მთავარი,სიახლეები

ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს

31.07.2019 • 3672
ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს

„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს მთავრობამ სტატუსი შეუცვალა და იგი „ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა“ გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიწაზე ლელა ვერაფერს ააშენებს. აჭარის მთავრობა მოქალაქეს 2 ათასი კვადრატული მეტრი მიწის დათმობას 20 ათას ლარად სთავაზობს. იგივე მიწის ნაკვეთი კი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ 2019 წელს 316 ათას ლარად შეაფასა.

„სოფელ დიოკნისში ვცხოვრობდით და ეს მიწა ჩემი სახლიდან მოშორებითაა, საძოვრად და სათიბად ვიყენებდით… რამდენიმე წლის წინ, როცა კურორტი გაშენდა, იქ კოტეჯების გაკეთება გადავწყვიტეთ, მაგრამ ხულოს მერიაში მითხრეს, ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ ნებართვას ვერ მოგცემთო. სამინისტროში მიპასუხეს, რომ განსაზღვრულია 10 ლარი კვადრატულზე და მეტს ვერ გადამიხდიან, უნდა დათმო მიწაო. მიწა სხვას რომ მიყიდო, მაინც ვერაფერი ვერ აშენდება, ვერასდროს ვერ მიიღებთ ნებართვასო“ – გვიყვება ლელა გობაძე. იგი ამჟამად იტალიაში მუშაობს. ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძისგან მუქარა მოისმინა.

„მინისტრმა მითხრა, თუ არ დათმობთ ამ ტერიტორიას, შეგედავებით და კომპენსაციას საერთოდ ვეღარ მიიღებო. სხვებიც ესწრებოდნენ ამ საუბარს,  მინისტრის მოადგილე – თინათინ ზოიძეც იქ იყო, მასაც ვესაუბრე მანამდე… შემდეგ მოვძებნე იურისტი, საბუთები დავუტოვე, დიოკნისის სახლი გამოვკეტე და წავედი, რადგან მეუღლე გარდამეცვალა, შვილები ჩემთან არ ცხოვრობენ,“ – მოგვიყვა ლელა გობაძე.

ლელა გობაძის ინტერესებს იურისტი რუსლან ბერიძე იცავს. მან სამხარაულის დასკვნით უკვე მიმართა აჭარის მთავრობას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. აჭარის მთავრობაში საჩივარი გუშინ, 30 ივლისს განიხილეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის გადახდას, ან ტოლფასი მიწის ნაკვეთის გამოყოფას… ის, რომ მიწას სტატუსი შეუცვალეს, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე უნდა დაზარალდეს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოსაც, თუკი აჭარის მთავრობა ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს,“ – ამბობს იურისტი რუსლან ბერიძე.

მიწის საბაზრო ფასი ამ დავის მთავარი თემაა. საბაზრო ფასზე გააკეთა აქცენტი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ, როცა მან წერილობითი განმარტება აჭარის მთავრობას მიაწოდა.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე მდებარე  მიწის ნაკვეთის 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული ღირებულება განსაზღვრული იქნა კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში მოხვედრილი ყველა მიწის ნაკვეთის შეფასებით,“ – ვკითხულობთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილში. ამავე წერილის მიხედვით, სამინისტრო 3 წლის წინ, ანუ 2016 წლის 11 ნოემბერს დადებულ ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა.

„ეს არის უსამართლო დამოკიდებულება… ეკონომიკის სამინისტროს არ აწყობს ექსპროპრიაცია, რადგან ამ შემთხვევაში სამინისტრო ვალდებული იქნება, კონკრეტული მიწის ნაკვეთი შეაფასოს ექსპერტიზამ და საბაზრო ფასი დაადგინოს დღევანდელი მდგომარეობით. როგორ შეიძლება სამი წლის წინანდელ საბაზრო ღირებულებას სთავაზობდე მოქალაქეს, თან ისე, რომ კონკრეტული მიწა არ იყოს დადგენილი. ეს იგივეა, ბათუმში დადგენილი ზოგადი ფასი რუსთაველის ქუჩაზე უძრავი ქონების მესაკუთრეს რომ გადაუხადო ,“ – გვითხრა იურისტმა რუსლან ბერიძემ.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუკი ლელა გობაძე ამ დავას მოიგებს, ასეულობით ადამიანმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ასევე „გოდერძიზე“ ფლობდნენ საკუთრებას ან მართლზომიერი მფლობელობა ჰქონდათ და კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრ მიწაში 10 ლარი მიიღეს.

„ამ ადამიანებს შეეძლებათ იდავონ მოტყუებით დადებული გარიგების მუხლით,“ – დასძენს იურისტი.

აჭარის მთავრობისადმი წერილში ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ლელა გობაძის მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელია. 2019 წლის ექსპერტიზის დასკვნასაც სამინისტრო ამ არგუმენტით არიდებს თავს, რომ მიწას მოქალაქე ვერ გაყიდის ძვირად, რადგან იქ ვერაფერს ააშენებს, ვიდრე მიწას რეკრეაციულის სტატუსი აქვს.

„შეფასების დროს არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში. კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ნაწილი მოქცეულია რეკრეაციულ და სატრანსპორტო ზონაში [სათხილამურო ტრასის მიმდებარედ]. აღნიშნული ტერიტორია, დამტკიცებული გრგ-ს შესაბამისად, სამშენებლოდ არ გამოიყენება,“ – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილში.

იურისტი რუსლან ბერიძე კიდევ ერთ საინტერესო აქცენტს აკეთებს: „რა გამორიცხავს იმას, რომ მიწის ნაკვეთს ისევ არ შეუცვლიან სტატუსს, როცა მას სახელმწიფო მოქალაქისგან გამოისყიდის და კორპუსებსაც ააშენებენ?“

ამას ვერც ეკონომიკის სამინისტროში გამორიცხავენ.

„მაგრამ ამას სჭირდება ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილება და ცვლილება გრგ-ში. კურორტი ფაქტობრივად დაგეგმარებულია,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, გელა ცინცაძემ. მას ბათუმის მაგალითი შევახსენეთ, რომელიც ასევე დაგეგმარებულია, მაგრამ ხშირად იცვლება, მაგალითად, ახალი საცხოვრებელი კორპუსების სიმაღლე ან ადგილი, სადაც მაღლივი შემნობები შეიძლება აშენდეს.

„ხო, მაგრამ ბათუმში გრგ არ გვაქვს,“ – მოგვიგო გელა ცინცაძემ.

რამდენად სამართლიანია, როცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოქალაქის საკუთრება არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, მას სარეკრეაციოს სტატუსს აძლევს და ამის ხარჯზე მესაკუთრე ზარალდება?

„გამოსყიდვა და კომპენსაციის გადახდა არის მთავრობის კეთილი ნება… ეს არის მთავრობის უფლებამოსილება და არა ვალდებულება. შესაძლოა, სახელმწიფოს არც დასჭირდეს ამ მიწის გამოსყიდვა,“ – გვითხრა გელა ცინცაძემ. იგი განმარტავს, რომ მოქალაქე ამ მიწის ნაკვეთზე ისედაც ვერ ააშენებდა სახლს, ან სასტუმროს, რადგან მიწას სასოფლო-სამეურნეო სტატუსი ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტროს იურიტი ადასტურებს, რომ შესაძლოა, მიწის ნაკვეთისთვის მესაკუთრის მოთხოვნის შესაბამისად სტატუსი შეეცვალათ და მოქალაქეს კურორტზე ბიზნესი წამოეწყო.

„მაგრამ ეს მიწის ნაკვეთი პერიფერიაა, იქ ინფრასტრუქტურა არაა, არც წყალია,“ – დასძინა გელა ცინცაძემ.

რამდენად სამართლიანია მესაკუთრეს კომპენსაცია გადაუხადო 2016 წელს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და არა დღევანდელით?

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წლის შემდეგ არსებით ცვლილებები იქ არ მომხდაა, ეს ჩვენი მოსაზრებაა.. რაც შეეხება ახალ დასკვნას, ექსპერტიზამ დადო ეს დასკვნა, მაგრამ იქ არაა გათვალისწინებული გრგ, ანუ ის, რომ იქ მესაკუთრე, ან ინვესტორი მშენებლობას ვერ აწარმოებს. მოქალაქე დაობს მთავრობაში ჩვენს წინააღმდეგ და ვნახოთ, რა გადაწყდება,“ – აღნიშნა გელა ცინცაძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ კურორტ გოდერძზე მესაკუთრეებს და მიწის მართლზომიერ მფლობელების 90 პროცენტს უკვე გადაუხადეს კომპენსაცია ექსპერეტიზის 2016 წლის ზოგადი დასკვნის შესაბამისად, ანუ კვადრატულ მეტრში 10 ლარი.

სამინისტროს პრესცენტრი კატეგორიულად გამორიცხავს მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მუქარას მოქალაქე ლელა გობაძის მიმართ.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: