მთავარი,სიახლეები

ცოლსა და შვილებზე ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა

01.08.2019
ცოლსა და შვილებზე ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა

ცოლსა და ორ სრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებული ოსმან მადოიშვილი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაამართლა. გადამწყვეტი ფაქტორი დაზარალებულები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს.

პროკურატურა ოსმან მადოიშვილს ოჯახში ძალადობას ედავებოდა სამ ეპიზოდში, ანუ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, ასევე მუქარას ოჯახის წევრების მიმართ.  ოჯახი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. პროკურატურამ ცოლთან ერთად ბრალდებულის შვილებიც მიიჩნია დაზარალებულებად – ბრალდებულის გოგოები, რომლებიც დაოჯახებული არიან.

საქმის მასალების მიხედვით, თავდაპირველად პოლიციას ბრალდებულის ცოლმა მიმართა. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოსმანი ცოლს და შვილებს საცემრად მისდევდა. დაზარალებულები აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ბრალდებული მათ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

„ჩვენ ყველა მტკიცებულება მივიჩნიეთ უდავოდ, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჩანდა, რომ დაზარალებულებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. სადავოდ მივიჩნიეთ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც საბოლოოდ სასამართლოს ჩვენება არ მისცეს,“ – ამბობს ადვოკატი, მერი ცინარიძე.

ადვოკატი ადასტურებს, რომ სასამართლოში სავარაუდოდ სხვა შედეგი დადგებოდა, თუკი ბრალდებულის ცოლი და შვილები სასამართლოს ჩვენებას მისცემდნენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოსმან მადოიშვილს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

ოსმან მადოიშვილი 4 თვე იყო წინასწარ პატიმრობაში. ადვოკატის თქმით, ის უკვე შეურიგდა ცოლ-შვილს და სასამართლო დარბაზიდან საკუთარ სახლში წავიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: