ბათუმი,მთავარი,რეკლამა,სიახლეები

მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი

31.10.2019 • 6846
მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი

მოგზაურობის დაწყებისკენ ადამიანს ბევრი რამ უბიძგებს, ეს შეიძლება იყოს დასვენების სურვილი რთული და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ან ახალი ადგილების აღმოჩენისკენ სწრაფვა და თავგადასავლები, ან სულაც სტრესი, რომლისგანაც თავის დაღწევა გსურთ.

რა ხდება მაშინ, როცა ხვდები, რომ დასვენება გჭირდება? იწყებ ფიქრს, სად წახვიდე. ბათუმთან ახლოს ან ცოტა მოშორებით ბევრი კარგი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურობას გაექცეთ. დღეს მთა ჩირუხზე მოგიყვებით, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი, ძნელი იმიტომ, რომ რთულია იმ სიმშვიდის, სიფერადისა და უსასრულო პეიზაჟის დათმობა, რომელიც იქ დაგხვდებათ.

გზა მთა ჩირუხისკენ მარეთის ხეობაზე გადის. უცნაური და საინტერესო გზაა. ჯერ დაბლობს მიუყვება ოლადაურამდე, ოლადაურის ფერისცვალების ეკლესიასთან გზა მაღლა-მაღლა მიიწევს და მთის ფერდზე მიდის. გზიდან ხედი მთელს ხეობაზე იშლება. წელიწადის ყველა დროს ეს გზა ლამაზი და მისტიკურია. გაზაფხულსა და ზაფხულში სიმწვანეში ჩაფლული, შემოდგომაზე ოქროსფერად გადანათებული, ზამთრობით კი ნინო ჩაკვეტაძის ნახატს ემსგავსება მთელი ხეობა,  გადათეთრებული ხეებით, ძველი ხის სახლებზე დადებული თოვლით და ამ სახლებიდან ამოსული კვამლით. თუ ზამთრის პეიზაჟების გადაღება გიყვართ და თან ფოტოგრაფი ხართ, პირველ რიგში, თქვენ გირჩევთ ამ ხეობაში მოგზაურობას.

მარეთის ხეობაში გამავალი გზის ბოლოს მთა ჩირუხია, ზემო აჭარაში მცხოვრებთა საზაფხულო იალაღი, რომელსაც აქვს შანსი, ერთ დღეს ზამთრის კურორტადაც იქცეს. ჩირუხში მოსახლეობა ადრე გაზაფხულზე ადის და გვიან შემოდგომაზე ბრუნდება სოფელში.

[gray_box]რას ნახავთ ჩირუხში?[/gray_box]

ალპურ ზონაში მუქი ყავისფერი ხის სახლები დგას. ყოველ გაზაფხულზე ამ სახლების კარი იღება, ღობეები ცხოველებით, ფრინველებით, მოფუსფუსე ადამიანებით და სიცოცხლით ივსება.

დილაობით  მამლის ყივილი, საქონლის ბღავილი, ეჟვნების ჟღარუნი და ახალგაღვიძებული ბავშვების ჟრიამულის ხმები ერთმანეთში ირევა. ახალმოწველილი რძის სუნს შეშის ღუმელზე მოდუღებული ყავის სუნი ერწყმის.

საღამოობით ყველა სახლის წინ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, კოცონი ინთება. კოცონის დანთება ერთგვარი რიტუალია. დღის მანძილზე მთის ფერდობებზე ხმელ ფიჩხს და ბალახს აგროვებენ, იმისათვის, რომ საღამოობით ცეცხლის ალმა გაანათოს ალპური მთის კალთები.

კოცონი

შეკრება კოცონთან ბინდის დადგომამდე იწყება. პატარები სახლიდან კარტოფილს ეზიდებიან, ნაკვერცხალზე აწყობენ და  წვავენ. როცა ბინდი ჩამოწვება, სახლის აივნებზე დედები გადმოდგებიან და ბავშვებს იქამდე ეძახიან, სანამ ბუზღუნ-ბუზღუნით არ წავლენ დასაძინებლად. კოცონი უფროსებს რჩებათ. ბევრი ამბავი იწყება ამ კოცონთან და ბევრი საშიში ან გამოგონილი ისტორია იქმნება.

ულამაზესია ალპურ ზონაში მდებარე ტბა. ცენტრალური გზიდან, რომელიც ერთ იაილას მეორესთან აკავშირებს, მარკირებული ნიშანი გიჩვენებთ, რომ გზის გადაღმა ტბაა. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მართლაც მიადგებით მწვანე ფერის ტბას,  რომელიც ალპური ყვავილებითაა გარშემორტყმული.

ჩირუხის ტბა

[gray_box]რა ვჭამოთ?[/gray_box]

საკვები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ წაიღოთ ბარიდან, მაგრამ ნუ შეიწუხებთ თავს. დაწნული ყველი, მაწონი, კაიმაღი – ეს მთაში დამზადებული ნატურალური პროდუქტებია, რომელთაც მემთეურები ბარში წასაღებად და გასაყიდად ამზადებენ. მთაში ასულებს შეგიძლიათ ეს ყველაფერი ადგილზე შეიძინოთ. თუ ნამდვილი გემოები გენატრებათ, სახლში გამომცხვარი ცხელი პურის სუნი ან უცხო, გემრიელი კერძები,  რომელიმე საზაფხულო სახლთან შეჩერდით და სთხოვეთ სადილი მოგიმზადონ. ბორანოს, ქალაჯოს ანდა სულაც სინორის მომზადებას  წუთები ჭირდება.

ყურუთი

[gray_box]როგორ  მივიდეთ?[/gray_box]

ჩირუხის იალაღებამდე მისასვლელი გზა გრუნტისაა, თითქმის ყველა ტიპის ტრანსპორტი მიდის, მსუბუქი ავტომანქანითაც შეიძლება თუ წასვლას გადაწყვეტთ, მაგრამ ბოლომდე მშვიდად რომ იყოთ გირჩევთ, მაღალი გამავლობის მანქანა შეარჩიოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტთ სარგებლობას, ბათუმის ავტოსადგურში სოფელ შუბნისკენ მიმავალი მარშუტკა უნდა მოძებნოთ. თუმცა მანამდე წინასწარ უნდა გქონდეთ გარკვეული, თქვენ მიერ შერჩეულ დღეს შუბნიდან ჩირუხის მიმართულებით მოძრაობს თუ არა ტრანსპორტი. ყოველწლიურად შუახევის მერია სოფლებიდან მთის მიმართულებით უფასო  ტრანსპორტს ნიშნავს. ტრანსპორტი კვირის გარკვეულ დღეებში ემსახურება მგზავრებს. ამიტომ სასურველია, რომ თქვენი მოგზაურობა ამ დღეებს დაამთხვიოთ. თუ ასე არ გამოვა, სოფლიდან ჩირუხამდე  14-კილომეტრიანი გზის გავლა ფეხითაც შეგიძლიათ.

გზა ჩირუხისკენ ასეთ პეიზაჟზე გადის

გზაზე ასეთი ტრანსპორტით მოძრავი მემთეურებიც შეიძლება შეგხვდეთ

[gray_box]სად დავრჩეთ?[/gray_box]

ღამის გასათევად რამდენიმე ტურისტული თავშესაფარია, რომლებიც შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ. თუ კარვით ლაშქრობა გიყვართ, მაშინ ტურისტული თავშესაფარი არ დაგჭირდებათ. კარავი ყველაზე კარგი „სახლია“ ჩირუხში დასარჩენად. სპეციალური ადგილიცაა, სადაც კარავს გაშლით. იქვე ახლოს არის წყალი, კოცონის დასანთებად ფიჩხის მოგროვებაც არ გაგიჭირდებათ. ნაკვერჩხალზე მოხარშული ყავა, ნისლში გახვეული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი და უსასრულო სიმშვიდე, რომელიც გარემოს მოაქვს – ასეთი იქნება თქვენი დილა, თუ ღამის გათევას კარავში გადაწყვეტთ.

[gray_box]კიდევ სად შეგვიძლია წასვლა ჩირუხიდან?[/gray_box]

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი  – ეს ალპურ ზონაში გამავალი ახალი მარშრუტია. საფეხმავლო, ჯიპ  და ველოტურების მოყვარულებს მარკირებული ბილიკებით შეუძლიათ სარგებლობა.

მარშრუტი: მთა ჩირუხი

მანძილი: 105 კმ

დრო: 3/5 საათი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: