მთავარი,სიახლეები

ვეგანების საერთაშორისო დღე, ფაქტები და ერთი ვეგანური რეცეპტი

01.11.2019
ვეგანების საერთაშორისო დღე, ფაქტები და ერთი ვეგანური რეცეპტი

ყოველი წლის პირველ ნოემბერს ვეგანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვეგანიზმი ცხოვრების სტილია, რომელიც უარყოფს ცხოველური პროდუქტის, ხორცის, კვერცხის, რძის, თაფლის საკვებად და სხვა მიზნებისთვის, ასევე, აბრეშუმისა და ტყავის ნაწარმის გამოყენებას.

ტერმინი ვეგანიზმი 1944 წელს პირველად ახსენა ბრიტანელმა დონალდ უოთსონმა, რომელმაც დააფუძნა ბრიტანელი ვეგანების საზოგადოება. მომდევნო წლებში საზოგადოებამ განავითარა ვეგანური მსოფლმხედველობა და შექმნეს დოქტრინა – „ადამიანმა უნდა იცხოვროს ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე“.

თუმცა ვეგანიზმი ფესვებს უფრო ღრმა წარსულიდან იღებს, კერძოდ, ძველი ინდოეთიდან. ინდოელი ფილოსოფოსები მაჰავირა და კუნდაკუნდა, ასევე, იმპერატორები აშოკა და ჩანდრაგუპტა მაურია ხორცს არ ჭამდნენ. ხორცზე უარს ამბობდნენ ბერძენი ფილოსოფოსები, მათ შორის ემპედოკლე, პლუტარქე, პლოტინი, რომაელებიდან – ოვიდიუსი და სენეკა.

veganbits.com-ის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1 % ვეგანია.

დღეისთვის მცენარეებზე დაფუძნებული კვების ინდუსტრია საკმაოდ დაიხვეწა. მცენარეულ ბაზაზე იქმნება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: რძე, ყველი, სოსისები და ა.შ. გამოცემულია ვეგანური რეცეპტების კრებულები და არსებობს საკვები ობიექტები სპეციალურად ვეგანებისთვის.

ორგანიზაცია PETA -მ (ადამიანები ცხოველების ეთიკური მოპყრობისთვის) ტვიტერზე გამოაქვეყნა იმ ბრენდების სია, რომლებმაც უარი თქვეს ბეწვის ნაწარმის გამოყენებაზე მათ შორისა: Michael Kors, Versace,  Lacoste, Giorgio Armani, Calvin Klein, The North Face, Burberry, Gucci, H&M, ZARA,  John Galliano და სხვები.

ამას გარდა, კოსმეტიკაშიც არსებობს ვეგანური – cruelty free [წამების გარეშე] ხაზი. ვეგანური კოსმეტიკის მწარმოებლები იყენებენ მხოლოდ მცენარეულ პროდუქციას და არ ტესტავენ მას ცხოველებზე.

„ბათუმელები“ გთავაზობთ პოპულარული საწებლის, ჰუმუსის რეცეპტს, რომელიც ყველა ვეგანისთვის უსაყვარლესი საკვებია.

ჰუმუსი

ინგრედიენტები:

  • მუხუდო
  • დაქფული წითელი წიწაკა
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • ტაჰინი (სეზამის პასტა) ან მიწისთხილის კარაქი
  • ნიორი
  • პაპრიკა
  • ოხრახუში

მომზადების წესი:

ჰუმუსის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, სჯობს წინა დღით დაიჭიროთ თადარიგი და 2 ჭიქა მუხუდო მთელი ღამით დაალბოთ წყალში. მეორე დღეს მუდუხოს წყალი უნდა გამოუცვალოთ და ისე მოხარშოთ. ასეთ შემთხვევაში ხარშვისთვის დაახლოებით 30 წუთია საკმარისი. მოხარშული მუხუდო უნდა დააბლენდეროთ საკუთარ ნახარშთან ერთად ისე, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ.

დაბლენდერებულ მუხუდოს შეურიეთ 1 კოვზი ტაჰინი ან მიწისთხილის კარაქი, ნახევარი ლიმონის წვენი, დანაყილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, მარილი და კარგად ამოურიეთ.

მისართმევად რომ გაამზადებთ, ცალკე ჭურჭელში გადმოღებულ ჰუმუსს მოაყარეთ წითელი წიწაკა და ოხრახუში.

ჰუმუსს ძალიან უხდება ბოსტნეული და გახუხული პური.

გემრიელად მიირთვით.

 

მზა ჰუმუსი ბოსტნეულითა და პურით

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: