მთავარი,სიახლეები

„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

01.11.2019 • 3147
„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

„ყოველთვის, როცა ამ „ფუკოს ქანქარას“ ჩავუვლი, მახსენდება, რომ დედამიწა მრგვალია და ისევ ბრუნავს. ეს არის გზავნილი, რომ დედამიწა მოძრაობაა, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა გავჩერდეთ,“ – ასე მიხსნის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სურმანიძე „ფუკოს ქანქარის“ უნივერიტეტის ფოიეში მოწყობის იდეას. ანა ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში ცნობილი „ფუკოს ქანქარის“ ანალოგი მოაწყო.

უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტებიც ვერ უვლიან გვერდს გულგრილად „ფუკოს ქანქარას“. ზოგი ამბობს, რომ მოწყობილობას უბრალოდ დროის გაგების გამო უყურებს, ზოგს ქანქარა უმბერტო ეკოს ცნობილ რომანს ახსენებს, ზოგს დედამიწა ახსენდება და ზოგისთვის ეს მოწყობილობა მხოლოდ სილამაზეა.

„მე სივრცეს მახსენებს. მგონია, რომ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება სივრცე, სად ვართ,“ – მიყვება ანა და თან ქანქარას მუშაობის პრინციპს მიხსნის: უწონად უჭიმავ ძაფზე დამაგრებული ბურთულა მოძრაობს. ბურთულის ქვემოთ 360-გრადუსიანი სიბრტყეა, სადაც მიმართულებებია დატანილი.

„როცა ბურთულა ირხევა, თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, როგორ წაინაცვლებს იგი. ერთი საათის განმავლობაში 10 გრადუსით ინაცვლებს. ასე და ამგვარად დასტურდება, რომ დედამიწა ბრუნავს,“ – აღნიშნავს ანა და განმარტავს, ფუკოს ქანქარა სამყაროს სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა გრადუსით რომ გადაადგილდება. „ეს დამოკიდებულია, რომელ განედზე ვიმყოფებით,“ – დასძენს ანა და ბურთულის რიტმულ მოძრაობაზე აჩერებს მზერას.

რატომ ფიზიკა? – კითხვაზე ანა სურმანიძე მპასუხობს, რომ ეს მეცნიერება ბავშვობიდან უყვარს, როცა ფიზიკოს მამას სამყაროზე, ელვასა თუ წვიმაზე კითხვებს უსვამდა.

„თავიდან უფრო ასტრომონია მიყვარდა… ფიზიკა ჩემთვის არის მეცნიერება, სადაც იღებ კითხვებზე პასუხს, რომელიც დასაბუთებულია კონკრეტული თეორემებით და ფორმულებით. აქ არ არის მნიშვნელოვანი სუბიექტური აზრი. აქ საჭიროა ფაქტები,“ – მიამბობს ანა, რომელსაც იქვე, უნივერსიტეტის ფოეიში გავესაუბრე.

ანა დარწმუნებულია, რომ იმ სტერეოტიპების დამსხვრევას შეძლებს, რაც ქალი მეცნიერების მიმართ არსებობს. მისთვისაც უთქვამთ, რომ „ფიზიკა და მეცნიერება ქალის საქმე არ არის, რადგან რთულია“.

„უთქვამთ, რომ ეს რთულია ქალისთვის. რამდენიმე ახლობლისგან მომისმენია, კარგია ფიზიკა, მასწავლებელი გახდები და სკოლაში იმუშავებო. სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ შენში, როცა ქალი ხარ… მსგავსი ფრაზები არ მადარდებს. პირიქით, სტიმულს მაძლევს, რომ უნდა გავძლიერდე.

ინფორმაციაც არ გვაქვს ხშირად იმ ქალ მეცნიერებებზე, რომლებიც, მაგალითად, ფიზიკის მიმართულებით მუშაობენ,“ – ამბობს ანა.

ანა სურმანიძემ ჯერ არ იცის, რა მიმართულებით იმუშავებს. ამჟამად, როგორც ფრილანსერი, ბანერების და ლოგოების დამზადებაზე მუშაობს, აინტერესებს კიბერუსაფრთხოებაც.

„ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეიძლება გავაგზავნოთ სოციალურ ქსელში. ხშირად უტეხავენ მეგობრებსაც ფეისბუკგვერდებს… მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება,“ – მიყვება ანა.

ფიზიკის სტუდენტის ინტერესი ამჯერად პლანეტა მარსზე მიმდინარე მოვლენებია. იგი  ყველა სიახლეს ეცნობა, რასაც NASA და სამეცნიერო ორგანიზაციები აქვეყნებენ მარსზე მიმდინარე აღმოჩენებთან დაკავშირებით.

„მახსოვს, ბავშვობაში მქონდა სურვილი, ადამიანი უკვდავი ყოფილიყო,“ – იხსენებს ანა სურმანიძე, – „ფიზიკის მასწავლებელმა მაშინ მითხრა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ამდენი ადამიანი დედამიწაზე ვერ დაეტევა… მაშინაც მქონდა კითხვა: რატომ იყო შეუძლებელი, გვეცხოვრა სხვა პლანეტაზეც? ახლა უკვე რეალურად არის საუბარი ბაქტერიებით მარსზე ახალი სიცოცხლის შექმნაზე. მე მჯერა, რომ მარსზეც იქნება სიცოცხლე. ჩემი უდიდესი ოცნებაც ესაა: მარსზე მინდა გაფრენა,“ – ასრულებს ანა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: