კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

01.08.2019 •
რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები.

შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე კითხვები სხდომათა დარბაზშიც დასვეს.

„ბათომის“ ერთ-ერთი წევრის შოთა გუჯაბიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში მსგავს შეხვედრებზე ხშირად აქვს ადგილი პროვოკაციას, „ბათომის “ წევრების მიმართ დარბაზიდან, „ბათომი“ საკრებულოს წევრებს ცალკე შეხვდა:

„იმის გამო, რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოიყვანდნენ ვიღაცებს. ხელისუფლებას ამის დიდი პრაქტიკა აქვს, შეგნებულად, დესტრუქციული ტიპების მოყვანის და რაღაც მდგომარეობაში ჩაყენების. ჩვენ ორი დღით ადრე შევხვდით საკრებულოს წევრებს და გავაცანით ჩვენი პოზიცია. ამ შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და საკრებულოს სხვა წევრებიც.  ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე ვიმყოფებოდით, „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი, მე და არქიტექტორი გიორგი რამიშვილი, ძირითადად გიორგი რამიშვილმა ისაუბრა, როგორც ამ საქმის პროფესიონალმა. ჩვენ მათ, საკრებულოს წევრებს ჩვენი არგუმენტების ბეჭდური ვარიანტიც გადავეცით, კამათი არ გვქონია, მაგრამ განწყობა იყო დაახლოებით ასეთი – თქვენი პოზიცია არ გვადარდებს“ – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილა პროექტი და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რაც კომპანიამ ამ ტერიტორიაზე ჩაატარა.

შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

შეხვედრაზე კონკრეტულად პროექტის დეტალებთან დაკავშირებული კითხვები დემოკრატული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა და ამავდროულად საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ დასვა, ის დაინტერესდა, როგორ აპირებს კომპანია ხუთი თაუერის ეზოსა და პარკინგის ადგილების გადანაწილებას და ხომ არ მოხდება ამისთვის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება. საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ასევე დასვა შეკითხვა: ხომ არ დაჩრდილავს ეს ხუთი კოშკი პლაჟს? გარდა ამისა, თეონა დიასამიძემ სთხოვა განემარტა კომპანიას, როგორ მოაგვარებდა საკანალიზაციო სისტემის საკითხს „ხომ არ დაბინძურდება ზღვის წყალი“ და მან ასევე ყურადღება გაამახვილა კვლევაზე, რომელიც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას რისკის ქვეშ აყენებს: „რატომ ფიქრობთ, რომ გზშ არ უნდა მოამზადოთ?“  – იკითხა მან.

ამ კითხვებზე მას გიორგი კაპანაძემ უპასუხა. მან ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კომპანიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც, მისივე თქმით, რისკებს გამორიცხავს. მან აღნიშნა ასევე, რომ იმ კვლევის თანახმად, რაც უკვე ჩატარებულია, კომპანიას აქვს სერიოზული გეოლოგიური დასკვნები და ექსპერტების მიერ მომზადებული და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადებას კომპანიას  კანონმდებლობა არ ვალდებულებს: „ კანონით არ მევალება“ – აღნიშნა მან.

გიორგი კაპანაძის თქმით, კომპანიამ მასშტაბური კვლევა დაუკვეთა იტალიურ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც  საინჟინრო, ჰიდროლოგიური და გეოტექნიკური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, სწორედ ეს კომპანია იყო ჩართული ვენეციის ახალი პორტის მშენებლობისა და ძველი პორტის რეაბილიტაციის პროექტებში. კაპანაძის ინფორმაციით, მყვინთავებმა გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი, ასევე, შეისწავლეს ტერიტორიის გეოლოგია გეოტექნიკური ანალიზი და წარმოადგინეს დასკვნა. კონსულტანტმა შეისწავლა ნიადაგი, რომელზეც უნდა განთავსდეს დაგეგმილი პროექტი და მისი მახასიათებლების მიხედვით დაადგინა, რომ ნიადაგის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა  შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

გიორგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა, 2018 წელს ჩატარდა სეისმური რისკების ანალიზიც, რათა განსაზღვრულიყო გაწყლოვანების რა რისკი არსებობს საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში. მისი თქმით, დასკვნის მისაღებად გამოიყენეს სამი სხვადასხვა აპრობირებული მეთოდი და დაადგინეს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, მიწისძვრის დროს ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოდ ითვლება და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.

გიორგი კაპანაძემ აღნიშნა ისიც, რომ  ამ ადგილზე, როგორც ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაზე ვერ იმჯელებდნენ , რადგან ზონა ბათუმის საკრებულოს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, გარდა ამისა მან საზოგადოებას აჩვენა კომპანია „გეოგრაფიკის“ პასუხი, სადაც კომპანიის დირექტორი წერს, რომ „რივიერას“ პროექტი რომ არ ფარავს მის მიმდებარედ არსებული კულტურული მემკვიდრეობის  ობიექტების [ შუქურა,  ბათუმის დრამატული თეატრი, ბულვარი და  საზღვაო სადგურის შენობა] ფიზიკური დაცვის ზონებს და ითვალისწინებს ამავე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი, ობიექტების ვიზუალური დაცვის ზონებსაც.

თუმცა რიგ საკითხებზე, რაც შეეხება მაგალითად საკანალიზაციო სისტემას, მან თქვა, რომ კვლევები გრძელდება და კომპანია შედეგებს მისი მიღებისთანავე გააცნობს საზოგადოებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც რივიერას დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღდეგებიან და ისეთებიც, რომლებიც პროექტს მხარს უჭერენ. შეხვედრაზე რამდენიმეჯერ დასვეს კითხვა, თუ  რატომ არ იმყოფებოდნენ დარბაზში „ბათომის“ წევრები .

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: