მთავარი,სიახლეები

ლარის კურსის გაუფასურების ქრონიკა

01.08.2019 • 10627
ლარის კურსის გაუფასურების ქრონიკა

დღეს, 1-ელ აგვისტოს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ივლისს ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირებით და “ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერით” ახსნა. 

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2013-2019

2012 წლის ოქტომბერში, ანუ მაშინ, როდესაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1,65 იყო.

ლარმა გაუფასურება 2013 წელს დაიწყო. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური გაცვლითი კურსის ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის 17 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1,67 იყო.

2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე ლარმა გაუფასურება გააგრძელა და  2013 წლის 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,73 ლარად შეიძლებოდა. 

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დატოვა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ამ დღეს 2,40 ლარი იყო.

ღარიბაშვილი თითქმის ორი წელი იყო პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა. 2014  წლის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,86 ლარი იყო. 2015 წლის ბოლოს კი 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,39 ლარად იყო შესაძლებელი

2015 წლის 31 დეკემბერს, როცა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩაიბარა 1 აშშ დოლარი 2,3949 ლარი ღირდა. 2018 წლის 13 ივნისს, როცა მან თანამდებობა დატოვა – 2,4569 ლარი. ორ წელიწადნახევრის მანძილზე, კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ლარი დოლართან მიმართებაში პერიოდულად უფასურდებოდა და მყარდებოდა.

მაგალითად, 2016  წლის 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,64 ლარი იყო.

2017 წელს ლარმა გაუფასურება განაგრძო, წლის მანძილზე რამდენჯერმე ანტირეკორდიც დაამყარა და ნოემბრის თვეში 1 აშშ დოლარი 2,72 ლარი ღირდა. 2017 წლის ბოლოსკენ ლარმა გამყარება დაიწყო და 31 დეკემბერს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 1 აშშ დოლარი = 2,59 ლარი.

2018 წლის 20 ივნისს, როცა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა, 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,45 ლარად იყო შესაძლებელი. წლის მანძილზე ლარმა გაუფასურება განაგრძო და  ნოემბრის თვეში 1 აშშ დოლარი 2,76 ლარი ღირდა. წლის ბოლოსკენ გამყარება დაიწყო და 2,67 ლარი შეადგინა.

2019  წელს ლარმა გაუფასურება მარტის თვიდან დაიწყო. აპრილის ბოლოს 1 აშშ დოლარი 2,70 ლარი ღირდა, მაისის ბოლოს – 2,80 ლარი,  20 ივნისს კი 1 აშშ დოლარს  2,78 ლარად იყიდდით. დღევანდელი, 1-ელი აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2,97 ლარი ღირს.

რას ამბობდნენ თანამდებობის პირები ლარის კურსის გაუფასურებაზე

02.05.2015  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: “ჩემი აზრით, ლარის ნერვიულობა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. ეროვნული ვალუტა აბარია ბატონ ქადაგიძეს. ამიტომ ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი”.

იუსტიციის მინისტრი ლარის კურსზე

22.02.2015  ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: “საუბარია იმაზე, რომ ექსპორტი დაახლოებით 30%–ით შემცირდა იანვარში, მთლიანდ დეკემბრიდან მოყოლებული 20%–ზე მეტი კლება გვაქვს ექსპორტში, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არ მიყვა ინერციით ექსპორტის მაჩვენებლის კლებას. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იმპორტით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან, ექსპორტით ვალუტა შემოედინება”.

28.01.2015 – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია“.

ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსზე

2015 წელს, როდესაც ლარმა გაუფასურების მხრივ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, ლარის გაუფასურებას სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბრალებდნენ.

2016 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა კობა გვენეტაძე. ამის შემდეგ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის საქართველოს მთავრობას აღარ დაუბრალებია.

25.06.2016 – საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი: “ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს”.

01.12.2016 საქართველოს ეროვნული ბანკი: “ნოემბერში ლარის გაუფასურება დოლარის გამყარებამ გამოიწვია”

08.11.2018 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: “ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება 100 პროცენტით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოდან, რაც დღეს არის შექმნილი… იმ აგრესიული რიტორიკითა და უპასუხისმგებლო, ტყუილი განცხადებებით, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმის. დღეს ლარის გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ეს არის აჟიოტაჟით გამოწვეული…”

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

08.11.2018 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხირდან, შესაძლოა, ხელი შეუწყო დევალვაციის პროცესს”.

23.05.2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “იმ მოვლენებმა, რაც თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარეობს, გავლენა იქონია ლარის კურსზე”

29.05.2019 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: “დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია. ამავე დროს, ლირის გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება”.

30.07.2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “ტურიზმიდან მეტ შემოსავლებს ველოდებოდით. მაისისა და ივნისის ციფრები [ტურისტული ნაკდების] ძალიან პოზიტიური იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში მოლოდინი იყო, რომ ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო რაც მოხდება, ეს ასე არ არის. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი ფაქტორი არ არის. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია”.

31.07.2019   ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი: “როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესების, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და შემდგომში ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, მილიონნახევარი ტურისტის, პრაქტიკულად, დაკარგვით – ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ ვიღებთ დღევანდელ სურათს“.

30.07.2019 ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე: „ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: