კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს

01.08.2019 •
„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სხვა სამშენებლო პროექტებთან ერთად 31 ივლისს ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილა. ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ბათ ინვესტი“ გეგმავს. კომპანიას, ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს და სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს.

„ბათ ინვესტმა“ პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კიდევ ერთხელ მიმართა.

სხდომა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

,,საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – ასე მიმართა გუშინ, 31 ივლისს, სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს წევრებს „ბათ ინვესტის“ დირექტორმა, სოფო ნებიერიძემ, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიღების გაჭიანურებას აპროტესტებს.

„5 წელია ეს საკითხი განიხილება, სართულები მოაკლო ადამიანმა, 10, 9, 8, 7  სართულზე ჩამოვიდა და არქიტექტურა თუ არ მოგწონთ, არქიტექტორები ხართ და ურჩიეთ რამე, რა გააკეთოს, როდემდე უნდა იყიყინონ იმ ტერიტორიაზე ბაყაყებმა?“ – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

საბჭოს წევრი დავით ზოიძე შიშობს, რომ თუ კორპუსის ზუსტი სიმაღლე არ იქნება შეთანხმებული, შვიდი სართულის აშენების ნებართვის შემთხვევაში მენაშენემ შესაძლოა ერთ სართულზე 2 მეტრიანი ჭერიც კი გააკეთოს.

„2-მეტრიანი ჭაღი რომ მოგინდეთ, მაგალითად, მერე რა ვქნათ?“ – ჰკითხა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა სოფო ნებიერიძეს, „ბათ ინვესტის“დირექტორს.

„სხვას თუ უნდა, მეც მინდა, რატომაც არა? ვაჟა-ფშაველაზე უფრო ვიწრო ქუჩაა იქვე კლდიაშვილი და მეათე სართულს ადგამენ, რა გახდა ჩემი 7-სართულიანი“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კორპუსის მშენებლობის 5-წლიანი განხილვით დაიღალა:

„აღარ შემიძლია, პირადად მყავს დაჯარიმებული ხუთი წლის წინ ეს კომპანია, დავბრუნდი ამ სააგენტოში და ისევ ამ საკითხს განვიხილავ. აღარაა აქ ძეგლი, საქმეც აღარაა პროკურატურაში, არც ძიების პროცესში, ყველაზე მეტად მისაღები ჩემთვის აქ იმ განადგურებული ძეგლის აღდგენა იქნებოდა, მაგრამ მოხერხდება? – ვერა“.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ზვიად ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ 7-სართულიანი კორპუსის სართულების რაოდენობა პრობლემა არ არის, მაგრამ სახლის არქიტექტურა ვაჟა-ფშაველას ქუჩისთვის შეუსაბამოდ მძიმეა.

„ზოგადად მისაცემია ნებართვა, კი. შეიძლება ისე 3-სართულიანიც მოუხდეს ამ ქუჩას, მაგრამ მივცეთ შვიდსართულიანი, აბა რა ვქნათ, რა ვიცი,“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.

კორპუსის პროექტის რენდერი, რომლის აშენებასაც ,,ბათ ინვესტი” ვაჟა ფშაველს #13-ში გეგმავს.

საბჭოს წევრების აზრით, ვაჟა-ფშაველას 13-ში შესათანხმებელია სართულიანობა და შესაცვლელია „მძიმე“ არქიტექტურა.

შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორმა სოფო ნებიერიძეს მიაჩნია, რომ მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ სახელმწიფო აუნაზღაურებს დადასტურებულ ხარჯებს და დააკმაყოფილებს ბინებით 13 ოჯახს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ და სახლი მენაშენესთან შეთანხმებით დაცალეს.

ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეული სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს იყო აშენებული. აგურით ნაშენი სახლი 2015 წლის დეკემბერში დაანგრია კომპანია „სლავა 2015“-მა. „ბათ ინვესტი“ იგივე „სლავა 2015“-ია, კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა.

2015 წლის შემდეგ ვაჟა-ფშაველას #13-ის საქმეს სასამართლო პროცესები ახლდა თან, დაწყებული იყო გამოძიებაც, თუმცა არავინ დასჯილა, საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ კი 2018 წელს ვაჟა-ფშაველას 13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ამავე თემაზე: 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: