მთავარი,სიახლეები

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

05.03.2019 • 2099
“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, რომ პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუკავებია ის პირი, ვინც ამ დაპირისპირების დროს 2 ადამიანის – ქალი და კაცი დანით დაჭრა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, შესვენების გამოცხადების დროს, „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ხუთ დაკავებულს შორის არ არის ის, ვინც იმ ღამეს ქალი და კაცი დანით დაჭრა. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ პროკურორ ფრიდონ ქარცივაძისგან შეიტყო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს პირი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

პროკურორს ასევე ვკითხეთ, რატომ არ არიან ამ საქმეზე დაკავებულები მოწინააღმდეგე მხარის სხვა წევრები, ვისი მისამართითაც დაკავებულებმა თქვეს, რომ „ქურდული სამყაროს წევრებისგან იცავდნენ თავს“. ფრიდონ ქარცივაძის თქმით, ისინი საავადმყოფოში ახლობლის სანახავად იყვნენ მისულები, თავს იცავდნენ და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

რეზო წ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამოძიება 2 მარტს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.  სათათბირო ოთახიდან დარბაზში მოსამართლის დაბრუნებამდე სწორედ მან უთხრა პროკურორს, რომ შეურაცხყოფილია, რადგან მას „ვაჰაბისტი“ უწოდეს.

“არავის არ უხსენებია ეგ, არასწორად არის გაგებული…”- ჩაილაპარაკა პროკურორმა.

ამასობაში დარბაზში მოსამართლე ლევან გელოვანი დაბრუნდა და ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ვერსიით, სიტყვიერი დაპირისპირება ორ მხარეს შორის საავადმყოფოში მოხვედრამდე, ანუ 2 მარტამდე დაიწყო.

“შემდეგ ადგილზე ჯგუფურად მივიდნენ და გაიგეს, რომ ადამიანები, ვისაც დაუპირისპირდნენ, საავადმყოფოს მეორე სართულზე იყვნენ… ისინი შევარდნენ საავადმყოფოს მეორე სართულზე, არ მოერიდნენ არც პაციენტებს და არც სამედიცინო პერსონალს,” – თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

“კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, როცა მოწინააღმდეგე მხარემ დანა გამოიყენა… ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი… ისინი წააქეზეს, აიძულეს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ,” – უთხრა მოსამართლეს დავით ქ.-ს ინტერესების დამცველმა, ზვიად მარკოიძემ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სამართლებრივად ხულიგნობა მოტივის გარეშე ჩადენილი დანაშაულია, ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის მოტივაცია არსებობდა და კვალიფიკაცია არასწორია.

ვაჰაბიტების თემას შეეხო ადვოკატიც.

“გამოძიების დაწყების ბარათში მითითებულია, რომ შეტყობინება შევიდა, ვაჰაბისტები შევარდნენ რესპუბლიკურშიო. თავიდანვე ამ ადამიანების დემონიზაცია მოხდა… სინამდვილეში მათ არავითარი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონიათ, როცა რესპუბლიკურში მივიდნენ,” – აღნიშნა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ აქცენტი ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებაზე გააკეთა.

“ამ ვითარებაში, როცა თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ვიდეო კადრებიც ამოღებულია, მიზანშეწონილი არ იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება,” – თქვა ადვოკატმა ნონა დუმბაძემ.

“დამაკავეთ, მეც დამაკავეთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულ რეზო წ.-ს მამამ, დავით წ.-მ. მას მანდატურის თანამშრომლებმა აიძულეს დარბაზის დატოვება.

სასამართლოს ფოიეში დავით წ.-მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მეორე შვილიც დაკავებულია, მას ყაჩაღობას ედავებიან და ეს მიზანმიმართულად ხდება.

“ცუდ საქმეს ჩავიდენ და იცოდეთ,” – ბრალდებულის მამამ ეს სიტყვა პროკურორს გზაში დააწია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლომ დღეს მთლიანობაში ხუთ პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/185775/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: