მთავარი,სიახლეები

საია საკონსტიტუციოში საზმაუსთვის რეკლამის აკრძალვას ითხოვს

01.08.2019 • 1658
საია საკონსტიტუციოში საზმაუსთვის რეკლამის აკრძალვას ითხოვს

საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელე უშუალოდ სულხან სალაძეა, საია-ს ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური და ბიზნესის მიმართ მიუკერძოებელი ინფორმაცია, კომერციული რეკლამის განთავსება კი ამ პირობას რისკის ქვეშ აყენებს.

საია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის კონკრეტული ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, სადაც წერია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების  შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).“

საია-ში მიიჩნევენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების უფლება ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს. იგივე მუხლში წერია:

„კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.

კონსტიტუციურ სარჩელში საია-ს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე აქცენტს კანონში მითითებულ „არსებით გავლენაზე“ აკეთებს.

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონი სიტყვების „კომერციული გავლენის“ წინ იყენებს სიტყვა „არსებითს.“ სახელმწიფო უწყების და პოლიტიკური გავლენის წინ სიტყვა „არსებითი“ არ არის გამოყენებული. კონსტიტუციის შემქმნელთა მიზანს წარმოადგენდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური ძალების გავლენა ყოფილიყო  0, ხოლო ბიზნეს სუბიექტების გავლენა 0-ზე უფრო მეტი, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

კონსტიტუციის შემქმნელებმა დაუშვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენის მოპოვების შესაძლებლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენა გამოიხატება პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეზღუდულ ფარგლებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობით. კომერციული რეკლამის განთავსების გარდა, არ არსებობს სხვა შესაძლებლობა, რითაც ბიზნესს რაიმე, თუნდაც არაარსებითი გავლენის მოპოვება შეუძლია,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო დროს საზოგადოებრივ მაუწყებელი რეკლამის განთავსებით რეკლამის დამკვეთის წინაშე კარგავს დამოუკიდებლობას.

„ამით ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ბიზნესის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან,“ – აღნიშნულია სარჩელში.

საია ყურადღებას ამახვილებს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ინდივიდები მრავალმხრივი, ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით.

„პოზიტიური ვალდებულების განხორციელების ერთ-ერთ და არა ერთადერთ გზას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა. როდესაც სახელმწიფო, თავისი დისკრეციის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის გზას ირჩევს, ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს დაბალანსებული, ობიექტური ახალი ამბების და ინფორმაციის გავრცელება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენისგანაც. ამ გავლენის არსებობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა. ასეთია ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: