მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“


N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ საათში ერთხელ მიდის და ეს, მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ამ ხაზზე ყოველდღიურად 8 ავტობუსი მოძრაობს 14-წუთიანი ინტერვალით და უახლოეს მომავალში ავტობუსის დამატება არ იგეგმება.

თუმცა, კომპანიის ვებგვერდზე „ავტობუსების მოძრაობა LIVE“-ის მიხედვით, დღეს, 13 თებერვალს, ხაზზე მოძრავი მხოლოდ 6 ავტობუსი ჩანს.

„ამ ლაივის განახლება ხდება, ხშირად ზუსტი მონაცემები არ ჩანს… Google-ზე არის პრობლემები, მიწერილი გვაქვს მათთვის წერილი, რომ ხარვეზები აღმოფხვრან,“ – გვითხრა ბესიკ დათიაშვილმა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, „ხალვაშის გამზირზე ყოველ 2-3 წუთში მიკროავტობუსები მოძრაობს და მოძრაობაც გადატვირთულია, მაგრამ მგზავრს პრობლემა არ ექმნება გადაადგილებაში. უბრალოდ, პიკის საათებში ლოდინი არავის უნდა, ყველა ცდილობს ერთ ავტობუსში შევიდეს, მერე მთელი დღის განმავლობაში ხშირად ავტობუსები ცარიელი მოძრაობს. სამომავლოდ, როგორც კი საშუალება გვექნება, გვაქვს გეგმაში მაგ ხაზზე ადაპტირებულმა ავტობუსებმაც იაროს, ასეთი მოთხოვნაც არის. ვმუშაობთ ამ საკითხზე“.

„ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ, პიკის საათებში სხვა ხაზებზეც იზრდება მგზავრთა რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან ამ ეტაპზე ავტობუსის დამატების საშუალება არ არის, შესაძლოა არსებულმა ავტობუსებმა შეცვლილი ინტერვალით იმოძრაონ [თუნდაც პიკის საათებში], „მაგრამ ამას თავისი პრობლემები აქვს“ და, ზოგადად, რეგულაციებზეც მუშაობენ.

უახლოეს პერიოდში ბათუმის მერიამ „ზონდას“ სამი ავტობუსი ოზურგეთს, ხოლო ხუთი ავტობუსი ფოთს გადასცა. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ავტობუსების დამატება რომელიმე საქალაქო ხაზზე? – ბესიკ დათიაშვილის თქმით: „არ ვიცით, რას ჩაუტარებენ და როგორ გააკეთებენ, მაგრამ  ჩვენ იმისთვის გავაჩერეთ ეგ ავტობუსები, რომ ბათუმისთვის უკვე გამოუსადეგარი იყო“.

ბათუმში N12 მუნიციპალური ავტობუსი ბონის დასახლებასა [ავტოსადგური „მეტრო“ გოგოლის ქუჩაზე] და ხელვაჩაურს [მახოს ხიდი] შორის მოძრაობდა. 2018 წლის თებერვლიდან კი მარშრუტი მერიამ, პორტთან ესტაკადის მშენებლობის გამო, შეცვალა და ავტობუსი დღემდე მახოს ხიდსა და თბილისის მოედანს შორის მონაკვეთში მოძრაობს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, N12 ავტობუსის დაბრუნება მაიაკოვსკი-გოგოლის ქუჩებზე აღარ განიხილება.

N12 მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 13.02.2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com