მთავარი,სიახლეები

მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა? – დავა საკონსტიტუციოში

01.08.2019 • 1930
მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა? – დავა საკონსტიტუციოში

მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით, თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, როცა შემთხვევა სასამართლო პროცესზე არ ხდება? – ამ კითხვას საკონსტიტუციო სასამართლო გასცემს გასცემს პასუხს. სასამართლოში დღეს, პირველ აგვისტოს დაიწყო ზვიად კუპრავას სარჩელის არსებითი განხილვა. დღეს დილით ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ზვიად კუპრავა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი და ზაზა სარალიძის მეგობარია. იგი სარალიძის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

მოსამართლის შეურაცხყოფისთვის გასამართლებამდე, ზვიად კუპრავას პროკურატურამ ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე კუპრავა სასამართლოს სასადილოში იყო, როცა მას პოლიციელებმა სასადილოს დატოვებისა და სხდომის დარბაზში გამოცხადებისკენ მოუწოდე. ზვიად კუპრავას ადვოკატების თქმით, კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული იყო დროის ერთსაათიან მონაკვეთში, კერძოდ 2-დან 3 საათამდე, ხოლო აღნიშნული დრო ჯერ ამოწურული არ იყო.

„ამასთან, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ ინდიფერენტული იყო მოსამართლის მიმართ და სასქესო ორგანოზე ეკიდა მოსამართლე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დროის ერთ საათიანი მონაკვეთი მოსამართლემ შესვენებად იმ მიზნით გამოაცხადა, რომ ის უნდა გაცნობოდა საქმეში არსებულ კონკრეტულ მასალებს. საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს სხდომის დარბაზში,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

ზვიად კუპრავა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა მოსამართლის იმგვარი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის, არღვევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: