მთავარი,სიახლეები

ოპოზიცია „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულებისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვს

01.11.2019
ოპოზიცია „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულებისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვს

ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხი ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოში დღის წესრიგში პირველად მოხვდა, თუმცა უმრავლესობამ  მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. უარის მიზეზი იყო მოტივი, რომ კომისია, რომლის შექმნასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, ისედაც შექმნილია და მუშაობს.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კომისიის შექმნას შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ითხოვდა.

სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ბათუმში, თამარ მეფის #1-ში მრავალბინიან სახლს აშენებდა,  კომპანიას ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა მომავალ მესაკუთრეებთან, რომლებმაც ამ ბინების ღირებულება კომპანიას წინასწარ გადაუხადეს. კომპანიამ ბინის მშენებლობა ვერ დაასრულა, შესაბამისად აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა.

ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ, როგორც სოციალური თანასწორობის გარანტმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს დაზარალებული ოჯახების პრობლემების შესასწავლად. ფრაქციაში მოიაზრებენ, რომ ამ ჯგუფმა პროექტის დასრულების მიზნით ინვესტორის მოძიება უნდა შეძლოს.

„თუნდაც დავაინტერესოთ იმით, რომ გადავცეთ სხვა ნაკვეთი სიმბოლურ ფასად“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ სხდომაზე.

„სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, 2017 წლის ბოლოს კი მშენებლობა შეჩერდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, კომპანიის ორი მესაკუთრე დააკავეს, ხოლო მერიამ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გამოსცა განკარგულება. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: