სიახლეები

შსს: დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში

21.11.2012 • 2588
შსს: დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში

გამოიძიებენ თუ არა 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას, სადაც ხელისუფლებაში დღეს მოსულ პოლიტიკოსთაგან არც ერთი პირადად არ დაზარალებულა? – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ. თუმცა, არავითარ განმარტებას არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, 8 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით ბედია, რა დამსახურებისთვის დანიშნეს საქართველოს კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

 

რამდენად შესაძლებელია 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის ფაქტის გამოძიება იმ პირობებში, როდესაც ამ დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამართალდამცავ სტრუქტურაში მაღალი თანამდებობის პირი იქნება?

 

გამოიძიებენ თუ არა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას? – ახალ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აუცილებლად. დიდი ალბათობით ეს გამოძიება შეიძლება ჩატარდეს. მაგრამ გამოიძიებენ თუ არა 2007 წლის 8 ნოემბრის საღამოს „ტელეარხ 25“-ში დავით ბედიას, მისი ნიღბიანების მისვლას და მათი ძალისხმევით არხის რამდენიმე კვირით გათიშვას?

 

დავით ბედია გასულ კვირასაც კი იმას აცხადებდა, რომ 2007 წელს ის პრეზიდენტის განკარგულებას და კანონს იცავდა. თუმცა, არც პრეზიდენტის განკარგულება და არც კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, არ ითვალისწინებს ნიღბიანი პირების შესვლას ტელევიზიაში, თუ ტელევიზია თავად აპირებს მაუწყებლობის შეწყვეტას. ტელევიზიას დავით ბედიას ინიციატივის გარეშეც, ავტომატურ რეჟიმში, უნდა შეეწყვიტა მაუწყებლობა. და თუ ამას არ გააკეთებდა, მაშინ თავად დაარღვევდა კანონს.

 

შს სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბედიას დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის კომენტარი კი ასეთია: „მე რომ გადავხედე წინა მასალებს, ამ ადამიანთან თქვენ გქონიათ კონტაქტი და პასუხიც გაუცია. მე რა უნდა გამერკვია, ისედაც გარკვეული ყოფილა ყველაფერი. სამინისტროს პოზიცია რა უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით? – ეს ადამიანი მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში“.

 

რეგიონის პოლიტიკოსების ერთი ნაწილი დავით ბედიას დანიშვნას იმ მიზეზით არ აფასებს, რომ „ეს საკითხი მათ უფლებამოსილებას სცილდება“. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე კი, რომელიც ნოემბრის დარბევის დროს თბილისში, აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს: „ბედია, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს კრიმინალური პოლიციის უფროსი, რადგან 8 ნოემბერს დარბევის დროს ის უნივერსიტეტთან იდგა. იძლეოდა თუ არ იძლეოდა ბრძანებას, ეს ნაკლებად მაინტერესებს. დარბევის დროს ის იქ იდგა, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ის თანამონაწილეა დარბევის და ის კრიმინალური პოლიციის უფროსი არ უნდა იყოს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: