Batumelebi | “პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში” “პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში” – Batumelebi
RU | GE  

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება.

“ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა”

ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას დღეს, 5 მარტს, განიხილავს  ბათუმის საქალაქო სასამართლო. პირველად მოსამართლემ გიორგი ტ.-ს საქმე განიხილა.

დღევანდელ პროცესზე, პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს არ უსაუბრია, რის გამო დაუპირისპირდა ორი ჯგუფი ერთმანეთს “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ეზოში. პროკურორმა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა კი, პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა.

“ბრალდებული ორჯერ დააკავეს… იარაღი პოლიციელს 6 საათი საკუთარ ჯიბეში ჰქონდა,” – თქვა მან.

ადვოკატის ვერსიით, გიორგი ტ. თავდაპირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში დააკავეს, შემდეგ კი, სხვა კლინიკაში, სადაც დაკავებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

გიორგი ტ. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, უჩა რომანაძემ დააკავა. მისი ჩვენების მიხედვით, მან მიწაზე წაქცეული დაინახა ბრალდებული, რომელსაც ჩხრეკის დროს იარაღი აღმოუჩინა.

“იმ დროს უჩა რომანაძეს არ შეუდგენია არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმი. იარაღის ამოღება 3 მარტსაა გაფორმებული… გამოდის, რომ პოლიციელს 6 საათი იარაღი დატოვებული ჰქონდა და რა გააკეთა, არავინ იცის,” – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი ტ.-ს ჩხუბის დროს ხელი დაარტყეს და წაიქცა.

“მან ძირს დაგდებული იარაღი დაინახა და ხელში აიღო… შეეშინდა. შემდეგ ისევ დაარტყეს ხელი, გრძნობა დაკარგა და ისევ წაიქცა. მას ეს იარაღი არ ეკუთვნოდა,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

“მისი დაკავება მოხდა კლინიკაში,” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. ის აღარ გამოხმაურებია პოლიციელის მხრიდან იარაღის დატოვების ამბავს.

ადვოკატი პროკურორს მიუბრუნდა:

“თუ ჩვენებებს გაეცნობით, პოლიციელები აღწერენ: რესპუბლიკურის ეზოში დავაკავეთ, განვაიარაღეთ და პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გავაგზავნეთო. თუკი არ დააკავეთ, რატომ გააგზავნეთ მაშინ იგი პოლიციის განყოფილებაში? მას დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფო იქვე იყო,” – თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა გიორგი ტ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება,” – დასძინა მოსამართლემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო. აღკვეთის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილების საქმეზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი