შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს


დღეს, 14 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს,  14:00 საათზე, ვარდების სკვერში (გორგილაძის ქ.) გაიმართება.

მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია:

  1. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური საბჭო 
  2. რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში
  3. ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე

„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ჩვენ მიერ დაქირავებული ბიუროკრატია ქალაქის სწორად განვითარების ნაცვლად შერჩევით, რამდენიმე ინვესტორის ინტერესებს  ემსახურება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ან კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული, ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას – გათავისუფლდნენ გავლენებისგან და მიიღონ  კეთილსინდისიერი, კანონშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო  გადაწყვეტილებები.

ამის მაგალითია ის,  თუ როგორ შეცვალა ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე მომზადებული დოკუმენტი „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“. ახლა არსებობს ამ დოკუმენტის ორი ვერსია. ერთის მიხედვით რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონას განეკუთვნება, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტით კი, ეს ტერიტორია ამ ზონიდან ამოღებულია. ცნობილია, რომ„სილქ როუდ ჯგუფი“ აქ ექვსი მაღლივი კორპუსის აშენებას აპირებს. ამ პროექტს კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ინვესტირების ფონდი“ აფინანსებს. ბათუმის მერიამ ვერ გაბედა უარი ეთქვა ინვესტორისთვის, უფრო მეტიც, მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და კონკრეტულ ბიზნესს  მოარგო დოკუმენტი. ისტორიული საყრდენი გეგმის, ისტორიული დაცვის ზონის კვლევებზე და პროექტების  მომზადებაზე სხვადასხვა დროს ბიუჯეტიდან  ჩვენი ფული – დაახლოებით 400 000 ლარია დახარჯული. რა საჭიროა ქალაქგეგმარებით დოკუმენტები თუ ინვესტორის მოთხოვნის შემთხვევაში საკრებულო მუდმივად შეიტანს ცვლილებებს, შეცვლის ზონის სტატუსებს და იმოქმედებს თვითნებურად?

ასე, რომ ჩვენ ვუერთდებით ორგანიზაცია „ბათომის“ მოთხოვნას: ბათუმის მერიის და საკრებულოს მიერ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი მათ მიერ მიღებული ვერსიის ნაცვლად „გეოგრაფიკის“კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტი დაამტკიცონ.

ასევე, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს უკანონო ზონალური საბჭო, რომლის მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს საბჭო დაკომპლექტებულია ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებით; არქიტექტორებით, რომელთაც, სავარაუდოდ, ახალი მშენებლობის მიმართ  სარგებლის მიღების ინტერესი გააჩნიათ. ისინი სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად ეწევიან საქმიანობას. რამდენიმე დღის წინ საბჭოს რეკომენდაციით მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გაიცა და შპს „ალიანსს გრუპის“ 5-სართულიანი სასტუმროს აშენების ნებართვა მიეცა. ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი საბჭოს მიერ უკვე გაცემულ გადაწყვეტილებებზე.

მესამე მოთხოვნა: თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ, მოქალაქეებმა ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მივმართეთ საჯარო წერილით, რომ ხელი არ მოეწერა ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვისთვის, რადგან კომპანის არ გაჩნდა ახალი გზშ-ს ანგარიში. ჩვენ შევთავაზეთ მერიას გაეკეთებინა საჯარო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და პროცესი გამჭირვალე ყოფილიყო. როგორც ჩანს, ქალაქის მერი არ მიიჩნევს სერიოზულად ასეულობით ჩვენი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებას.

ჩვენ მოქალაქეები მოვითხოვთ, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და ე.წ. საბჭოების წარმომადგენლებისგან, შეცვალოს გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება ქალაქის ისტორიის და მისი მომავლის მიმართ. მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს შევიკრიბოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნები“, – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

მოძრაობაში – „დაიცავი ბათუმი“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებულნი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.