მთავარი,სიახლეები

ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს

01.08.2019 • 5582
ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს

„რამდენიმე კვირაში ხელვაჩაურში, მეჯინისწყალის დასახლებაში დავიწყებთ ახალ საინვესტიციო პროექტს „ქართული წყლის კომპანიასთან“ ერთად, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა 31 ივლისს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

„ქართული წყლის კომპანია“, რომელიც საინვესტივიო პროექტს გეგმავს ხელვაჩაურში, ერთი თვის წინ, 28 ივნისსაა დაფუძნებული. მისი დირექტორი აკაკი ადამიაა, ხოლო კომპანიის წილები ასე ნაწილდება:

  • 45 % – თემურ ანჩაბაძე [რუსეთის მოქალაქე]
  • 45%  – ცეზარ ჩოჩელი
  • 10 % – გიორგი პერტაია

თემურ ანჩაბაძე ასევე არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, შპს „ქისთოუნ ინვესთმენსის“ 40-პროცენტიანი წილის მფლობელი.

თემურ ანჩაბაძე. ფოტო: dp.ru

სანკტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ანჩაბაძე, რუსული წყაროების ცნობით, რუსეთში ცხრა კომპანიის დამფუძნებელია და მათგან 4 კომპანიას ხელმძღვანელობს. მათ შორისაა ЛСЕГ – „ჩრდილოეთ-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკა“ და „ნანოტექგრუპი“.

ქართული წყლის კომპანიის 10-პროცენტიანი მეწილე გიორგი პერტაია შპს „ქისთოუნ ინვესთმენსის“ დირექტორია და ამავე დროს არის „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გიორგი პერტაია 2012-2016 წლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, 2011-2012 წლებში – საქართველოს ბიზნესომბუცმენი, უფრო ადრე კი, 2010-2011 წლებში კი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

გიორგი პერტაია

ქართული წყლის კომპანიის კიდევ ერთი მეწილის, ცეზარ ჩოჩელის სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში. ჩოჩელი ყოფილი პარლამენტარი და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორია. იგი მეუღლესთან ერთად ფლობს შპს „მიქსორის“ 90 პროცენტს, რომელიც სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 63,5 მფლობელია [ამავე სააქციო საზოგადოებაში აქციების 24.11 პროცენტს ფლობს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; 12,39 პროცენტის კი – პსპ ფარმა]. „ქართული ლუდის კომპანიას“ ეკუთვნის სავაჭრო მარკები: „ზედაზენი“, „ჩერო“, „ბაიხო“, „არსი კოლა“ და ა.შ.

ცეზარ ჩოჩელი, ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაანონსებული ინვესტიციის განხორციელებისთვის ადგილი უკვე შერჩეულია. 26 ივლისს ხელვაჩაურის საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა 55 521 კვ/მ მეტრი მიწის ნაკვეთი მეჯინისწყალზე შემდგომში პრივატიზებისთვის. საკითხს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, რომელიც ეჭვობს, რომ შესაძლოა საქმე გარიგებასთან გვქონდეს.

„ჩვენ ნებისმიერ ინვესტიციას მივესალმებით, მით უმეტეს თუ ადამიანები დასაქმდებიან და ბიუჯეტში თანხა შევა, თუმცა ხელვაჩაურში არაერთი ფაქტი გვქონია, როცა მიწის ნაკვეთები გადაეცათ კომპანიებს სხვადასხვა პირობით, თუმცა კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულება. ჩვენ დავსვით კითხვები, იცნობდნენ თუ არა ამ კომპანიას, რაიმე საქმიანობა თუ უწარმოებია, ვერ მივიღეთ პასუხები, ინტერნეტით ვცადეთ გარკვევა და გავიგეთ, რომ ეს კომპანია არის 22 დღის დარეგისტრირებული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან-კონსერვატორების”თავმჯდომარე ხელვაჩაურის საკრებულოში.

იგი ეჭვობს, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის მისაღებად შეიქმნა: „მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გავიდეს მაგისტრალი, ახლა 20 ლარად იყიდის მთავრობიდან, ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მუხლია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხელშკერულების დარღვევის უფლება აქვს კომპანიას… მაგისტრალის გავლის შემთხვევაში შეუძლია დაარღვიოს ეს ხელშეკრულება და მიიღოს სახელმწიფოსგან 60-80 ლარი მიწის ერთ კვ/მ-ზე, ანუ სამმაგი მიიღოს ბიუჯეტიდან. გვაქვს ამის ეჭვები და ვთქვით ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე. აგვისტოში უნდა გამოვიდეს ახალი პროექტი, ამიტომ ვიღაცამ მოიფიქრა ეს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, კითხვებს აჩენს ფართობის ზომაც.

„რა ქარხანაც არ უნდა დაიდგას, მსხვილ საწარმოს რასაც ეძახიან, დასჭირდება 5 ათას კვადრატულ მეტრამდე. 55 ათასი კვადრატული მეტრი გადასცეს, ამხელა ფართობზე 25 ქარხანა აშენდება. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ვიღაცამ ამ მიწით შემდგომ იშოვოს ფული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფორმით და რა პირობით გადასცემს მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა ქართული წყლის კომპანიას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ  ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

__________________________

მთავარი ფოტო: თემურ ანჩაბაძე. ფოტო: dp.ru

გადაბეჭდვის წესი


ასევე: