ბათუმის ნავსადგურში ორი თურქული გემი შემოვა

6-8 მარტს ბათუმის ნავსადგურში ორი თურქული სამხედრო გემი, TCG FATİH-ი და TCG KILIÇ-ი  შემოვა.

გემები ბათუმში სამხედრო საზღვაო წვრთნების – „ცისფერი სამშობლო 2019“-ის ფარგლებში შემოვლენ. სამხედრო საზღვაო წვრთნები 27 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს და მასში სულ 103 გემი მონაწილეობს.

6 მარტს,  10:30 საათზე, ბათუმის ნავსადგურში გემების დახვედრის ცერემონია გაიმართება. გემების დათვალიერება ვიზიტორებს 6 მარტს – 14:00-16:00 საათზე და 7 მარტს 10:00-12:00 საათზე შეეძლებათ.

ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

მხოლოდ ერთი მომხრე – საკრებულოს უმრავლესობას არ სურს k2-ის გაცემაში მონაწილეობა მიიღოს

კონკრეტულ ზონაში დადგენილს ზემოთ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე იმსჯელოს საკრებულოს ბიურომ, შემდეგ კი გადაწყვეტილება საკრებულომ შეითანხმოს – ამ ცვლილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის 50-ე დადგენილებაში [დადგენილება ქალაქის განაშენიანების წესებს განსაზღვრავს] საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ითხოვდა: „მოდით, ეს თემა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე.“

მირდატ ქამადაძემ ეს მოთხოვნა ქალაქში k2 კოეფიციენტის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ კოეფიციენტების მატება „ქალაქში დიდ ვნებათაღელვას იწვევს და კონკრეტულ პრობლემებს უკავშირდება“. საკრებულოს წევრის აზრით, საკითხის საკრებულოსთან შეთანხმება, ერთი მხრივ, მეტ საჯაროობას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ „შეამცირებს ცდუნებას.“

ვიდრე საკრებულოს წევრი ამ ცვლილებას მოითხოვდა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრებს დადგენილებაში [#50] მერიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამ ცვლილების მიხედვით, მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართობი 600-1200 კვ/მეტრია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს კონკრეტული ზონისთვის დადგენილი ოდენობის 50%-ით, ხოლო მიწის ნაკვეთებისთვის, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1200-1800 კვ/მეტრს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისთვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით; 1800-2500 კვ.მ-ზე კი – ზონისთვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ­ღვრული შესაბამისი პირო­ბების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს k2 კოეფიციენტი იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორი გეგმავს მშენებლობას 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე? – ამ საკითხით სხდომაზე სწორედ მირდატ ქამადაძე დაინტერესდა. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კოეფიციენტი 300 პროცენტითაც გაიზარდოს და გადაწყვეტილებას ისევ მერი მიიღებს?“ – იკითხა მან.

საკითხის მომხსენებელმა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის  ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრს განუმარტა, რომ შესაბამისი კომისია იმსჯელებს და მისცემს რეკომენდაციას მერს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მერი მიიღებს.

მირდატ ქამადაძის ინიციატივის კენჭისყრა დასრულდა შედეგით – ერთი მომხრე, უმრავლესობა წინააღმდეგი წავიდა, ოპოზიციამ თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ განმარტა, რომ ისედაც მზადდება სამშენებლო კოდექსი, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტი დაამტკიცებს.

უმრავლესობამ მხოლოდ მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებებით დაამტკიცა საკითხი.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, აჭარის სამინისტრო ახალი კონცეფციის მოსამზადებლად ახალ კომპანიას ეძებს.

რა დაუჯდება აჭარის ბიუჯეტს კონცეფციის მომზადება, სამინისტროში ჯერ არ იციან.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა. კონკრეტულმა კომპანიამ უნდა შექმნას აღნიშნული ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასთა მოკვლევა, რომ ვიცოდეთ, რა თანხა იქნება საჭირო და რა ფორმით გადაწყდება ეს საკითხი“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები გონიოში, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, დღეს ჯამში 3 084 407 კვ/მეტრია [308 ჰექტარი].

„ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების დაყოფა შემდგომში პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით სამინისტროში არ
განიხილება“, – მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ სამინისტროდან.

ერთი წლის წინ, 2018 წლის იანვარში კი, სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „გონიოს განვითარების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებაში, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსი“. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, გონიოს ხიდის მშენებლობა. ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“.

სწორედ „ქოლიერსიმ“ [Colliers International] მოამზადა ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც ადგილობრივი სამინისტრო, ძირითად დოკუმენტად არ განიხილავს.

„ეს არის ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა. ცენტრალურმა სამინისტრომ შეუკვეთა და კომპანიამ კვლევა დადო, რასაც ვიყენებთ. სამთავრობო დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება მაგ ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამასთან, რახან იყო კონცეფცია და შეიქმნა ახალი სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“, ეს კონცეფციაც, ასე ვთქვათ, ამ სააგენტოს ერგო წილად, ანუ მათ კომპეტენციაში შევიდა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამდენიმე დღის წინ ვახტანგ ჭეიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა.

ამ თემაზე: გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ ყოფილი პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარება კვლავ „ღია თემაა“ და სხვადასხვა მოსაზრებასა თუ წინადადებასაც ელიან. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ თემაზე წამოწყებული დისკუსიის დროს, აჭარის მთავრობას მოქალაქეებმა „ურჩიეს“, რომ, მაგალითად, პოლიგონის ტერიტორიის ნაწილი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, შესთავაზონ „სილქ როუდ ჯგუფს“, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ საკუთრებაში ფლობს 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, სადაც 6 კოშკის აშენებას გეგმავს. „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს – ააშენოს ჭაჭის კოშკთან ცათამბჯენები, ბათუმელი მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება.

დასრულდა თუ არა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განაღმვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო? – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ტერიტორიის თითქმის ნახევარი უკვე განაღმულია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რთულია სამუშაოები და, შესაბამისად, განაღმვის პროცესი გრძელდება“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს ისე დატოვა, რომ ტერიტორია არ გაუნაღმია. 2010 წლის თებერვალში გონიოს პოლიგონზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის განაღმვა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

გონიო, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელსაც რუსეთის საჯარისო შენაერთები იყენებდნენ.

ამ თემაზე:

 

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

საქართველოს რკინიგზის დირექტორმა ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63- გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ასამბლეაზე განხილეს  სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარებას ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.  ისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან,  შემდგომი თანამშრომლობის  გაღრმავებასა  და სამომავლო  ურთიერთობებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები  გაუზიარეს.

ფებრილური გულყრა – დაავადება ბავშვებში, რომელიც ეპილეფსიას ჰგავს, მაგრამ განკურნებადია

ფებრილური გულყრა ბავშვებს 6 თვიდან 5 წლამდე აღენიშნებათ სიცხის ფონზე. ამ დროს ბავშვი ხშირად კარგავს გონებას და აღენიშნება კიდურების კანკალი სხეულის ორივე მხარეს. იშვიათად ვითარდება შეკრთომები სხეულის მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, შეტევის დროს ზოგჯერ ადგილი აქვს კიდურთა ტონურ დაჭიმვას, ფებრილური გულყრა გრძელდება 1-დან 15 წუთამდე.

ბავშვები, რომლებსაც ემართებათ ფებრილური გულყრა არ ითვლებიან ეპილეფსიით დაავადებულებად!

ცნობილია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზრდის ფებრილური გულყრის განვითარების შანსს:

[checklist]

  • პირველი ფებრილური გულყრა 5 თვეზე ნაკლებ ასაკში
  • ცხელების ხშირი ეპიზოდები
  • ფებრილური გულყრის არსებობა ოჯახის წევრებში
  • გულყრის განვითარება დაბალი ტემპერატურის ფონზე ან სიცხის აწევისთანავე

[/checklist]

მიუხედავად იმისა, რომ ფებრილური გულყრა ძლიერ აშინებს მშობლებს, მათი უმრავლესობა არ არის საშიში.

ფებრილური გულყრის მკურნალობის აუცილებლობას ადგენს ექიმი-ნევროლოგი. უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ბავშვებს საერთოდ არ სჭირდებათ მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ თუ მკურნალობა მაინც ჩაითვალა მიზანშეწონილად, წამლის მიღება, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სიცხიან პერიოდში არის საუკეთესო ალტერნატივა.

თუ ბავშვს აქვს სიცხე, მშობელმა უნდა გამოიყენოს სიცხის დამწევი საშუალება, თუმცა ტემპერატურის დაწევით გულყრის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება.

ფებრილური გულყრის დროს, მშობელმა უნდა მიაღებინოს ბავშვს ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავის გვერდით მდებარეობით, შეუხსნას არსებული საყელო ან მოახდინოს პირში არსებული საკვების გამოსუფთავება და შეაღოს კარი/ფანჯარა, რათა ბავშვს მიეწოდოს სუფთა ჰაერი.

ფებრილური გულყრა არ იწვევს მენტალურ დარღვევებს, ბავშვის ინტელექტი არ ზიანდება ძლიერი ფებრილური გულყრის დროსაც კი. ბავშვის გამოჯანმრთელება ხდება სრულად.

მთავარი ფოტო: ირმა ხვიჩია, ბავშვთა ნევროლოგი


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

„ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე „ალიანს სიტის“ სამი ცათამბჯენის აშენება სურს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთი 50-სართულიან და ორ 40-45-სართულამდე სიმაღლის შენობების აშენებას გეგმავს.

კომპანია ითხოვს, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და კ2 კოეფიციენტი 15,0-მდე გაზარდოს. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია. პროექტის ფუნქციური დატვირთვა საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

დღეს საკრებულომ მხარი დაუჭირა ამ ტერიტორიაზე გენგეგმის მომზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. ოპოზიციამ კი ისაუბრა იმაზე, რომ ახალმა პროექტმა ზღვის ხედი არ უნდა გადაკეტოს.

კომპანია „ალიანს სიტის“ ასივე პროცენტს „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი ფლობს.

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

მშობელი: პირველ კლასში ისეთი დაფა აქვთ, ბავშვები ვერ წერენ

ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის „პირველ გ“ კლასში საკლასო დაფა მოძველებულია და მასზე პირველკლასელები ვერ წერენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.

მშობლის თქმით, სწავლის დაწყების დღიდან კლასის ხელმძღვანელთან ჰქონდათ საუბარი მშობლებს და ითხოვდნენ დაფის გამოცვლას, თუმცა კლასში ისევ ძველი დაფაა განთავსებული. „მშობლების ნაწილმა თქვა, ფული შევაგროვოთ და ჩვენ თვითონ ვიყიდოთო, მაგრამ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ფული დადოს“, – აცხადებს პირველკლასელის მშობელი.

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს მანანა დიდმანიძესაც ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში საკლასო დაფების ნაწილი მოძველებულია, თუმცა ახალი დაფების შეძენაზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვს და მალე მიიღებენ.

„მშობლების მხრიდან დაფის ყიდვა არ შეიძლება, როცა არის სკოლაში ამის საშუალება. ჩვენ მიწერილი გვაქვს დაფების რაოდენობა, ნაწილი შემოტანილია და ნაწილს კიდევ მოგვცემენ აუცილებლად“, – ამბობს მანანა დიდმანიძე.

სულ რამდენია საკლასო დაფაა შესაძენი, დირექტორი არ აკონკრეტებს.

რადგან ახალი დაფების ნაწილი მიღებული გაქვთ, „პირველი გ“ კლასის საკლასო დაფა რატომ არ იცვლება? – ამ კითხვის პასუხად დირექტორი ამბობს, რომ „ეტაპობრივად ყველა მოწესრიგდება. მშობლებს კი კიდევ ერთხელ დაელაპარაკება ამ საკითხზე“.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მშენებარე კორპუსის დაერეთების და ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამო, 5 მარტის 23:00 საათიდან 6 მარტის 09:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწდება:

ხახუტაიშვილის ქუჩას; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში; ინასარიძის ქუჩას: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში; ფიროსმანის ქუჩას: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში.

შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით კი შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

საქალაქო ავტობუსები ბონის მიმართულებით ბაზართან აღარ გაივლიან – დროებითი მარშრუტი

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები N: 15, 8, 4, 1 და 1ა,  ქალაქიდან ბონის მიმართულებით მოძრაობისას მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბონთან“ [ფარეხი, ბაზარი] აღარ გაივლიან. მიზეზი, როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მაიაკოვსკის ქუჩის მონაკვეთის ჩაკეტვაა ავტოსადგურის მიმდებარედ, სადაც გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

N1 და N15 საქალაქო ავტობუსები გოგებაშვილის ქუჩიდან მანთაშევის შლაგბაუმზე აღარ გადადიან და მიდიან ბაქოს ქუჩით. N15 აგრძელებს გზას, N1 კი გადადის ბარცხანის ხიდზე. ქალაქში ეს ავტობუსები უკან ბრუნდებიან მაიაკოვსკის ქუჩით, რა დროსაც ისინი გამოივლიან ბონის ბაზართან.

N8, N4 და N1ა ავტობუსები კი წერეთლის ქუჩიდან შავშეთის ქუჩის გავლით გადავლენ ბაგრატიონის ქუჩაზე და ამ ქუჩით იმოძრავებენ ბონის კულტურის სახლამდე [გოგოლის ქუჩა]. ეს ავტობუსები უკან, ქალაქში დაბრუნდებიან მაიაკოვსკის ქუჩით, ანუ, უკანა მიმართულებაზე ეს ავტობუსებიც გამოივლიან ბონის ბაზართან.

ბათუმში ყველაზე მეტი მგზავრი N1 და N1ა ავტობუსს ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია 2019 წლის იანვრის სტატისტიკა – ზამთრის პირველ თვეს ამ ხაზის ავტობუსებით ბათუმში ჯამში 181 809 მგზავრმა ისარგებლა.

დროებითი მარშრუტი შენარჩუნდება მანამ, სანამ ავტოსადგურთან, მაიაკოვსკის ქუჩაზე სამუშაოები არ დასრულდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მაიაკოვსკის ქუჩის სხვა მონაკვეთი გადაიკეტება, შესაბამისად, შესაძლოა საქალაქო ავტობუსების ეს დროებითი მარშრუტიც შეიცვალოს.

ამ თემაზე:

მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

 

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, რომ პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუკავებია ის პირი, ვინც ამ დაპირისპირების დროს 2 ადამიანის – ქალი და კაცი დანით დაჭრა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, შესვენების გამოცხადების დროს, „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ხუთ დაკავებულს შორის არ არის ის, ვინც იმ ღამეს ქალი და კაცი დანით დაჭრა. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ პროკურორ ფრიდონ ქარცივაძისგან შეიტყო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს პირი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

პროკურორს ასევე ვკითხეთ, რატომ არ არიან ამ საქმეზე დაკავებულები მოწინააღმდეგე მხარის სხვა წევრები, ვისი მისამართითაც დაკავებულებმა თქვეს, რომ „ქურდული სამყაროს წევრებისგან იცავდნენ თავს“. ფრიდონ ქარცივაძის თქმით, ისინი საავადმყოფოში ახლობლის სანახავად იყვნენ მისულები, თავს იცავდნენ და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

რეზო წ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამოძიება 2 მარტს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.  სათათბირო ოთახიდან დარბაზში მოსამართლის დაბრუნებამდე სწორედ მან უთხრა პროკურორს, რომ შეურაცხყოფილია, რადგან მას „ვაჰაბისტი“ უწოდეს.

“არავის არ უხსენებია ეგ, არასწორად არის გაგებული…”- ჩაილაპარაკა პროკურორმა.

ამასობაში დარბაზში მოსამართლე ლევან გელოვანი დაბრუნდა და ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ვერსიით, სიტყვიერი დაპირისპირება ორ მხარეს შორის საავადმყოფოში მოხვედრამდე, ანუ 2 მარტამდე დაიწყო.

“შემდეგ ადგილზე ჯგუფურად მივიდნენ და გაიგეს, რომ ადამიანები, ვისაც დაუპირისპირდნენ, საავადმყოფოს მეორე სართულზე იყვნენ… ისინი შევარდნენ საავადმყოფოს მეორე სართულზე, არ მოერიდნენ არც პაციენტებს და არც სამედიცინო პერსონალს,” – თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

“კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, როცა მოწინააღმდეგე მხარემ დანა გამოიყენა… ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი… ისინი წააქეზეს, აიძულეს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ,” – უთხრა მოსამართლეს დავით ქ.-ს ინტერესების დამცველმა, ზვიად მარკოიძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სამართლებრივად ხულიგნობა მოტივის გარეშე ჩადენილი დანაშაულია, ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის მოტივაცია არსებობდა და კვალიფიკაცია არასწორია.

ვაჰაბიტების თემას შეეხო ადვოკატიც.

“გამოძიების დაწყების ბარათში მითითებულია, რომ შეტყობინება შევიდა, ვაჰაბისტები შევარდნენ რესპუბლიკურშიო. თავიდანვე ამ ადამიანების დემონიზაცია მოხდა… სინამდვილეში მათ არავითარი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონიათ, როცა რესპუბლიკურში მივიდნენ,” – აღნიშნა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ აქცენტი ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებაზე გააკეთა.

“ამ ვითარებაში, როცა თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ვიდეო კადრებიც ამოღებულია, მიზანშეწონილი არ იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება,” – თქვა ადვოკატმა ნონა დუმბაძემ.

“დამაკავეთ, მეც დამაკავეთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულ რეზო წ.-ს მამამ, დავით წ.-მ. მას მანდატურის თანამშრომლებმა აიძულეს დარბაზის დატოვება.

სასამართლოს ფოიეში დავით წ.-მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მეორე შვილიც დაკავებულია, მას ყაჩაღობას ედავებიან და ეს მიზანმიმართულად ხდება.

“ცუდ საქმეს ჩავიდენ და იცოდეთ,” – ბრალდებულის მამამ ეს სიტყვა პროკურორს გზაში დააწია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლომ დღეს მთლიანობაში ხუთ პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

 

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 16 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინდა, მათგან 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 16 ფაქტი გამოვლინდა; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30 ფაქტი, იმერეთში – 67 ფაქტი, გურიაში – 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 8 ფაქტი, შიდა ქართლში – 87, ქვემო ქართლის მასშტაბით – 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 61 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება.

“ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა”

ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას დღეს, 5 მარტს, განიხილავს  ბათუმის საქალაქო სასამართლო. პირველად მოსამართლემ გიორგი ტ.-ს საქმე განიხილა.

დღევანდელ პროცესზე, პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს არ უსაუბრია, რის გამო დაუპირისპირდა ორი ჯგუფი ერთმანეთს “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ეზოში. პროკურორმა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა კი, პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა.

“ბრალდებული ორჯერ დააკავეს… იარაღი პოლიციელს 6 საათი საკუთარ ჯიბეში ჰქონდა,” – თქვა მან.

ადვოკატის ვერსიით, გიორგი ტ. თავდაპირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში დააკავეს, შემდეგ კი, სხვა კლინიკაში, სადაც დაკავებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

გიორგი ტ. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, უჩა რომანაძემ დააკავა. მისი ჩვენების მიხედვით, მან მიწაზე წაქცეული დაინახა ბრალდებული, რომელსაც ჩხრეკის დროს იარაღი აღმოუჩინა.

“იმ დროს უჩა რომანაძეს არ შეუდგენია არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმი. იარაღის ამოღება 3 მარტსაა გაფორმებული… გამოდის, რომ პოლიციელს 6 საათი იარაღი დატოვებული ჰქონდა და რა გააკეთა, არავინ იცის,” – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი ტ.-ს ჩხუბის დროს ხელი დაარტყეს და წაიქცა.

“მან ძირს დაგდებული იარაღი დაინახა და ხელში აიღო… შეეშინდა. შემდეგ ისევ დაარტყეს ხელი, გრძნობა დაკარგა და ისევ წაიქცა. მას ეს იარაღი არ ეკუთვნოდა,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

“მისი დაკავება მოხდა კლინიკაში,” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. ის აღარ გამოხმაურებია პოლიციელის მხრიდან იარაღის დატოვების ამბავს.

ადვოკატი პროკურორს მიუბრუნდა:

“თუ ჩვენებებს გაეცნობით, პოლიციელები აღწერენ: რესპუბლიკურის ეზოში დავაკავეთ, განვაიარაღეთ და პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გავაგზავნეთო. თუკი არ დააკავეთ, რატომ გააგზავნეთ მაშინ იგი პოლიციის განყოფილებაში? მას დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფო იქვე იყო,” – თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა გიორგი ტ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება,” – დასძინა მოსამართლემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო. აღკვეთის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილების საქმეზე

 

აჭარაში მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა

5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ გოგიტიძის თქმით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარაში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მიწისძვრა დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ამავე თემაზე

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები

 

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

ბათუმის ბულვარში  მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. შესაბამისი განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხვალ, 5 მარტს, განიხილავენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი, განკარგულება ძალაში პირველი აპრილიდან შევა.

განკარგულების პროექტის მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ გავრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, განკარგულების ამოქმედებამდე ყველა იმ მოიჯარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გასდის ვადა, რომლებიც ბულვარში მოტოციკლებს, კვადროციკლებს და ელექტრომობილებს ტურისტებზე აქირავებდნენ.

ირაკლი ჯინჭარაძის განმარტებით, აკრძალვის აუცილებლობა გახშირებულმა ავარიამ განაპირობა.

„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც“, – განმარტავს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ბულვარის ადმინისტრაციაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ ისეთი რეგულაციების შემუშავებას, რითაც ბულვარის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა და უკანონო კონსტრუქციების გამართვაც აიკრძალება.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსის პროექტირებას სამინისტროს 320 ათას ლარად სთავაზობენ

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებას 320 001 ლარად სთავაზობს.

მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებაზე ტენდერი აჭარის სამინისტრომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო. წინადადებების მიღება დღეს, 4 მარტს შეწყდა.

ვინაიდან ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, ამ ეტაპზე შესყიდვების გვერდზე მხოლოდ ის კომპანია ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა.

თუ ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ საბოლოოდ ვერ დააკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მომდევნო, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადებას განიხილავს. თუ ასეთი არ იქნება, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.

„ინჟარქიტექტი“, როგორც შესყიდვების გვერდზეა აღნიშნული, თბილისში რეგისტრირებული ამხანაგობაა.

ამ თემაზე:

 ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის – განცხადებების მიღება დაიწყო

კომისია: ოცნების ქალაქში რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს აღმოაჩნდა საკუთრება

რა ნომერი ავტობუსით მგზავრობენ ბათუმელები ყველაზე ხშირად

ბათუმში ყველაზე მეტი მგზავრი #1 და #1ა ავტობუსს ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია 2019 წლის იანვრის სტატისტიკა – ზამთრის პირველ თვეს ამ ხაზის ავტობუსებით ბათუმში ჯამში 181 809 მგზავრმა ისარგებლა.

#1 და #1ა გაივლიან რუსთაველის ქუჩას, სადაც არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი და ასევე, საზღვაო აკადემია, შესაბამისად, ამ მარშრუტის პოპულარობა ამ გარემოებითაც აიხსნება.

იანვრის თვის სტატისტიკა ბათუმის ავტოტრანსპორტმა დღეს გამოაქვეყნა ფეისბუქგვერდზე. სტატისტიკის თანახმად, იანვარში მუნიციპალური ტრანსპორტით სულ 919 522-მა მგზავრმა ისარგებლა, აქედან 61 მგზავრი დაჯარიმდა უბილეთოდ მგზავრობისათვის. 

სტატისტიკის თანახმად ასევე გაირკვა, რომელია ყველაზე არაპოპულარული მარშრუტი ბათუმში. ესაა #2 და #2ა, მთელი თვის განმავლობაში ამ მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტით სულ 21 071-მა მგზავრმა ისარგებლა.

#2 ავტობუსი მოძრაობს მარშრუტით: ადლიის დასახლება-კაჩინსკების-ხიმშიაშვილის-კობალაძის-ინასარიძის-ფიროსმანის-ჭავჭავაძის ქუჩები – თბილისის მოედანი; #2ა ავტობუსი კი შემდეგი მარშრუტით: ადლიის დასახლება-კაჩინსკების-ხიმშიაშვილის-[იუსტიციის სახლი]-გორგილაძის-ბარათაშვილის ქუჩები – თბილისის მოედანი.

50-სართულიანი ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – შეიცვლება ზონის სტატუსიც

ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, კომპანია „ალიანს სიტი“ ორმოცდაათსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზებს, ლაუნჯებს, საოფისე ფართობებს, მაღაზიებს, რესტორნებს, სხვადასხვა სახის ტურისტულ და სპორტულ სივრცეს მოიცავს. საკრებულოსთვის უკვე გადაგზავნილი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სამშენებლო პროექტი მიწისქვედა სართულზე  ავტომანქანის 450 გასაჩერებელი ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.

სამშენებლო პროექტი მიწის ნაკვეთზე, რომელიც 18 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს, ზონის სტატუსის შეცვლას მოითხოვს: დაგეგმილი მასშტაბისა და ფუნქციის მქონე შენობის აგების ნებართვა რომ გაიცეს, საცხოვრებელ ზონას უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივ საქმიანი ზონის სტატუსი.

ამის სანაცვლოდ კომპანია  საქართველოს 500 მოქალაქის დასაქმებასა და 250-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება ბათუმის მერიას. მერიის ინფორმაციით, კომპანია მშენებლობის დაწყებას 2019 წელს, ხოლო მის დასრულებას 2023 წელს გეგმავს.

ახალ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით განაშენიანების გეგმარებითი დავალების მისაცემად მერიას ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდა დაწყებული, ამჯერად კი საკრებულოში შევიდა ინიციატივა, გაიცეს გეგმარებითი დავალება, რაც ამ ტერიტორიაზე ზონის სტატუსის შეცვლასაც ითვალისწინებს.

2019 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ კომპანია „ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავდა.

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

 

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

„ქალაქ ბათუმის მერია თანახმაა განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემოსაერთებელი ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის რუკის შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს 2019 წლის 30 იანვარს გადაუგზავნა.

ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის საკითხს ბათუმის საკრებულო 2019 წლის 5 მარტის სხდომაზე განიხილავს. პროექტის მიხედვით, ბათუმის საკრებულოც თანახმაა საზღვრის შეცვლაზე. თუ საკრებულოს უმრავლესობა საზღვრის შეცვლას მხარს დაუჭერს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამის შუამდგომლობას სამთავრობო კომისიას წარუდგენს.

ხელვაჩაურის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტს საზღვრების შეცვლის თხოვნით იმ მიზეზით მიმართა, რომ 2011 წელს საზღვრების შეცვლის დროს, ბათუმის საზღვრებში მოექცა ხელვაჩაურის დაბა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით კი, აუცილებელია მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ადმინისტრაციული ცენტრი.

აქედან გამომდინარე, ხელვაჩაურში მომზადდა ადმინისტრაციული საზღვრის ახალი რუკა, რომლის მიხედვითაც 555 482 კვ/მ ტერიტორია, რომელიც დღეს ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, გადადის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში.

ეს ტერიტორია მოქცეულია ფრიდონ ხალვაშის გამზირს, გრიგოლ რობაქიძისა და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩებს შორის. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები 246 ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან 91,4% თანახმაა ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ხელვაჩაურის საზღვრებში უნდა გადავიდეს, დღეს მოქცეულია:

ბათუმის საკრებულოს დოკუმენტებიდან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საერთო ფართობი [დაბრუნებული ტერიტორიის ჩათვლით] იქნება 36 766,7 ჰექტარი.

ტერიტორია, რომელიც ბათუმის საზღვრებშია და ხელვაჩაურის საზღვრებში მოექცევა მდებარეობს ფრიდონ ხალვაშის გამზირს, გრიგოლ რობაქიძისა და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩებს შორის.

„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დღეს, 4 მარტს, მოხდა. ერთ შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა ერთმანეთს, შემდეგ მსუბუქი ავტომანქანა – მიკროავტობუსს.

ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა და „შესაბამის სამსახურებს“ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. იგი წერს, რომ მოსახლეობამ ხელმოწერებით მერიას უკვე მიმართა და ისინი ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ქუჩაში განთავსებას ითხოვენ.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი შესწავლილია და მერიამ საპატრულოსგან „მწოლიარე პოლიციელების“ მოწყობის ნებართვა უკვე მიიღო. კეთილმოწყობის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაიკოვსკისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში „მწოლიარე პოლიციელის“ მოსაწყობად სატენდერო პროცედურა უკვე დაწყებულია.

ავარია. ფოტო: თინა ჭკუასელი

ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამჯერად ბათუმში თხრიან [ფოტო]

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან. ხეები შეკვეთილში უნდა გადაიტანონ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, თუ მოხერხდა, ხეების ერთად გადატანაა დაგეგმილი. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. კონკრეტულად როდისთვისაა დაგეგმილი ხეების გადატანა, ადგილზე ვერ გვითხრეს. ამ ტერიტორიაზე ხეები ადრეც ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

მიწის ნაკვეთი, სადაც ხეებს თხრიან, საკადასტრო რუკის მიხედვით კერძო საკუთრებაში არ არის, თუმცა ის რეესტრში არც სახელმწიფო საკუთრებადაა რეგისტრირებული.

ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან შეკვეთილში გადასატანად / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /
ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან შეკვეთილში გადასატანად / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /
ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან შეკვეთილში გადასატანად / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /
ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან შეკვეთილში გადასატანად / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /
ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან შეკვეთილში გადასატანად / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /
მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ამოთხრილ ხეებს ზღვით შეკვეთილში ამ ადგილიდან გადაიტანენ / 4.03.2019 / გურამ მურვანიძის ფოტოები /

დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვანი ხეები ქობულეთის სოფელ ზენითიდანაც მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ.

ქობულეთის სანაპიროდან [საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან] ზღვით მრავალწლოვანი ხეები შეკვეთილში თებერვლის თვის დასაწყისშიც გადაიტანეს.

The Prodigy-ის ვოკალისტი 49 წლის კით ფლინტი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ის მთავარი ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ცხედარი პოლიციამ დღეს დილით ესექსში, მუსიკოსის სახლში აღმოაჩინა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის განცხადებით, საეჭვო გარემოებები არ იკვეთება, იუწყება BBC.

ჯგუფმა 1990-2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, The Prodigy პოპულარული იყო საქართველოშიც. 2016 წელს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, მათი კონცერტი ბათუმში, ჩოგბურთის კლუბში  ჩატარდა.

ჯგუფმა ბათუმში გამართულ კონცერტზე, მათი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა, მათ შორის: BreathePoisonFirestarterVoodoo PeopleSmack my bitch upNasty და სხვები.

 

მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?

გასულ კვირას აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით, გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

რას ფიქრობს ამ საკითხზე წერილის ადრესატი, ინგა შამილიშვილი? „ბათუმელებს“ მისი კომენტარის მიღება სურდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. მინისტრმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როცა უკვე გაცემულია შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, მხოლოდ განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინოს:

„ქალბატონო ინგა, როგორც მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეს – ახლა მხოლოდ თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გადაწყვიტოთ ამ შენობის ბედი; თქვენზეა დამოკიდებული მისი ავთენტურობის დაცვა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაცემა. იმედი გვაქვს, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას და დაუყოვნებლივ გააუქმებთ სანებართვო მოწმობას N03-05/87“ – ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წერილში ასევე ნათქვამია, რომ ძეგლის გადარჩენით საქართველო თავიდან აიცილებს საერთაშორისო სკანდალს, რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს.

 

ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლას.

რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ეპისკოპოს სპირიდონის შეხვედრას ხიჭაურში ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძეც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტთან ურთიერთობის მემორანდუმის გაფორმებას ისინიც აპირებენ.

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე 1-ელ მარტს გამოქვეყნდა. ეპისკოპოსმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა კი  – აფხაზეთსა და კონფლიქტზე.

რუსული უნივერსიტეტის რექტორი ხიჭაურის უნივერსიტეტში მემორანდუმის გაფორმების დღეს.

„ჩვენ ორ ქვეყანას (რუსეთი და საქართველო) შორის არსებობს ისტორიული ურთიერთობა, მეზობლები ვართ, საერთო უდიდესი ისტორია გვაქვს, უამრავი ქართველი იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში და მეორე მსოფლიო ომში. საქართველოსა და რუსეთს შორის ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, სამეცნიერო ურთიერთობები უნდა გააქტიურდეს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და დაგლოცოთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა შეხვედრაზე.

როგორც ეპისკოპოსი სპირიდონი ამბობს, შეხვედრას რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების გარდა ესწრებოდა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძეც. ეპისკოპოს სპირიდონის თქმით, სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ რუსეთიდან დელეგაცია ხიჭაურში ამ შეხვედრაზე ჩამოვიდა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო“, – განაცხადა მან.

დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ეპისკოპოსი სპირიდონი

მეუფე სპირიდონის თქმით, „მოსკოვის და სოხუმის უნივერსიტეტთან“ მემორანდუმის გაფორმება მათ ავტორიზაციაში დაეხმარება. მისი თქმით, ხიჭაურის უნივერსიტეტმა ავტორიზაციაზე შვიდი სადოქტორო პროგრამა წარადგინა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აფხაზეთთან მიმართებაში ქართული პოლიტიკა გააკრიტიკა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული, „ჩვენი (აფხაზების და ქართველების) ერთიანობის საკითხია“.

„26 წელი გავიდა და პრობლემა არსებობს. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ გვესმის პრობლემის არსი და ჩვენ არ ვდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს. ვებრძვით მხოლოდ შედეგს და არა მიზეზს. შედეგთან ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. არ გვინდა თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და გვირჩევნია ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისში, რაც არ უნდა დიდი პროექტები განხორციელდეს, ეს ვერ შეცვლის სოხუმის რეალობას. „ეს არ არის გამარჯვება. გამარჯვება არის ფესვებთან დაბრუნება და ამისთვის ბევრი ვერაფერი ვერ გავაკეთეთ.

ჩვენ (სოხუმის უნივერსიტეტმა) გავაჩინეთ საჭიროება და აუცილებლობა, გავაჩინეთ ინოვაციური ხედვა და მიდგომა. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობის ახალი ფორმა და დიპლომატიის ახალი სახე“, – განაცხადა ზურაბ ხონელიძემ შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, სწორედ აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს მოაგვარებს საგანმანათლებლო სივრცეების ჩართვა სამშვიდობო პროცესში, „სამშვიდობო ენით არ მომხდარა მუშაობა. მე მინდა საქართველო იყოს ხიდი. ერთ მხარეს სოხუმია, მეორე მხარეს კი თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეპისკოპოს სპირიდონთან ხიჭაურის უნივერსიტეტში.

აფხაზი ქართველი არ არის, არც ქართველი არ არის აფხაზი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო მეგობრობა, ჩვენ არ მოვდივართ იმ თემებით, რომელიც გვაერთიანებს, არამედ იმ თემებით, რომელიც გვყოფს და ეს არის სტატუსის, დევნილების, ქონების საკითხი “, – ამბობს ის.

დონის როსტოვის უნივერსიტეტის რექტორმა, ბესარიონ მესხმაც ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე. მისი თქმით, „შერიგების, სიყვარულის და ერთად მუშაობის ნაბიჯები“ სამეცნიერო ურთიერთობებმა უნდა გადაგვადგმევინოს, რომ „რბილი პოლიტიკა გადაწონის ყველაფერს. ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ უნდა გამონახოს საერთო ენა“.

მეუფე სპირიდონი სოციალურ ქსელებში მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის რუსულ სივრცეში და არა ევროპაში.

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

 

სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს

სს  „ელმავალმშენებელში“  ნამდვილად რთული სიტუაციაა  ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით.  არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად.

დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს `ელმავალმშენებლის~ მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება.

სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომი სამუშაო გეგმები, თუ რა დატვირთვით ვიმუშავებთ. სამუშაო გეგმები კი ასეთია:

  1. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8 ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება 23 200 000 აშშ დოლარია, ხოლო შესრულების ვადაა  2 წელი;
  2. ხელმოწერილია  შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორ ეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზეგაფორმების სტადიაშია;
  3. გვყავს ასევე ჩვენი უკვე ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოგვცენ 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება;
  4. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ მოგვმართა თხოვნით გავარემონტოთ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა;
  5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია;

ასე რომ ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს.

მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის დასაწყისი ავტოსადგურის მიმდებარედ უკვე გადაიკეტა. ბონის სავაჭრო ცენტრის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი მანთაშევის შლაგბაუმთან ავტოსადგურის შემოვლით გამოდის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობა.

სამუშაოების გამო ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩის ჩაკეტილი მონაკვეთის პარალელურ და ვერტიკალურ ქუჩებზე გადაერთვება.

მაიაკოვსკის ქუჩა. გურამ მურვანიძის ფოტო
მაიაკოვსკის ქუჩა. გურამ მურვანიძის ფოტო

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „გზები“ ახორციელებს; მაიაკოვსკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია კი 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიას ხელშეკრულება შპს „გზებთან“ 4 703 979 ლარზე აქვს გაფორმებული. ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით მაიაკოვსკის ქუჩის მთლიანი სიგრძე 2 321 მეტრია, საშუალო სიგანე კი 12-15 მეტრი.

წყალარინების ახალ ქსელზე ობიექტების დაერთებას იმ მონაკვეთებში, სადაც ეს ამ დრომდე არ გაკეთებულა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, „ბათუმის წყალი“ პარალელურად განახორციელებს.

გასულ წელს მერიაში აცხადებდნენ, რომ ქუჩაზე სამუშაოები ეტაპობრივად ისე განხორციელდებოდა, რომ ცალმხრივი მოძრაობა იქნებოდა.

ამ თემაზე:

ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება

მიიღებს თუ არა ბათუმის პლაჟი ლურჯ დროშას, საერთაშორისო ეკოლოგიურ ნიშანს

„ბათუმის ბულვარის“ მოწვევით ბათუმში გარემოს საგანმანათლებლო ფონდის – Foundation for Environmental Education-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ჩამოდის. იგი შეხვედრას 7 მარტს სასტუმრო „რედისონში“ გამართავს.

ორგანიზაცია გარემოს მიმართულებით ხუთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს, ესენია: ეკოსკოლები – ECO-SCHOOLS; ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment; სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests; ლურჯი დროშა – BLUE FLAG; მწვანე გასაღები – GREEN KEY.

როგორც ბულვარის დირექტორის მოადგილე სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, ამ ორგანიზაციის მოწვევის მიზანია ჩაერთოს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტში, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ეკოლოგიური ნიშანი – „ლურჯი დროშა“.

„ლურჯი დროშა“ არის ბათუმისთვის საინტერესო, რადგან ის არის ეკოლოგიური ნიშანი და მას მხოლოდ სუფთა გარემოს ანიჭებენ. შავი ზღვის მონაკვეთში „ლურჯი დროშა“ არავის არ აქვს, ჩვენ გვინდა, რომ ეს ალამი ბათუმის მთელმა პლაჟმა თუ არა, გარკვეულმა მონაკვეთებმა მაინც მიიღოს, რაც ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

მისი თქმით,  „ლურჯი დროშის“ მისაღებად ბევრი კრიტერიუმი იქნება დასაკმაყოფილებელი, „მთავარია, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ტურიზმთან კავშირში განიხილება ორგანიზაციის კიდევ ერთი პროექტი – „მწვანე გასაღები“, რომელსაც სოფო გუჯაბიძის თქმით, სასტუმრო „რედისონი“ უკვე ფლობს. აღნიშნული პროექტები ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.

______________

ფოტო: seemallorca.com

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო

ფინკა ბანკმა სპეციალური განვითარების ცენტრი შექმნა საქართველოს 30 ქალაქში, იქ სადაც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებია განთავსებული.

განვითარების ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ საბანკო სექტორში დაიწყონ ან გააგრძელონ თავიანთი კარიერა.

[highlight color=”red”]2019 წლის თებერვალში ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი 2 მიმართლებით აცხადებს მიღებას:[/highlight]

[checklist]

  • საკრედიტო ოფიცრების პროგრამა – ხანგრძლივობა 3 თვე
  • კლიენტთა მომსახურების ოფირების პროგრამა – ხანგრძლივობა 2 თვე

[/checklist]

ფინკა ბანკი მსმენელებს სთავაზობს ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ პროგრამას. ისინი  შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა, გაყიდვების ტექნიკები, ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, ასევე საბანკო პროგრამები. მსმენებელს საშუალება ექნებათ ასევე განივითარონ კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ლიდერობის უნარები.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში სწავლის დასაწყებად მხოლოდ 2 ეტაპის გავლაა საჭირო. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი www.FINCA.ge -ზე და გაიარონ გასაუბრება.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის მიზანია დაინტერესებული და აქტიური ადამიანების პოვნა და მათი დასაქმება. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. ჩვენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ ვთავაზობთ მულტიკულტურულ და დინამიკურ გარემოს. რაც მთავარია, სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ფინკა ბანკში სასწავლო პროგრამების გავლის შემდეგ, 95%-ზე მეტი ჩვენთან საქმდება“.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში აპლიკაციების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.

მოძებნეთ ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი თქვენს ქალაქში და დაიწყეთ ან განავითარეთ თქვენი კარიერა.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4  მარტის  21 საათიდან  5 მარტის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 6 მარტს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, 7 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.

როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები”

ავტორი: ანა მსხალაძე

ოთხი წლის წინ, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, სრულიად ახალ გარემოში დამეწყო, რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ ოთხი წლის შემდეგ, ღამის ორ საათზე დავბრუნდებოდი სახლში და დაველოდებოდი თანხის ჩარიცხვას, რომ მეჭამა.

არა მოიცა, ასე ცოტა გაუგებარია, ამიტომ დავიწყოთ თავიდან.

ბევრი რატომღაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდოდა ჩემი ქალაქი უნდა დამეტოვებინა და იმ ეტაპზე ყველაზე კარგი ალტერნატივა – დედაქალაქი ამერჩია. როცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვაფასებ სიტუაციას, საკუთარ თავს მადლობას ვუხდი, რომ არც ისე ბევრი ვიფიქრე შედეგებზე, თორემ ალბათ ჩემს ქალაქს არც არასოდეს დავტოვებდი, რადგან შემეშინდებოდა. თქვენც შეგეშინდებათ და ბევრ წინააღმდეგობას შეხვდებით, მაგრამ ეს უკან დახევის წინაპირობა არ უნდა იყოს. პირიქით, მზად იყავით, რომ ცხოვრება ისეთი იხილოთ, როგორიც სინამდვილეშია. ვფიქრობ, რომ ეს არც ისე ცუდია. რთულია, მაგრამ გაძლებადი.

თქვენ, თუ ახლა ჩემს ბლოგს კითხულობთ და გადაწყვეტილი გაქვთ, რომ აქ გააგრძელოთ სწავლა just go for it. მაგრამ მანამდე, ჩემს რამდენიმე რჩევას გადახედეთ.

1. პირველ რიგში, ნუ ელოდებით, რომ ვინმე გაგიგებთ. როცა სხვებს თქვენი სირთულეების შესახებ უყვებით, ხშირად მიიღებთ პასუხად “აბა, წარმოიდგინე უცხოეთში ვინც მიდის, მისთვის რა რთულია.” დიახ, წარმომიდგენია. მაგრამ, ეს ჩემს მდგომარეობას სულაც არ ამსუბუქებს. თბილისში, რომ ჩამოვედი, ერთადერთი, რაც საზღვარგარეთ წასული სტუდენტებისგან განმასხვავებდა, იყო ის ფაქტი, რომ აქ სხვებიც ჩემს ენაზე საუბრობდნენ. და მერწმუნეთ, ეს სრულიად არ ამარტივებს სხვა დანარჩენს.

არ ვიცნობდი არავის, არ ვიცოდი გზები, ფაქტობრივად არ ვიცოდი არაფერი, რაც გამიადვილებდა აქ ცხოვრებას. ერთადერთი, რაც გამაჩნდა, იყო რწმენა, რომ ყველაფერი დროსთან ერთად კალაპოტში ჩადგებოდა. და მეწრმუნეთ ასეც ხდება, მაგრამ მანამდე საკუთარი თავი უნდ აქციოთ ყველაზე ახლო მეგობრად და გულიც ძალიან ნუ დაგწყდებათ თუ სხვები ისე ვერ გაგიგებენ, როგორც ამას თქვენ ისურვებდით.

2. მზად იყავით ხშირად დაკარგვისთვის. ერთხელ უნივერსიტეტიდან, რომ ვბრუნდებოდი, სხვა ავტობუსს დავემგზავრე და სადღაც სრულიად სხვა ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. შეშინებულმა დავურეკე ჩემს დას, ავუხსენი სად ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ სახლისკენ მიმავალი გზა ვიპოვე. თუმცა, ამ ყველაფერს არც ისე მშვიდად ვაკეთებდი, როგორც ახლა გიყვებით და როგორც, ალბათ, ახლა თქვენ კითხულობთ. აღელვებული და აფორიაქებული, ცრემლებს ვაფრქვევდი და სლუკუნით ვთხოვდი ჩემს დას, რომ დამხმარებოდა. თუ თქვენ არ გყავთ და, ძმა ან სხვა ნაცნობი, რომელიც თქვენზე ადრე ჩამოვიდა თბილისში სასწავლებლად და დაგეხმარებათ, რომ გზა გაიკვალოთ, გააკეთეთ ეს თქვენით. ვიცი რთულია და მუდამ იმაზე იფიქრებთ, რომ “ვაი, ახლა ვინმეს, რომ დახმარება ვთხოვო, მიხვდება, რომ აქაური არვარ” და კიდევ ათასი უაზრო ფიქრი, მაგრამ დაიკიდეთ და პრობლემებთან გამკლავება ისწავლეთ.

3. ნუ გაგიტყდებათ. აქ ისწავლით, რომ არაფერი არ უნდა “გაგიტყდეთ.” ნუ გიტყდებათ, რომ დახმარება სთხოვოთ სხვას. ნუ გიტყდებათ, რომ შეცდომები დაუშვათ. ნუ გიტყდებათ, რომ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად უკეთესი ქალაქი აირჩიეთ. მაშინაც ნუ გაგიტყდებათ, როცა არასასიამოვნო მზერებს გსტყორცნიან ყველა მხრიდან. დიდად არც მაშინ იდარდოთ, როცა ლექტორი საკუთარი ქალაქის დახასიათებას გთხოვთ და თქვენი კურსელი ჩაიბურტყუნებს “ღმერთო თბილისელი არის აქ ვინმე?” და ა. შ. მოდით თქვენ ნუ გაგიტყდებათ, მათ გაუტყდეთ, რომ ამ აზროვნებაზე გაიყვანეს მათი ადამიანობა. თქვენ კი ისწავლეთ, როგორ არ უნდა გაინტერესებდეთ სხვისი აზრები.

4. მუშაობა. მერწმუნეთ, ეს ერთი სიტყვა მთელს ჩემს სათქმელს იტევს და სწორედ აქ იწყება ის ისტორია, რაც ბლოგის დასაწყისში ვახსენე. დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრ ადგილას მოგიწევთ იმუშავოთ. მიმტანობა, კონსულტანტობა, თუნდაც უფასო სტაჟირებები და არც ფლაერების დარიგებას გამოვრიცხავ თებერვლის მოყინულ ღამეს.

დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობდე უკვე, სტუდენტობის დროს და ვაგროვებდე იმ 30 წლიან გამოცდილებას, რასაც 22 წლის ასაკში მთხოვენ, მაგრამ ამის ფუფუნება ყველას არა აქვს. ამიტომ, ჯდომას და მოთქმა-გოდებას, ჯობია ადგეთ და სხვა ისეთი გამოცდილება შეიძინოთ, რაც, როგორც მინუმუმ, ადამიანობას გასწავლით.

გასაუბრებებზე, როცა მეკითხებიან მაქვს თუ არა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება და როგორ ვუმკლავდები მათ, მინდა დავცინო და ვუთხრა, რომ, როცა ცხოვრება არსებობს და ყველაზე უკეთ გვასწავლის გადარჩენისთის აუცილებელ ხრიკებს, ასეთ სულელურ კითხვას უბრალოდ არ უნდა გისვამდნენ.

ხშირად მოხვდებით ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როცა ფული უბრალოდ აღარ გაქვთ და მთელი დღის განმავლობაში არც დრო, რომ ჭამოთ. ამიტომ საღამოს სამსახურიდან თუ უნივერსიტეტიდან მოსულებს, კიდევ მოგიწევთ ფორსმაჟორულ რეჟიმში რაღაც იპოვოთ, რომ ის ღამე გაიტანოთ.
თებერვლის შუა რიცხვები იყო, როცა მე და ჩემს ორ მეგობარს, აუცილებლად დაგვჭირდა იმ ყინვაში, საღამოს 9 საათიდან ღამის 2 საათამდე ფლაერები დაგვერიგებინა სხვადასხვა ტერიტორიაზე. ვერა, ვაკე, საბურთალო.. მოკლედ, დავდიოდით ფეხით, მშივრები და საშინლად გაყინულები, რომ 2-ზე სახლში მისულებს იმ ღამის და მეორე დღის ფული გვქონოდა. მერწმუნეთ, არის რაღაც სასიამოვნოც ამ სიტუაციაში. დადიხარ მოყინულ თბილისში (თან შენდა ბედად თხელი კეტები გაცვია) და ზუსტად იცი, ყველაფერს გააკეთებ, ასეთ ცხოვრებას რომ თავი დააღწიო.

ავტორის შესახებ: ანა მსხალაძე ბათუმელია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე.

თავდაპირველად პოსტი გამოქვეყნდა ავტორის პირად ბლოგზე

მთავარი ფოტო: წყარო

332 ათასი ლარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოსაწყობად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნეკერჩხლების პარტერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 332 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ნეკეჩხლების პარტერი მწვანე კონცხის მხრიდან გაკეთდება, მოეწყობა ტერიტორია [დეკორატიული ფილები, განათება, სკამები], აშენდება სალაროს შენობა, სადაც ელექტროავტობუსების ბილეთები გაიყიდება, იქნება პატარა კაფეც.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 76 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს შეწყდება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია. ბოტანიკური ბაღი ფინანსდება როგორც ბათუმის ბიუჯეტიდან, ასევე მას აქვს საკუთარი შემოსავლები შესასვლელი ბილეთების, ნერგების და სხვა საქონელისა და მომსახურების რეალიზაციიდან.

ნეკერჩხლების პარტერი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში / რენდერი სატენდერო დოკუმენტებიდან
ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ადგილი სადაც ნეკერჩხლების პარტერი უნდა მოეწყოს / სატენდერო დოკუმენტებიდან

ბულვარი ველობილიკზე ამორტიზებულ ფილებს აღარ შეცვლის, მაგრამ გადაღებავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში 2018 წელს აცხადებდნენ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ამორტიზებული იყო და ის ბეტონის საფარით უნდა შეეცვალათ. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, დღეს კი, არსებული ველობილიკის მხოლოდ  გადაღებვა იგეგმება. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ  ველობილიკზე არსებული ფილები არც წელს შეიცვლება.

ველობილიკის მიმდინარე სარემონტო-სამღებრო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 246 171 ლარია და წინადადებების მიღება 2019 წლის 16 მარტს დაიწყება.

2018 წელს ველობილიკის სარეაბილიტაციოდ ბულვარს 1 მილიონ 763 ათას 113 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა არ შედგა [ერთ ტენდერში პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო].

მაშინდელი ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია [პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე მონაკვეთში] უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, 2019 წლის 15 იანვრამდე პერიოდში.

ეს ტენდერი არშემდგარად 2018 წლის ივნისში გამოცხადდა, თუმცა ხელახალი ტენდერი ველობილიკის სარეაბილიტაციოდ ბულვარს აღარ გამოუცხადებია.

 

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” –  ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„მზე ყველას თანაბრად ათბობს“ – ამ სახელწოდების ვიდეო მოამზადეს ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ჯგუფურ პროექტში მონაწილეობა 14-მა სხვადასხვა ეროვნების მოსწავლემ მიიღო. ყველა მათგანი მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

„მე თვითონ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სკოლაში. როცა კონკურსის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე ჩემს ქართულის მასწავლებელთან ერთად მოგვემზადებინა რამე პროექტი.  ჩვენი სკოლა ყველაზე ტოლერანტული სკოლაა ალბათ ქალაქში. დავთვალეთ და თოთხმეტი ეროვნების ბავშვი სწავლობს ჩვენთან. ქართულის მასწავლებელს გაუჩნდა იდეა, რომ სწორედ ამ მოსწავლეებს გადაეღოთ პატარა ვიდეოკლიპი ჩვენი სკოლის  ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე,“ – იხსენებს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე.

გარდა ბათუმელი მოსწავლეებისა, კონკურსს სხვა გამარჯვებულებიც ჰყავს.  ანდრო პირველი, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიიდან, მარიამ მახვილაძე, გორის მე-12 საჯარო სკოლიდან,  ქიანა შეიჯუნი, ამერიკული უმაღლესი სკოლა-კოლეჯი პროგრესიდან, ლია დეკანაძე და გიორგი რიჟვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

2 მარტის საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული. ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედაგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე, 239-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი პირველ მარტს დაიწყო. კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი ნაცემი პირი ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში მიიყვანეს თავის ტვინის შერყევით. 2 მარტის საღამოს კი სწორედ ამ პაციენტის მნახველებს შორის დაიწყო ახალი კონფლიქტი, რის შედეგადაც ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დაიჭრა. ექიმების ცნობით,  დაჭრილი პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

ამავე თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალი და კაცი დაჭრეს

 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალი და კაცი დაჭრეს

დღეს, 2 მარტს, დაახლოებით 19:00 საათისათვის,  ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში 2 ადამიანი დაჭრეს, ხოლო ოთხ ადამიანს სცემეს. როგორც „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.

“დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არის დაჭრილი, ერთი მძიმედ დაჭრილი იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაცია გავუკეთეთ. რეანიმაციაში წევს და აგრძელებს მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დაჭრილი ქალია, ბარძაყში ჰქონდა ჭრილობა, გავუკეთეთ ოპერაცია და პალატაში აგრძელებს მკურნალობას. კიდევ ერთი დაშავებული იყო, რომელსაც გავუწიეთ მკურნალობა და გავუშვით სახლში. პაციენტი, რომლის მნახველებს შორისაც მოხდა ინციდენტი, ისიც გავწერეთ სახლში, იმიტომ რომ გუშინ შემოვიდა და დღეს დაასრულა მკურნალობა. კიდევ იყო სამი ადამიანი, რომლებმაც ინცინდენტის დროს სხეულის დაზიანება მიიღეს. ისისნი გადავიყვანეთ სხვადასხვა საავადმყოფოში,” – უთხრა „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი გუშინ, 1 მარტს დაიწყო, როცა ჩხუბის შედეგად ერთ-ერთი ნაცემი პირი საავადმყოფოში მოხვდა. ამ საღამოს [2 მარტი] რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში სწორედ ეს დაპირისპირებული ჯგუფები შეიკრიბნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცივი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას.

სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტავს, რატომ გადაეცა  მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“  ჯილდო.

“ხელოვნების ქურუმი” გაიცემა ყოველთვის ამა თუ იმ ორგანიზაციის წარდგინების/ ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, წერილი შემოვიდა სამინისტროში ქორეოგრაფთა კავშირისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ გივი სიხარულიძე წლების მანძილზე იყო სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი, ჩამოაყალიბა ანსამბლი “თბილისი”. 18 წელი იყო მისი ხელმძღვანელი და არაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი. სწორედ ამ წარდგინების საფუძველზე მიენიჭა მას წოდება. ეს არის სიმბოლური ჯილდო და არ მოიცავს მატერიალურ, ფულად ჯილდოს,” – ნათქვამია სამინისტროდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ განმარტებაში.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო პირველ მარტს გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო მსახიობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გადასცა.

მსახიობმა გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბერში, ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთ შოუში საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. თუმცა ამის გამო სინანული არ გამოუთქვამს, პირიქით, „ქალს რომ არ სდომებოდა, ეს არ მოხდებოდაო”, თქვა მან.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ძალადობაში, განსაკუთრებით კი სექსუალურ ძალადობაში, დადანაშაულება ცნობილ ადამიანებს კარიერის, ოჯახისა და  არაერთი პრივილეგიის დაკარგვად უჯდებათ. სულ მცირე ორი ადამიანის გახსენებაც საკმარისია: გავლენიანმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა და ასევე ცნობილმა მსახიობმა კევინ სპეისმა დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა – კარიერა, ოჯახი, საზოგადოების პატივისცემა. მიზეზი კი გახდა მათი მხრიდან კოლეგების სექსუალური შევიწროება.

ამავე თემაზე ნახეთ ნეტგაზეთის მომზადებული სტატია:

https://netgazeti.ge/news/318200/?fbclid=IwAR3PH5Mr0GeAQTKQ4SP-3tD8dvX6ykzNSBrypFpl8j4GK0T8dGToqY6hxcA

Exit mobile version