მთავარი,სიახლეები

მხოლოდ ერთი მომხრე – საკრებულოს უმრავლესობას არ სურს k2-ის გაცემაში მონაწილეობა მიიღოს

05.03.2019
მხოლოდ ერთი მომხრე – საკრებულოს უმრავლესობას არ სურს k2-ის გაცემაში მონაწილეობა მიიღოს

კონკრეტულ ზონაში დადგენილს ზემოთ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე იმსჯელოს საკრებულოს ბიურომ, შემდეგ კი გადაწყვეტილება საკრებულომ შეითანხმოს – ამ ცვლილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის 50-ე დადგენილებაში [დადგენილება ქალაქის განაშენიანების წესებს განსაზღვრავს] საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ითხოვდა: „მოდით, ეს თემა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე.“

მირდატ ქამადაძემ ეს მოთხოვნა ქალაქში k2 კოეფიციენტის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ კოეფიციენტების მატება „ქალაქში დიდ ვნებათაღელვას იწვევს და კონკრეტულ პრობლემებს უკავშირდება“. საკრებულოს წევრის აზრით, საკითხის საკრებულოსთან შეთანხმება, ერთი მხრივ, მეტ საჯაროობას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ „შეამცირებს ცდუნებას.“

ვიდრე საკრებულოს წევრი ამ ცვლილებას მოითხოვდა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრებს დადგენილებაში [#50] მერიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამ ცვლილების მიხედვით, მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართობი 600-1200 კვ/მეტრია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს კონკრეტული ზონისთვის დადგენილი ოდენობის 50%-ით, ხოლო მიწის ნაკვეთებისთვის, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1200-1800 კვ/მეტრს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისთვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით; 1800-2500 კვ.მ-ზე კი – ზონისთვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ­ღვრული შესაბამისი პირო­ბების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს k2 კოეფიციენტი იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორი გეგმავს მშენებლობას 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე? – ამ საკითხით სხდომაზე სწორედ მირდატ ქამადაძე დაინტერესდა. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კოეფიციენტი 300 პროცენტითაც გაიზარდოს და გადაწყვეტილებას ისევ მერი მიიღებს?“ – იკითხა მან.

საკითხის მომხსენებელმა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის  ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრს განუმარტა, რომ შესაბამისი კომისია იმსჯელებს და მისცემს რეკომენდაციას მერს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მერი მიიღებს.

მირდატ ქამადაძის ინიციატივის კენჭისყრა დასრულდა შედეგით – ერთი მომხრე, უმრავლესობა წინააღმდეგი წავიდა, ოპოზიციამ თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ განმარტა, რომ ისედაც მზადდება სამშენებლო კოდექსი, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტი დაამტკიცებს.

უმრავლესობამ მხოლოდ მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებებით დაამტკიცა საკითხი.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: