოფელ მარადიდში გასულ წელსაც დაფიქსირდა, როცა დაგუბებულმა ჭოროხმა გზის ნაპირამდე მოაღწია და ეზოები დატბორა.

„კირნათი ჰესს“ კომპანია „აჭარენერჯი“ ფლობს.

_______
მთავარ ფოტოზე: დატბორილი მარადიდი, 2018 წლის ივნისი. ფოტო არქივიდან.

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

“არა”- სამივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა მოსამართლეს კითხვაზე: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”

საუბარია “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე”. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.

“ხომ არ არის აქ ის პირი, ვინც გაიტაცეს ან მისი ახლობელი?”- ჩვენს ამ შეკითხვას პროცესის დაწყებამდე დარბაზში გაღიზიანება მოჰყვა.

“როგორ გაბედავდა აქ მოსვლას,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა.

ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ახლობლებმა ასევე გვითხრეს, რომ გატაცებული პირი – გიგა ბ. ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო ბ.-ს დეიდაშვილია და ნასესხებ ფულს – 18 ათას ამერიკულ დოლარს გიგა 6 წლის განმავლობაში შეგნებულად არ აბრუნებდა.

“უცხოეთშია ახლა გაქცეული,” – დასძინეს ბრალდებულების ახლობლებმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს, 20 თებერვალს სრულად გაივსო. ბრალდებულების ახლობლების ნაწილმა პროცესზე დასწრება დარბაზის შევსების გამო ვერ მოახერხა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ თავდაპირველად ბრალის არსი გააცნო ამ საქმეზე დაკავებულ სამივე პირს. პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდების ამბავი ქობულეთის ერთ-ერთ ქუჩაზე 20 დეკემბერს იწყება:

რეზო მ. შეხვდა გიგა ბ.-ს და თანხის – 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. გიგამ მას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ვალს ვერ უბრუნებდა.

იმავე დღეს რეზო მ. ორ მეგობართან ერთად შეხვდა გიგას და მანქანაში ჩაჯდომა აიძულა.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი გიგა ბ. ბრალდებულებმა თავდაპირველად შუახევში, სოფელ ნენიაში წაიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძის სახლში. დაზარალებულის ცოლს ბრალდებულებმა ნენიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ქმარს ვეღარ ნახავდა, თუკი 18 ათას დოლარს ვერ იშოვიდა.

გამოძიების ვერსიით, გატაცებულს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა.

მეორე დღეს გატაცებული ქობულეთში წაიყვანეს ისევ ახლობლის სახლში, მესამე დღეს კი, გიგა ბ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

24 დეკემბერს ერთ-ერთ ბრალდებულს, ირაკლი დ.-ს შეხვდა გატაცებული კაცის ცოლი და მას 900 ლარი გადასცა. ამ ბრალდებულს გამოძიება ახლა ძარცვის მუხლითაც ედავება, რადგან დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ძვირადღირებული მობილური ტელეფონი “აიფონი” წაართვეს.

24 დეკემბერს გატაცებული გიგა ბ.-ს ცოლმა პოლიციას მიმართა. 25 დეკემბერს სამართალდამცველებმა კობალაძის ქუჩაზე ბინაში გამოკეტილი გიგა იპოვეს. იმავე დღეს ამ საქმეზე სამი პირი დააკავეს.

“მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მისი თქმით, ბრალდებულები დააკავეს და 26 დეკემბერს სოფელ ნენიაში საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინეს მონაწილეობა. დაკავების ოქმი კი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაფორმდა.

“ყველაფერი ჩატარდა კანონის სრული დაცვით… ეს საკითხი სააპელაციოშიც გასაჩივრდა და გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ,” – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვეს ბრალდებულებმაც.

“რა შუაში ვარ, მე, უბრალოდ, გავყევი… სამსახური მაქვს,” – უთხრა მოსამართლეს ნიკოლოზ მ.-მ. ის ერთადერთია ბრალდებულებს შორის, რომელიც დასაქმებულია. ბრალდებულებს ნასამართლობის სტატუსი არ აქვთ.

მოსამართლემ სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასაშვებად მიიჩნია ყველა მტკიცებულება, თუმცა სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ნაფიც მსაჯულებთან ერთად მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

ნაფიც მსაჯულებზე არჩევანი დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებულებმა გააკეთეს.

მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ მორიგ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს შემთხვევითობის პრინციპით თავად პროკურორი და ადვოკატები ერთად შეარჩევენ.

ბათუმის სასამართლოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საამისოდ დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს აქამდე მსაჯულთა ინსტიტუტი არ აურჩევია.

“კანდიდატების შესარჩევი სხდომა 28 მარტს გაიმართება,” – თქვა მოსამართლემ და სასამართლოს დარბაზიდან გავიდა.

 

რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე

19 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აჭარაში „განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სთხოვა. ინაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი აჭარის რეგიონში არსებულ მუსლიმურ პანსიონებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პანსიონები „უცხო ქვეყნიდან ფინანსდება და ამავდროულად ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს“.

მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძეა. მას ვკითხეთ, რა იცის აჭარაში განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

  • ბატონო ანზორ, რა იცით აჭარაში არსებული მუსლიმური პანსიონების შესახებ?

ძალიან ბევრი იყო გახსნილი თავის დროზე, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმების შედეგად დაიხურა და ამ მომენტისათვის ხუთია მოქმედი. გუშინ ციფრიც გააჟღერეს, რომ თითქოს შვიდიო, ექვსიო, მაგრამ ხუთია. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ იქ რამე არაკანონიერია, შეუძლია განათლების სისტემამ გადაამოწმოს და თუ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება მუსლიმური თუ ქრისტიანული – ყველა დაიხუროს ერთბაშად და კანონი ყველასთვის მოქმედებდეს.

ამაზე მთავრობა უკვე მუშაობს – ჩვენ ორჯერ გვქონდა შეხვედრა ხულოს რაიონში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. არის ისეთი გაჭირვებული სოფლები, სადაც საჭიროა გაიხსნას სკოლა-ინტერნატები, როგორც იყო ადრე, სადაც იქნება კვება და ღამის თევა.

საუბარია, თითქოსდა სხვა ქვეყანა აფინანსებს – მე არ ვიცი სხვა ქვეყნები რას და ვის აფინანსებენ. ერთადერთი ის ვიცი, რომ ქართული ფულით, ქართული ბიუჯეტით ეს თემები უნდა გადაწყდეს და მერე თვითონ აირჩიოს მუსლიმი იქნება თუ ქრისტიანი, სად ისწავლოს და როგორ მოიქცეს.

  • დავაზუსტებ, თქვენ ხართ მომხრე აშენდეს ისეთი ტიპის პანსიონები, სადაც მაღალმთიანეთში მცხოვრებ მოსწავლეებს ექნებათ განათლების მიღების საშუალება?

დიახ. ექნებათ განათლების მიღების საშუალება და ამავდროულად უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს ნორმა და წესი რაც არის. თუ კანონმდებლობის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს, უნდა დაიხუროს.

  • უცხო ქვეყნიდან დაფინანსებაზე რადგან კეთდება აქცენტი, იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ამას დეპუტატი და მთავრობა ვერ მიხედავს. არის ორგანოები… თუ ჩამორიცხვა ხდება, ეს გაივლის საბანკო გზებს და არის კანონიერი. დანარჩენი – ყველაფრის შემოწმება შეიძლება. თუ დავუშვათ ტენდერი გამოაცხადა კორპუსის მშენებლობაზე, ფინანსირების წყარო რა არის? კონკურსი როგორ ჩატარდა? ამ ეტაპებს როგორ გადის? რასაც არ უნდა აშენებდე, ერთ კანონმდებლობაში უნდა მოიხარშოს.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია ამჟამად რამდენი ბავშვი სწავლობს მუსლიმურ პანსიონებში?

ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვია იქ დარჩენილი.

თბილისში ვარ ახლა, როცა დავბრუნდები, შემიძლია მოგცეთ ეს ინფორმაცია. ეგ დასამალი და დასაფარი არაა. ყველა სარწმუნოებას ხელი უნდა შეეწყოს და ვისაც რა უნდა, იმას ილოცებს. მაგას ვერც ანზორ ბოლქვაძე გადაწყვეტს და ვერც ქალბატონი ირმა [ინაშვილი]. მაგრამ ის, რასაც ვიძახით, ჯერ უნდა ვნახოთ. ტრიბუნის გამოყენება ძალიან ადვილია, მაგრამ ამ თემას ძალიან სათუთად უნდა მივუდგეთ.

  • „აჭარაში განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ – თქვენი აზრით, რამდენად მართებული შეფასება იყო, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა?

მოდი, მაშინ ამოვიღოთ სტატისტიკა წლების მიხედვით და შევადაროთ, რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა. ეს შეფასება ამით უნდა გაკეთდეს და არა სხვა მიმართულებით. ვისაუბროთ [სტატისტიკა მოვითხოვოთ] იმ სასწავლებლებიდან, რომელშიც სტუდენტები წავიდნენ. შეიძლება მუსლიმური საზოგადოებიდანაც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში და სხვა სასწავლებლიდანაც. ამიტომ სტატისტიკა უნდა ვნახოთ და  სტატისტიკის მიხედვით შევადაროთ. მგონი, ცუდი პროცენტულობა არ გვაქვს იმ სტუდენტების, რომლებმაც სკოლის შემდეგ სწავლა-განათლება გააგრძელეს.

  • ბატონო ანზორ, მოდის თუ არა დღეს მოქმედი მუსლიმური პანსიონები წინააღმდეგობაში არსებულ კანონმდებლობასთან?

როგორც ვიცი, ის პანსიონები, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, უკვე დაიხურა. რაც დარჩენილია, აკმაყოფილებს კანონმდებლობას. სრული გადამოწმება ამის არ ყოფილა. ვინაიდან ამ დონეზე დაისვა საკითხი, კიდევ გადამოწმდება. თუ არ აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, დაიხურება.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ახალი პანსიონი შენდება მაღალმთიან აჭარაში?

ერთი პანსიონი შენდება ხულოში, მაგრამ, როდესაც აშენდება, ალბათ, ის პანსიონატები, რომლებიც ახლა გახსნილია, დაიხურება თავისთავად. ახალი შენობა სამ თუ ოთხსართულიანია, ის თუ აშენდება, მაგდენი ბავშვი არ არის.

  • გაზაფხულზე ხულოში იგეგმება მერის არჩევნები. ის პოპულისტური განცხადება, რაც გაკეთდა 19 თებერვალს პარლამენტში, თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება მერის არჩევნებს?

რა ვიცი, ვინ სად უმიზნებს, ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, ეს თემა გადასაწყვეტი არის სხვა სტილით, სხვა მიმართულებით. ახლა, როგორც ასეთი, არც ეგაა გამორიცხული. როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ჩვენი შეხვედრა და საქციელი არასდროს არ ყოფილა იმ მიმართულებით, რომ ვიღაც შეგვეზღუდა. პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ რას – კანონიერება ყველამ უნდა დავიცვათ და კანონის ფარგლებში ვინც გახსნის, კანონს უნდა ემორჩილებოდეს.

ქართველ მუსლიმთა წარმომადგენლებსაც არ ჰქონიათ ის განცდა, რომ ჩვენ კანონს არ დავიცავთო. ვერ დაიცვეს, ვერ შეასრულეს, დაიხურა.

  • როცა ამბობთ, „სხვა გზით უნდა გადაწყდეს“, რას გულისხმობთ?

ერთადერთი გზა არსებობს – ააშენეთ ერთ მხარესაც [მუსლიმური] მეორე მხარესაც [ქრისტიანული] და ბავშვი, რასაც უნდა, იმას გადაწყვეტს, სადაც უნდა იქ გააგრძელებს სწავლას.

იყოს კანონის ფარგლებში და განათლების სისტემამ უზრუნველყოს პედაგოგების გადამოწმება, როგორც სკოლებში გვაქვს. მათი ინსპექტირება უნდა მოხდეს, ბავშვებს რას ასწავლიან, ეს უნდა იყოს ღია და არა დახურული. ის თემა, რომ იქ, დავუშვათ, ქართველი მუსლიმი სწავლობს და აქეთ ქრისტიანი სწავლობს, ეს ერთი შემოწმდეს და მეორე არ შემოწმდეს, ესე არ უნდა იყოს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად, რომ რაღაცა თემით ესენი მიებას [ერთმანეთს]. ინსპექტირება  საჭიროა – ყველაფერს შემოწმება, თვალით დანახვა და დამტკიცება სჭირდება. ამიტომ ეს უნდა მიებას ინსპექტირებას და შემოწმდეს პედაგოგი რა ლექციას კითხულობს, ბავშვი რას პასუხობს და ა.შ.

  • თუ ესწრებოდით ამ სხდომას, მაშინ საპარლამენტო ტრიბუნიდანვე რატომ არ გამოეხმაურეთ ამ საკითხს, ან თქვენ, ან სხვა დეპუტატები აჭარიდან?

გიპასუხებთ პირდაპირ. დილას ხდება ჩაწერა იმ დეპუტატების, რომლებიც სიტყვით უნდა გამოვიდნენ. მე როდესაც ბათუმიდან ჩავედი, ჩაწერა ვეღარ მოვასწარი. რა ვიცოდი, ირმა რას ფიქრობდა თავის გულში. რა თქმა უნდა,  არ ვიცოდი, ამას თუ იტყოდა. მერე მე მქონდა შეხვედრა და კიდევაც ვისაუბრე ამ თემაზე. მივედი და შევხვდი, ავუხსენი. თქვენ რას ფიქრობთ, კომისიის შექმნა რას ნიშნავს და რას მოგვიტანს შემდგომში-მეთქი.

  • თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ საპარლამენტო კომისიის შექმნას?

საპარლამენტო კომისია თუ იქნება, პირველ რიგში, მე გავეცნობი წესდებას, ამ საპარლამენტო კომისიამ რა უნდა აკეთოს. მე დაბადებიდან ამ „კომისიაში“ ვარ – მთიან აჭარაში დავიბადე და ვიცი ეს თემები დაბადებიდან. მე პარლამენტარი ვიყავი თუ არ ვიყავი, ვხედავ და ვიცი. მე ვიცი ჩემს ქვეყანას რა არგია და იმის მიხედვით ვმოქმედებ. მე, პირველ რიგში, იმ წესდებას გავეცნობი, კომისიამ რა უნდა აკეთოს. მხოლოდ ამის შემდეგ გიპასუხებთ.

„არა ჰესებს“ – ახალგაზრდების აქცია მაჭახელას ხეობის დასაცავად [ფოტო]

დღეს, 20 თებერვალს, დღის ორ საათზე მაჭახელას ხეობაში აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის მონუმენტთან ასფალტი წითლად შეღებეს და STOP დააწერეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უშანგი ნაგერვაძე აცხადებს, ეს არის ახალგაზრდების გზავნილი მთავრობის მისამართით, იმის დასტურად, რომ მათ არ სურთ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება:

„აქ არიან მაჭახელას ხეობიდან ემიგრირებული ახალგაზრდები, ადგილობრივი ახალგაზრდები და ყველა ერთად ვაკეთებთ აქცია პერფორმანსს – „არა ჰესებს“, რომ მივცეთ სიგნალი მშენებლ კომპანიას და სახელწიფოს – აქ ჩვენ ჰესის აშენებას არ დავუშვებთ. ესაა ახალგაზრდების პოზიცია მაჭახელას ხეობაში“.

ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია].  „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

აქცია მაჭახელას ხეობაში
აქცია მაჭახელას ხეობაში
აქცია მაჭახელას ხეობაში
„არა ჰესებს“

9 მასწავლებელი აჭარიდან პოლონეთში, ვროცლავში გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულები პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, მასწავლებელთა მომზადების ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან.

კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ვიზიტის პერიოდში დაათვალიერონ ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, შეხვდნენ ადმინისტრაციას; მოისმინონ ტრენინგი საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ზოგად მეთოდიკაში; ტრენინგები ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდიკაში, გაეცნონ გაკვეთილის დაგეგმვაა საგნებში; ტექნოლოგიების გამოყენებას გაკვეთილებზე; მათ ექნებათ ვიზიტი პოლონურ სკოლაში; ისინი დაესწრებიან გაკვეთილებს, ჩაატარებენ შეხვედრას სასკოლო კლუბის წევრებთან და მასწავლებლებთან.

კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ისტორიის, 3 გეოგრაფიის, 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ.

კონკურსში მონაწილე უნდა იყოს მოქმედი უფროსი/წამყვანი/მენტორი პედაგოგი; კანდიდატი უნდა ასწავლიდეს შესაბამის საგანს აჭარის საჯარო სკოლაში; სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პედაგოგი არ უნდა იყოს ნამყოფი აღნიშნულ ცენტრში.

აჭარის განათლების ფონდის ცნობით, რომელიმე მიმართულებაში გამოთავისუფლებული ვაკანსია გადანაწილდება სხვა მიმართულებაში.

საჭირო დოკუმენტაციაა: CV ქართულ ენაზე; პირადობის მოწმობის ასლი; ჩატარებული გაკვეთილის გეგმა აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე; ჩატარებული გაკვეთილი Power Point პრეზენტაციის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 10 წუთი); უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებელის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; შესაბამისი საგნის მასწავლებლობის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან (ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული).

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე:ajaraedufund@gmail.com

მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის პირველი მარტი, 18.00 სთ.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება/გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი კომისიასთან გასაუბრება, გაკვეთილის წარდგენა/პრეზენტაცია და მისი განხილვა.

_______

ფოტოზე: ქალაქი ვროცლავი. ფოტო: „ბათუმელები“

 

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 22 თებერვალს ბათუმში მოსალოდნელია  დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა. მომდევნო ორ დღეს, 23-24 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქმა სამი რუსული გვერდი დაბლოკა

Facebook-მა სამი არხი: Soapbox-ი, Back Then-ი და Waste-Ed-ი დაბლოკა. ფეისბუქგვერდები CNN-ის რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დაიბლოკა, რეპორტაჟის თანახმად კრემლი ამ არხებზე პროპაგანდისტული ვიდეობის გადაღებას აფინანსებს.

CNN-ის თანახმად, დაბლოკილი გვერდები გერმანულ კომპანია Maffick Media-ს ეკუთვნის, კომპანიის 51%-ის მფლობელი რუსული არხი RT-ია, ამ უკანასკნელს კი კრემლის პროპაგანდისტული მედიაჰოლდი Russia Today ფლობს.

„არ გვსურს დავაბნიოთ ჩვენი პლატფორმის მომხმარებლები იმ ძალების საშუალებით, ვინც ამ გვერდების უკან დგას. გასულ წელს ჩვენ გავამკაცრეთ ბრძოლა მონეტიზაციაზე ორიენტირებული, არასანდო კონტენტისა და სპამების შემცველი გვერდების წინააღმდეგ.

ვმუშაობთ დიდ აუდიტორიებზე გათვლილი გვერდების ახალ ალგორითმზე, რომლის მიხედვითაც აუცილებელი გახდება იმ ქვეყნის ან ქვეყნების მითითება, საიდანაც ეს გვერდები იმართება.

ფუნქცია ფეისბუქზე ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ვაპირებთ მივმართოთ დიდი გვერდების ადმინისტრატორებს, რომ მიუთითონ დამატებითი ინფორმაცია მათი მმართველი ამა თუ იმ  კომპანიის შესახებ“ – აცხადებს ფეისბუქის წარმომადგენელი Euronews – ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს.

კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და გემთფლობელ კომპანიასთან.

“[კომპანიის] წარმომადგენელი ადვოკატი დღესაც ლიბიაში იმყოფება ადგილზე და აწარმოებს სამუშაოებს, რომ დროულად დასრულდეს პროცესი. თვითონ ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე. უბრალოდ, ეს თანხმობა, უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები, რაზეც ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ; ეს არის საორგანიზაციო ხასიათის, სამედიცინო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ. ნებართვა გაცემულია და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში ცხედრის გადმოსვენების პროცესი სრულად დასრულდება,” – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

19 თებერვლის მდგომარეობით, მეზღვაური საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. კითხვაზე,  რატომ დასჭირდა 42 დღე ცხედრის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს:

“პირველ რიგში, როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, რა თქმა უნდა, გამოძიება მოითხოვს გარკვეული ვადებისა და თანმიმდევრობის დაცვას რის გამოც ლიბიის სამართალდამცველმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ცხედრის ადგილზე დატოვება და  ხანგრძლივი ექსპერტიზის ჩატარება. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე. შესაბამისად, გამოძიებაც და ექსპერტიზაც არის ლიბიელი სამართალდამცველების პრეროგატივა, მათი ქვემდებარეა. ისინი მუშაობას წარმართავდნენ საკუთარი ქვეყნის კანომდებლობისა და ადგილზე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბიაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესზე და მათ შორის გამოძიებაზეც. ამის გამო სახელმწიფო უწყებები ლიბიაში შეფერხებით მუშაობენ” .

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ქართული მხარისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები, რადგან სწორედ ამის საფუძველზე უნდა გასცეს მისრატას პროკურატურის ხვალ შესაბამისი აქტი.

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყურადღებით გაეცნობა ამ დასკვნას და გააგრძელებს მუშაობას, რადგან ცხედრის გადმოსვენების შემდეგაც იქნება გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი იმისთვის, რომ დადგინდეს რეალურად რა იყო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.

 

მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციას გამართავს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, კონკრეტულად როდის გაიმართება პრესკონფერენცია.

კითხვაზე, შეეხება თუ არა პრესკონფერენცია გიორგი მამალაძის საკითხს, პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბრიფინგი ნაწილობრივ ამ თემასაც შეეხება.

ამჟამად გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, სადაც იგი საპატიმრო დაწესებულებიდან 15 თებერვალს გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ 16 თებერვალს აზიარა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

 

მახინჯაურის და განთიადის ტერიტორიაზე წყალი ოთხი საათით შეწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მახინჯაურის ტერიტორიაზე ავარიულად დაზიანდა წყალმომარაგების მილი.

კომპანიის განცხადებით, სარემონტო სამუშაოებისთვის, დღეს, 19 თებერვალს, 18-დან 22 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის და განთიადის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.

 

არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას

„ბათუმელების“ სტატიას: „არქიტექტორები ითხოვენ მერიამ k2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს“, არქიტექტორი ბექა თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეხვედრის დროს ის და მის გვერდით მსხდომი არქიტექტორები სულ სხვა გარემოებას გულისხმობდნენ, რაც ამ ცვლილების პროექტის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგება.

არქიტექტორის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო პროექტის ავტომანქანების ადგილებს, პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილის ჩათვლით, საერთო ფართობის მიხედვით გამოთვლიან.

ბათუმის მერიის 50-ე დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივ საქმიან ზონაში მენაშენეს, K2-ის საანგარიშო ფართობზე, 120 კვ/მეტრზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ/მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება ევალება.

ბექა თოიძის მოსაზრებით, ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი საერთო ფართობიდან არ უნდა გამოითვალონ:

„პირობითად გვაქვს K2 კოეფიციენტის დადგენილი მნიშვნელობა – 3.0.  ამ 3.0-ში შედის მიწის ზემოთ დაპროექტებული ავტოსადგომებიც, რის გამოც ხდება ისეთი ნონსენსი, რომ ავტოსადგომების რაოდენობა ემატება თვითონ ავტოსადგომისთვის გათვალისწინებული ფართობის ჩათვლით გადაანგარიშების შედეგად,“ – განმარტავს არქიტექტორი.

საქართველოში მოქმედი K2-ის გამოთვლის წესებს საქართველოს მთავრობის #57 და #59 დადგენილებები ადგენს. ამ წესების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში K2-ის საანგარიშო ფართობში არ შედის აივანი, ტერასა, კიბის უჯრედი და ასე შემდეგ.

„დავუშვათ, პირველ სართულზე შენობაში მთლიანად პარკინგია მოწყობილი, მის ზემოთ კი – ოთხი სართულია. მათ შორის პირველი სართულიც შედის K2-ში. პირობითად, პარკინგისთვის გათვალისწინებულია 600 კვადრატული მეტრი  ფართობი ავტოსადგომისთვის. დანარჩენი სართულები კიდევ 800 კვადრატული მეტრია. ასეთ დროს მთლიანი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დადგენისას მივიღებთ 3000 კვადრატულ მეტრს, რომელსაც ვყოფთ 150-ზე, რომ გამოვთვალოთ რამდენი  მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოწყობა გვევალება.

შესაბამისად, გამოვიდა, რომ ავტოსადგომების რაოდენობის განსაზღვრისას ვითვლით არამარტო საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ფართობებს, არამედ თვითონ ავტოსადგომის ფართობის ჩათვლით. ვფიქრობ, ლოგიკური და სწორი იქნება მიწის ზემოთ მოწყობილი ავტომანქანების გასაჩერებელი სივრცეებიდან არ მოხდეს დამატებით მათი რაოდენობის გაზრდა“, – განმარტა ბექა თოიძემ.

 

ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

ხულოში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში, გაჩენილი ხანძრის შედეგად მეჩეთის დამხმარე ნაგებობა, სულ 70 კვ.მ. ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

________________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს. ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა – აცხადებს ბათუმის მერია.

„გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს:

ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა 2) ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში. ფორმა 2 არის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არის ჯანმრთელი და საკვებად ვარგისი, მისი დაკვლა მოხდა ყველა სტანდარტის დაცვით.

მოწოდებული ხორცის ყველა ნაჭერზე დასმული უნდა იყოს ვეტერინარის დამღა, რომელიც უნდა იკითხებოდეს გარკვევით; ვეტერინარი თავისი ცნობით გვიდასტურებს, რომ ხორცი, რომელიც მიეწოდება საბავშვო ბაღებს, არის ფორმა 2-ით მოწოდებული საქონლის ტან-ხორციდან დაფასოებული რბილი ნაჭრები, ცნობა დასტურდება ვეტერინარის ბეჭდით.

ყველა მოწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა რეალიზებული პროდუქციის შესახებ, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში.

ხორცის მოწოდების დროს დაცულია ეტიკეტირების წესი, რომელიც თან ახლავს პროდუქტს. ყველა დოკუმენტი ხორცთან ერთად მიეწოდება არსებულ საბავშვო ბაღებს, დოკუმენტების დედანი ინახება ადმინისტრაციაში.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შესაბამის სტრუქტურებთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმში მდებარე ბაღების ცხენის ხორცით შესაძლო მომარაგების შესახებ დღეს, 19 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ლევან ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებს ხორცით სწორედ ის ადამიანთან დაკავშირებული კომპანია ამარაგებს, რომელსაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა:

„იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ეს არის შპს „ნარგული“, არის ზუსტად ის ადამიანი, ნუგზარ მარკოიძე, რომელსაც სამტრედიაში და გურიის ერთ-ერთ ბაღში შეჰქონდა ცხენის ხორცი. ზუსტად იმ სასაკლაოდან ხდება ბათუმში ხორცის შემოტანა, საიდანაც შეჰქონდათ სამტრედიაში. ანალიზი ბევრი კეთდება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ გვაძლევს სურათს, ეს ძროხის თუ ცხენის ხორცია. მინიმუმ ეჭვს მაინც უნდა აღძრავდეს მერიაში და ბაღების გაერთიანებაში ეს საკითხი. საქმე ეხება ჩვენს შვილებს და ესენი ფინანსდებიან ბათუმის ბიუჯეტიდან,“ – განაცხადა ლევან ანთაძემ.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს გამორიცხავს შპს ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა შამილიშვილი:

„ასეთი შემთხვევა ბათუმის საბავშვო ბაღებში არასდროს არ გამოვლენილა. კონტროლის მექანიზმები იმდენად მკაცრი და სრულყოფილია, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამას. ეს არის აგორებული აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომლებმაც გააკეთეს დაშვება, თუ არის სამტრედიაში, რატომ არა ბათუმში. რაც შეეხება იმას, რომ სამტრედიიდან შემოდის ხორცი, უამრავი სასაკლაოა, ხან ერთიდან შემოდის, ხან – მეორედან. ხულოშიც არის სასაკლაო და გურიაშიც,“ – ამბობს ის.

 

ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” ადვოკატების მონაწილეობის გარეშე შედგა – პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ ადვოკატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.

“გაიგეთ, რაც წავიკითხე, ესაა,” – რამდენჯერმე მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატებს, როცა მათ სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდათ.

ოქმების წაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პროტესტი ბრალდებულებმა – ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ გამოხატეს.

“აგდებული დამოკიდებულებაა, ბატონო მოსამართლევ. აბა, ადვოკატები რისთვის გვყავს? შენიშვნა მაინც მიეცით…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ზაალ ახვლედიანმა.

“ხომ ხედავთ, რა დღეში ჩაგვაგდეთ, ბრალდებულები აქეთ გვიცავენ უკვე,” – იქვე თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

“პოეზიის საღამოზე ხომ არ ვართ? მტკიცებულების გამოკვლევა არ ნიშნავს მხოლოდ მის წაკითხვას,” – დაამატა კიდევ ერთმა ადვოკატმა.

ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, პროკურორმა მიმართა მოსამართლეს:

“გთხოვთ, შენიშვნა მისცეთ დაცვის მხარეს”.

მოსამართლე ლევან გელოვანს შენიშვნა არც ერთი მხარისთვის მიუცია. მან განმარტა, რომ პროკურორმა, დაცვის მხარის მიმართვის შემთხვევაში, საკითხი უნდა დააზუსტოს.

საქმის განხილვა გრძელდება. მოწმეების დაკითხვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

 

ამ თემაზე:

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

90 000 ლარი ხუთი კონკურსისთვის – განათლების სამინისტროს პროგრამა

საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ -ი „შემოქმედებითი საქართველო“, კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2019 წლისთვის სხვადასხვა მიმართულებით 17 კონკურსს აცხადებს.

მათ შორის 5 საგრანტო კონკურსის ვადები უკვე ცნობილია, ამ მიზნით გამოყოფილი თანხა კი 90 000 ლარია.

[checklist]

  • კონკურსი: ფესტივალების ხელშეწყობა

  • პროექტით გათვალისწინებული თანხა: 35 000 ლარი

[/checklist]

კონკურსის პრიორიტეტებია: ფესტივალების ხელშეწყობა თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდისა და დიზაინის, პერფორმატიული ხელოვნებისა და ექსპერიმენტული მუსიკის მიმართულებით.

საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 8 თებერვლიდან – 6 მარტამდე და 2019 წლის 6 ივნისიდან – 5 ივლისამდე.

 

[checklist]

  • კონკურსი: თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა

  • პროექტით გათვალისწინებული თანხა: 25 000 ლარი

[/checklist]

კონკურსის პრიორიტეტებია საქართველოს რეგიონებში კულტურული რესურსის გაძლიერება, სახვითი ხელოვნების მდგრადი პლატფორმების შექმნა, ქართული ხელოვნების პროდუქტის განვითარება და პოპულარიზაცია.

საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 15 თებერვლიდან – 15 მარტამდე და 2019 წლის 13 ივნისიდან – 15 ივლისამდე.

 

[checklist]

  • კონკურსი: ხელოვანების მობილობა

  • პროექტით გათვალისწინებული თანხა: 5000 ლარი

[/checklist]

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანებისა და სახელოვნებო სექტორში მოღვაწე პროფესიონალების მობილობას, პროფესიულ განვითარებასა და მათი წარმოებული პროდუქტის ინტერნაციონალიზაციას.

მობილობა ცხადდება ღია კონკურსის სახით, წელიწადში ერთხელ: 2019 წლის 15 თებერვლიდან – 15 ნოემბრამდე, მობილობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ამოწურვამდე.

 

[checklist]

  • კონკურსი: შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

  • პროექტით გათვალისწინებული თანხა: 25000 ლარი

[/checklist]

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის მდგრადი განვითარება, შემოქმედებითი მეწარმეების გაძლიერება და ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და მისი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 18 მარტიდან – 15 აპრილამდე და 2019 წლის 17 ივნისიდან – 22 ივლისამდე.

 

[checklist]

  • კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანთათვის

  • კონკურსში გამარჯვებულთა რეზიდენცია უზრუნველყოფს იტალიური მხარე

[/checklist]

კონკურსის ამოცანაა ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების დარგში მომუშავე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ხელშეწყობა იტალიის ქალაქ კოზენცაში, BoCs Art რეზიდენციაში მონაწილეობისთვის.

სსიპ -ი „შემოქმედებითი საქართველო“ კიდევ 12 კონკურსს გამოაცხადებს 2019 წელს, სადაც დარეგისტრირება თებერვლის ბოლოდან, მარტიდან და აპრილიდან იქნება შესაძლებელი. რა რაოდენობის თანხა იქნება გამოყოფილი ამ კონკურსებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. საკონკურსო პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო შესაბამისი კონკურსის გამოცხადების დღეს გაასაჯაროვებს.

გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ

21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე გიდები მასშტაბურ აპოლიტიკურ აქციას აანონსებენ. ამ დღეს ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გიდები უფასო „ქალაქის ტურებს“ ჩაატარებენ და აქცია-პერფორმანსს მოაწყობენ სახელწოდებით „ეს საქართველოა“. გიდები ამ ფორმით აპროტესტებენ სახელმწიფო სიმბოლიკის – საქართველოს რუკის დამახინჯებას.

„საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია“, – ასეთია აქციის მთავარი მესიჯი.

უფასო ტურზე მისვლა  ყველა მსურველს შეეძლება.

„ვიწვევთ ყველა ახლობელს, შინაურს, ქალაქის სტუმარს, მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სკოლებს და უნივერსიტეტებს, მეზობლებს და მეგობრებს,” – ნათქვამია ოფიციალური მიმართვის ტექსტში, რომელსაც გიდები ავრცელებენ.

„რუკების დამახინჯება არ დაწყებულა დღეს და გუშინ. შარშანაც იყო იგივე პრობლემა. გადავწყვიტეთ, რადგან გიდების საერთაშორისო დღე მოდის 21 თებერვალს, ამ დღეს რაღაც ფორმით გაგვეპროტესტებინა ეს პრობლემა, რომელზეც რატომღაც ყველა თვალს ხუჭავს ან, უბრალოდ, ვერ ხედავენ ამაში პრობლემას. ბათუმში უფასო ექსკურსიას ჩაატარებს 15-მდე გიდი. 12 საათზე შევიკრიბებით ევროპის მოედანზე და ტურიც აქედან დაიწყება. გიდების გარდა, ასევე, მონაწილეობენ ტურისტულ სფეროში მომუშავე მოხალისეები, რომლებიც ავტომანქანითაც მოემსახურებიან ტურისტებს და გაიყვანენ მთიან აჭარაში,“ – ამბობს გიდი სალომე გორგილაძე. ის აქციაში სხვა გიდებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღდეგ 13 თებერვალს უკვე გაიმართა ონლაინ-ფლეშმობი. ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა იმ რუსული კომპანიების ქმედება გააპროტესტეს, რომლებმაც  საქართველოს რუკა დამახინჯებულად [აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე] განათავსეს თავიანთ ვებგვერდებზე.

21 თებერვალს დაგეგმილი აქცია-პერფორმანსში მონაწილე გიდებმა თავიანთი მოთხოვნა გაავრცელეს. მათი მოთხოვნები ასეთია:

„ყველამ, უცხოურმა კომპანიებმა, ტურ-ოპერატორებმა, პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პატივი ეცეს ქვეყნის რუკას, დროშას, ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს. შეწყდეს უკანონო ტურისტული საქმიანობა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. დაცული იქნას სახელმწიფო თუ  საერთაშორისო სამართლის ნორმები და კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”.

ფეისბუქზე შექმნილია დაგეგმილი საპროტესტო აქციის ივენთი.

გიდების განმარტებით, აქციის მთავარი მიზანია, სრულიად აპოლიტიკურმა პროფესიონალი გიდების გაერთიანებულმა ჯგუფმა, გამოაფხიზლოს მთავრობა, დაიცვას ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, კანონმდებლობა, სხვა ქვეყნებსაც აიძულოს პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, შეწყვიტონ სეპარატისტული რეგიონების ტურისტულ ზონებად გამოყენება და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

უფასო „ქალაქის ტურები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღის 12 საათზე დაიწყება. ბათუმში უფასო ტურში მონაწილეობის მისაღებად მსურველები ევროპის მოედანზე უნდა მივიდნენ.

თოვლიანი პეიზაჟები ხულოს სოფლებიდან [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტში ორი დღეა თოვს. როგორც ხულოს მერიაში გვითხრეს, დაბაში თოვლის სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი დაახლოებით 40-60 სანტიმეტრს აღწევს.

„ამ დილით გაითიშა შუქი თხილვანის თემში, ხიხაძირსა და რიყეთში, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. დილიდან იწმინდებოდა გზები, გადაადგილება ყველგან შესაძლებელია, ახლა მიმდინარეობს თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, სხვა მხრივ შეფერხება არ არის,“ – გვითხრეს ხულოს მერიაში.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს და ხვალ, 19-20 თებერვალს აჭარის მაღალმთიანეთში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, ღამით კი 2-7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზის თანახმად, 21 თებერვლიდან მთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.

ფოტოები ხულოს სოფლებიდან, დანისპარაულიდან და თხილვანადან მოგვაწოდეს.

დანისპარაული, თეა პაქსაძის ფოტო
დანისპარაული, თეა პაქსაძის ფოტო
თხილვანა, ბესო ქამაშიძის ფოტო
თხილვანა, ბესო ქამაშიძის ფოტო
თხილვანა, ბესო ქამაშიძის ფოტო
თხილვანა, ბესო ქამაშიძის ფოტო
თხილვანა, ბესო ქამაშიძის ფოტო
Exit mobile version