ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მერმა განაცხადა, რომ ზოოკუთხის გადატანის შემდეგ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება.
„…გაჟღერდა, კომახიძე ცდილობს ზოოპარკის გადატანასო. დიახ, ვცდილობ იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე აუტანელია სუნი და ხმაური. გარდა ამისა, იქ მყოფი ცხოველებისთვის აუტანელია იმ პირობებში ყოფნა, ამიტომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მოვძებნოთ შესაბამისი გარემო. აქვე მინდა შიში მოვუხსნა ყველას – იქ არ აშენდება კორპუსები. იქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული ზონა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა. მე ვგულისხმობ კაფე-ბარებს, ატრაქციონებს და სხვა საშუალებებს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე.
ამ შეხვედრაზე დღეს ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.
ზოოკუთხე ბათუმის ცენტრალურ პარკში [ყოფილი 6 მაისის პარკი] მდებარეობს.