მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?


გასულ კვირას აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით, გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

რას ფიქრობს ამ საკითხზე წერილის ადრესატი, ინგა შამილიშვილი? „ბათუმელებს“ მისი კომენტარის მიღება სურდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. მინისტრმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როცა უკვე გაცემულია შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, მხოლოდ განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინოს:

„ქალბატონო ინგა, როგორც მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეს – ახლა მხოლოდ თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გადაწყვიტოთ ამ შენობის ბედი; თქვენზეა დამოკიდებული მისი ავთენტურობის დაცვა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაცემა. იმედი გვაქვს, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას და დაუყოვნებლივ გააუქმებთ სანებართვო მოწმობას N03-05/87“ – ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წერილში ასევე ნათქვამია, რომ ძეგლის გადარჩენით საქართველო თავიდან აიცილებს საერთაშორისო სკანდალს, რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com