მთავარი,სიახლეები

რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა

31.07.2019 • 2566
რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა

სუს-ის თანამშრომელი, ლაშა გაბრიჭიძე, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, არ დაუკავებიათ და ისევ სუს-ში მუშაობს. პროკურატურამ მის მიმართ მხოლოდ განრიდება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

შემთხვევა 2018 წლის 2 აგვისტოს მოხდა – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში პოლიციელი დაჭრეს, თუმცა „ბათუმელებმა“ მაშინ გამოარკვია, რომ სინამდვილეში კლუბში  სუს-ის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა დაჭრა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი – 27 წლის თენგიზ ა. იგი ღამის 3-4 საათის მონაკვეთში, გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს საავადმყოფოში. მუცლის ღრუში გაჩერებული ტყვია თენგიზის სხეულიდან ექიმებმა ქირურგიული ჩარევის გზით ამოიღეს და პროკურატურას გადასცეს.

მაშინ „ბათუმელებს“ არ უპასუხეს პროკურატურაში, რატომ არ დააკავეს სამართალდამცველებმა ის, ვინც ღამის კლუბში კაცი დაჭრა? პასუხი არც სუს-ს ჰქონდა კითხვაზე: სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა ღამის კლუბში ლაშა გაბრიჭიძემ თუ პირადი? სუს-ში მხოლოდ ის განმარტეს, რომ ლაშა გაბრიჭიძე შემთხვევის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა.

პასუხი არც ღამის კლუბში ჰქონდათ, სადაც „ბათუმელებმა“ იკითხა: „როგორ მოხდა ისე, რომ „სექტორ 26“-ში, სადაც დაცვას საგანგებოდ იმისთვის ქირაობენ, რომ კლუბში შეიარაღებული პირი არ დაუშვან, თავად დაცვის თანამშრომელი დაჭრეს?

2018 წლის აგვისტოში „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ლაშა გაბრიჭიძე 2 აგვისტოს ღამეს მთვრალი იყო. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, „გასროლა მოულოდნელად მოხდა“. ღამის კლუბში მყოფი კიდევ ერთი პირი კი ამბობს, რომ ბევრს არც გაუგია გასროლის შესახებ. „ვცეკვავდით, როცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ კლუბი იკეტებოდა. გასროლის ხმა ნამდვილად არ გამიგია. უცებ დაიკეტა კლუბი, ყველანი გარეთ გამოგვიშვეს ისე, რომ არავის არაფერი აუხსნია. მალევე დავიშალეთ. კაცის დაჭრის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.

რა გაირკვა ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით მთავარ პროკურატურას მიმართა.

„გამომდინარე იქედან, რომ დანაშაული მოხდა გაუფრთხილებლობით, რაც დადასტურდა გამოძიებით, ასევე მან თავადაც მიიყენა შემდეგ თვითდაზიანება, ასევე არ ჰქონია დაზარალებულს პრეტენზია, პროკურატურამ მის მიმართ გამოიყენა განრიდება, ხოლო საქმე შეწყდა,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.

„ლაშა გაბრიჭიძე ისევ სუს-ში მუშაობს ინსპექტორის პოზიციაზე,“ – გვითხრეს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

იმავე სტატიაში, სადაც „ბათუმელები“ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევაზე წერდა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ლაშა გაბრიჭიძის საქმეს სასამართლო განიხილავდა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა.

„ამ შემთხვევაში, დამნაშავედ ცნობილი ვეღარ იმუშავებდა სუს-ში და ვერც რომელიმე საჯარო უწყებაში, რადგან განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, კანონის შესაბამისად, ვერ დაიკავებს თანამდებობას საჯარო სამსახურში, მით უმეტეს, სამართალდამცავ უწყებაში,“ – განმარტავდა იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

იურისტების განმარტებით, განრიდება ნასამართლობას არ იწვევს და ამ დროს, ძირითადად, განრიდებული პირი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხას იხდის, რომლის მინიმალური ოდენობა 500 ლარია.

კანონის მიხედვით, განრიდების უფლებამოსილება პროკურატურას აქვს ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე. კანონი განსაზღვრავს შემთხვევებსაც, როცა განრიდება შესაძლოა გამოიყენონ: როცა უკანონოდ მოპოვებულ ქონებას სახელმწიფოს გადასცემენ ან დანაშაულის იარაღს. განრიდებას აკეთებენ მაშინაც, როცა პირის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება ხდება.

განრიდებას არსებული პრაქტიკით, ძირითადად, არასრულწლოვნების მიმართ იყენებენ.

ამავე თემაზე:

გასროლა ღამის კლუბში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: