„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო პერიოდში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით. ამ თემაზე სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ. „საგამოძიებო სამსახურს ჰკითხეთ“, – გვითხრეს უწყებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები აქვს ბათუმში, მემედ აბაშიძის #40-ში მდებარე შენობის გასხვისების, ასევე, შენობის იმ ფორმით რესტავრირებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რა ფორმითაც ეს პროცესი მიმდინარეობს.
ამ კონკრეტული ქონების თაობაზე მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მისივე ინფორმაციით, ამ შენობასთან დაკავშირებით კითხვები მასაც დაუსვეს:
„აინტერესებთ გაყიდვის საკითხი – ეკონომიკის სამინისტრომ [აჭარის] გაასხვისა და ისინი ვარაუდობენ, რომ დაბალ ფასად გაასხვისა და ასევე, დაირღვა თუ არა ნებართვის გაცემის პროცედურები. სამსართულიანი შენობის დემონტაჟი შეიძლებოდა თუ არა ხუთსართულიანის მშენებლობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით მიდის მოკვლევა, დაკითხვაზე ვიყავი ორჯერ“.
ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეს ქონება აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის წესით 1 მილიონ 755 ათას ლარად და პირობით გაყიდა. 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა.
შენობა აუქციონზე ადრეც რამდენჯერმე გაიტანეს, თუმცა არ გაიყიდა. აღნიშნული ქონება ბოლოს აუქციონზე გაცილებით ძვირად – 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უკვე შეთანხმებული პროექტის რენდერის [ვიზუალური მასალა] მიხედვით, მესაკუთრე ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას არ გეგმავს. შენობას შესასვლელში შუშის ფოიე ემატება, სადაც ე.წ. ზამთრის ბაღის მსგავსი სივრცე მოეწყობა და ფუნქციურად კაფეს დატვირთვა ექნება. გარდა ამისა, მინით შეიფუთება ფასადის ნაწილი მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან, საერთო ჯამში კი, შენობის მასშტაბები ორი სართულით გაიზრდება. შენობის ამ ფორმით რესტავრირებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მყიდველისთვის მისი პირვანდელი სახით აღდგენის ვალდებულება სამინისტროს აუქციონის პირობებით არ დაუვალდებულებია.
მყიდველის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/121675/