მთავარი,სიახლეები

წელს მოზარდების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 114 პირი ამხილეს

31.10.2019 • 1280
წელს მოზარდების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 114 პირი ამხილეს

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული – ასეთია სტატისტიკა, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

„2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

  • ოჯახის წევრი/მშობელი – 53%
  • დაზარალებული ბავშვი – 8%
  • სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%
  • მანდატურის სამსახური – 6%
  • სკოლა – 4%
  • მეზობელი – 3%
  • ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%
  • სხვა – 18%

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

შსს-ს ცნობით, ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

„მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: