კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

პეტრას ციხესთან ხუთსართულიანი სასტუმროს აშენება სურთ

31.07.2019
პეტრას ციხესთან ხუთსართულიანი სასტუმროს აშენება სურთ

დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, 12 სამშენებლო პროექტის საკითხი განიხილა, მათ შორის ქობულეთის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს საპროექტო წინადადება.

განმცხადებელმა შპს ,,პეტრა მწვანე ზონამ“ ამჯერად 5-სართულიანი საპროექტო გეგმა წარმოადგინა.

ესკიზი / სასტუმრო პეტრას ციხის ზონაში

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ცხრასართულიანი შემინული სასტუმროს აგება იგეგმებოდა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზონალურმა საბჭომ პროექტს მხარი არ დაუჭირა. მაშინ საბჭოს თავმჯდომარე, ზაურ ახვლედიანი აცხადებდა, რომ ასეთი მასშტაბის შენობა პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ადრეფეოდალური ძეგლია, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ზაურ ახვლედიანს იგივე აზრი აქვს მას შემდეგაც, რაც ,,პეტრა მწვანე ზონამ“ დღეს საპროექტო გეგმაში სართულების რაოდენობა 5-მდე შეამცირა.

„,სარეკრეაციო ზონაში ამ ტიპის სასტუმროს აგება ჩემთვის მაინც მიუღებელია“, – თქვა მან.

„ყველა ნორმაში ჯდება ეს პროექტი, 15 სართულიდან 5-მდე ჩამოვიდა კაცი და რა ქნას, კიდე მოვუკლოთ სართულები და კოტეჯი გააკეთოს? დავიბაროთ და „გავტისკოთ“ მაშინ“, – თქვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრმა ზვიად ბურჭულაძემ.

საბჭოს ყველა წევრს პროექტზე მოსაზრება ღიად არ დაუფიქსირებია.

შპს „პეტრა მწვანე ზონას“ დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე მიხეილ გეთიაა.

შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული, რომ პეტრას ციხესთან „კუბებად მიმოფანტული სასტუმროს აშენება სურთ“. კუბებად მიმოფანტული სასტუმროს მშენებლობა ბათუმში, ბაღის ქუჩის პირველ შესახვევში იგეგმება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: